ავტორი:

"ამას მხოლოდ წვეროსანი ხალხი გაიგებს" - პრინცი ჰარი ჩივის, რომ ძმა ქორწილში წვერის გაპარსვას აიძულებდა

"ამას მხოლოდ წვეროსანი ხალხი გაიგებს" - პრინცი ჰარი ჩივის, რომ ძმა ქორწილში წვერის გაპარსვას აიძულებდა

როგორც პრინცმა ჰარიმ ITV-თან ინტერვიუში განაცხადა, ის დღემდე გულში ინახავს ერთ მწარე მოგონებას, როცა უილიამმა, ქორწილის დღისთვის, წვერის გაპარსვა მოსთხოვა. მისი თქმით, სიბრაზის მიზეზს მხოლოდ "წვეროსანი ხალხი გაიგებს".

უმცროს ძმას ჰგონია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ეჭვიანობა და ჯიბრი იყო - თურმე 2008 წელს, როცა პრინცი უილიამი სამხედრო დავალების შესასრულებლად მიდიოდა, ელისაბედ II-მ მას წვერის გაპარსვა მოსთხოვა, თუმცა მის უმცროს ძმას ნება დართო, თავის ქორწილში სამხედრო ფორმით და წვერით წარმდგარიყო სტუმრების წინაშე.

ჰარი ამბობს, რომ წვერი მისთვის "შფოთვისგან დამცავ ერთგვარ ფარს“ წარმოადგენს.

"მგონი, უილიამისთვის რთული მისაღები აღმოჩნდა ის, რომ მას წვერის გაპარსვა მოსთხოვეს, მე კი, ჩემი ქორწილის დღეს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და გაუპარსავი მივედი. ვთქვი, რომ მეგანს საკურთხეველთან წვერის გარეშე რომ დავხვედროდი, ალბათ ვერც კი მიცნობდა.“

პრინცი განაგრძობს:

"წვერის გარეშე ძალიან, ძალიან უცხოდ ვიგრძნობდი თავს და ეს მათთვის, ვისაც ის არასდროს გაუზრდია, ალბათ, რთული გასაგები იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, წვეროსანი ხალხი მიხვდება და იტყვის: "აჰ, არა, სრულიად გასაგებია, მესმის“.

მემუარში, რომელიც ჰარიმ და მეგანმა გამოსცეს, პრინცი იმის გარკვევასაც ცდილობს, მისთვის წვერი, ფროიდისეული გაგებით, დამცავ საფარველს წარმოადგენს თუ იუნგისეული ნიღაბია. ჰარი ამტკიცებს, რომ მის გარდაცვლილ ბებიას ესმოდა მისი და ამიტომ მისცა უფლება, შეენარჩუნებინა წვერი, რამაც უილიამის ეჭვიანობა და ჯიბრი გააღვივა. როგორც პრინცი ყვება, მან უფროს ძმას "გუგლში" სამეფო ოჯახის იმ წინაპრების ისტორიული მაგალითები უჩვენა, რომლებიც წვერით ატარებდნენ სამხედრო ფორმებს (ედვარდ VII და ჯორჯ V), მაგრამ უილიამი მაინც წინააღმდეგი იყო. როცა ჰარიმ მიზეზი ჰკითხა, ძმამ თურმე მიუგო, - იმიტომ, რომ მე არ მომცეს ამის უფლებაო, - წერს მემუარებში პრინცი ჰარი.

წყარო: telegraph

მოამზადა: ანა სიბოშვილმა