ავტორი:

უამინდობის გამო, თბილისის მასშტაბით, წუხელ დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

უამინდობის გამო, თბილისის მასშტაბით, წუხელ დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს "თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. სამუშაოებში ჩართული იყო კომპანიის 150 თანამშრომელი და 27 ერთეული ტექნიკა.

"ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია აღმაშენებლის ხეივანში, ქოშიგორას დასახლებაში, მუხათგვერდის სასაფლაოსთან; კახეთის გზატკეცილზე და ლილოს დასახლებაში; ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ზაჰესის ხიდზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გიორგიწმინდაში. ტექნიკური მარილი დაიყარა ნუცუბიძის პლატოებზეც.

მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, წავკისში, კოჯორში, ტაბახმელაში, სამადლოში, ახალბაში, კიკეთში, წყნეთში, ბეთანიაში, თხინვალაში, დიდგორსა და თელოვანში.

სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ "თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.