სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლიმ“ გასვლაზე "სამპდორია“ 0:2 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 62 წუთი დაჰყო, საკმაოდ აქტიური იყო, თამაშს ამწვავებდა, თუმცა ქართველი გარემარბი ჯერჯერობით ძველებურად ვერ ბრწყინავს, თუმცა იმაზე უკეთესი გახლდათ, ვიდრე წინა მატჩში და ცხადია, მალე ფორმაში ჩადგება.
"ინტერთან“ წაგების შემდეგ "ნაპოლისთვის“ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მწვრთნელმა სპალეტიმ ისევ გამოუცხადა ნდობა კვარაცხელიას და სასტარტოში დააყენა. სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს, ანგისა საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ პოლიტანომ პენალტი ვერ გამოიყენა. მასპინძლებმა იერიშებით უპასუხეს და მეკარე მერეტმა გადაარჩინა თავისი გუნდი. წვიმიან ამინდში შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი იყო და ოსიმენმა ნეაპოლელები დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, ხელი ჰკრეს, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ცოტა ხანში ხვიჩა მცველს გაექცა, დაარტყა კიდეც და მიზანს ააცილა. 39-ე წუთზე კი ოსიმენი საჯარიმოსთან რინკონმა მოცელა და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა.
შესვენების შემდეგ "ნაპოლი“ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ მეტოქესთან უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვარაცხელია 63-ე წუთზე შეცვალეს. 82-ე წუთზე ელმასმა პენალტი გაიტანა და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუჩიანო სპალეტიმ განაცხადა, რომ თავისი შეგირდების თამაშით კმაყოფილია, მან "საპდორიაც" შეაქო. მას ქართველ შემტევზეც ჰკითხეს.
"ჩემთვის პენალტისტი კვარაცხელიაა... თუმცა, შეიძლება მოედანზე იყოს ფეხბურთელი, რომელსაც დარტყმა სურს და თუ ისინი შეთანხმდებიან, ეს კარგია. "კვარამ" დღეს ყველა ასპექტით მშვენივრად ითამაშა, მეტოქის საჯარიმოში სივრცეებს ეძებდა. უცნაური არაფერია, რომ შევცვალე, რადგან 5 შეცვლა მაქვს და შემიძლია ის გავაკეთო, რაც მინდა და რაც სწორად მიმაჩნია“,- თქვა სპალეტიმ.
"ნაპოლი" 44 ქულით სერია A-ს ლიდერია. მისმა ერთ-ერთმა უშუალო მდევარმა "მილანმა" კი განვლილ ტურში ქულები დაკარგა. ის საკუთარ მოედანზე "რომასთან“ ფრეს - 2:2 დასჯერდა.
"მილანმა", "იუვენტუსის" მსგავსად 37 ქულა დააგროვა.
ნეპოლელები სწორედ "იუვენტუსს" დაუპირისპირდებიან მომდევნო ტურში.