ავტორი:

16 წლის მარიუპოლელი ბიჭის უმძიმესი ისტორია - გზა სამშობლოდან რუსულ ბავშვთა სახლამდე და უკან: დაპირისპირება პრორუსულად განწყობილ დედასთან და ბრძოლა გადარჩენისთვის

16 წლის მარიუპოლელი ბიჭის უმძიმესი ისტორია - გზა სამშობლოდან რუსულ ბავშვთა სახლამდე და უკან: დაპირისპირება პრორუსულად განწყობილ დედასთან და ბრძოლა გადარჩენისთვის

The Guardian აქვეყნებს 16 წლის მარიუპოლელი ბიჭის, დავითის უმძიმეს ისტორიას. სტატია მიგვითხრობს არასრულწლოვნის მიერ ომის პერიოდში განვლილ რთულ გზას ოჯახიდან რუსულ ბავშვთა სახლამდე. როგორ აღმოჩნდა მოზარდი უკრაინიდან ოკუპანტი ქვეყნის ბავშვთა სახლში მაშინ, როდესაც მას დედა ცოცხალი ჰყავდა და რა სირთულეები გაიარა უკან, სამშობლოში დასაბრუნებლად - გაიცანით დავითი, მამაცი უკრაინელი ბიჭი, რომელიც სამშობლოს სიყვარულის გამო ოჯახსაც კი დაუპირისპირდა.

16 წლის დავითი (გვარი The Guardian-ის მასალაში გმირის თხოვნით მითითებული არ არის) მარიუპოლში ალკოჰოლიკ დედასთან გაიზარდა. ბიჭი ადრეული ასაკიდან კარგად მღეროდა, ასე მოხვდა ადგილობრივი ეკლესიის გუნდში, სადაც ხელფასიც კი დაუნიშნეს. რუსების შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე ის დედისგან წამოვიდა, ჯერ მეგობრებთან ათენებდა ღამეს, შემდეგ კი ბებიასთან გააგრძელა ცხოვრება.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ დავითი პროუკრაინულ მიტინგზე წავიდა და მარიუპოლის მთავარ მოედანზე უკრაინის ჰიმნი იმღერა. ამ დროს რუსული ჯარები უკვე კალმიუსის მარცხენა სანაპიროზე იმყოფებოდნენ. პირველ მარტს ქალაქში კომუნიკაციები და ელექტროენერგია გაითიშა, დავითი მიხვდა, რომ "ყველაფერი დასრულდა“ და ქალაქიდან გასვლა აღარ შეეძლო. მარიუპოლი მუდმივი დაბომბვის ქვეშ იყო. ის აღიარებს, რომ მას, ისევე როგორც მეზობლებს, გადარჩენისთვის მაღაზიების გაძარცვა მოუწია.

8 მარტს დავითმა გადაწყვიტა სტუმრებოდა დედას, რომელსაც იმ დროისთვის ახალ მამაკაცთან ერთად დაეწყო ცხოვრება. სახლში რადიოსადგური მხოლოდ ორ არხს იღებდა: პრორუსულსა და უკრაინულს, ხოლო მიმღები პირველზე იყო ჩართული.

ყოველთვის, როდესაც დედის ახალი მეგობარი იღვიძებდა, ოჯახში უსასრულოდ უსმენდნენ ვლადიმერ სოლოვიოვის და სხვა პროპაგანდისტების გადაცემებს. ამ ყველაფერს დედა და მისი ახალი პარტნიორი ეთანხმებოდნენ და დავითს "უკრაინელობაში" სდებდნენ ბრალს. მას მხოლოდ ბებია უგებდა და გადაწყვიტა მასთან დაბრუნებულიყო. ბიჭი ამბობს, რომ გზად, ეზოებსა და ქუჩებში უმარავი ცხედარი შეხვდა, მათი დიდი ნაწილი გახწრნის პირას იყო... ქალაქში საშინელება ტრიალებდა.

მალე ქალაქში რუსი ჯარისკაცები გამოჩნდნენ. ბიჭი ქუჩაში მიმავალი დააკავეს. აიძულეს გაშიშვლებულიყო და ისე დაკითხეს. აპრილის დასაწყისში საოკუპაციო ხელისუფლებამ ალყაში მოქცეული ქალაქის ევაკუაცია გამოაცხადა, დავითმა გადაწყვიტა შანსი გამოეყენებინა. ამ დროს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა უკვე შეუძლებელი იყო. ის შეხვდა ქალს, რომელიც საგუშაგოებზე "გაფილტვრის“ დროს მის მეურვედ წარსდგა, მაგრამ რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ვეღარ დაეხმარა.

ჯერ რუსეთში გამგზავრების გეგმამ, შემდეგ კი ბელორუსის გავლით უკრაინაში დაბრუნების გეგმამ არ გაამართლა. როდესაც მარიუპოლიდან ავტობუსით რუსეთის დასავლეთ ნაწილს მიაღწია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პასპორტი წაართვა და ბავშვთა სახლში წაიყვანეს. უთხრეს, რომ სრულწლოვანობამდე იქ დარჩებოდა. ბავშვთა სახლში უფროსებს არ მოეწონათ უკრაინისადმი მისი მხარდაჭერა, სხვა ბავშვები კი მუდმივად სცემდნენ.

ოქტომბრის დასაწყისში დავითმა შემთხვევით შეიტყო, რომ მას შეეძლო დაეტოვებინა ბავშვთა სახლი დედის წერილობითი თანხმობით. ბიჭს რუსი მოხალისეები დაეხმარნენ და ტელეფონით დედასთან დაარეკინეს. დავითს რამდენიმე კვირა დასჭირდა მარიუპოლში დედამისის დასარწმუნებლად, რომ ნებართვისთვის ნოტარიუსთან წასულიყო. იქამდე იწვალა, სანამ საბოლოოდ კიევში არ აღმოჩნდა. ბიჭს ბებია გარდაცვლილი დახვდა. შვილიშვილის წასვლიდან ქალი ორ კვირაში დაღუპულა.

დავითი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ათასი უკრაინელი ბავშვიდან, რომლებიც მშობლების გარეშე აღმოჩნდნენ რუსეთში. მხოლოდ რუსული ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 400-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია გაშვილებული. უკრაინა ბავშვების იძულებით გადაყვანას ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში გენოციდს უწოდებს.