ავტორი:

"როგორც ჩანს, ოთარ ალფაიძეს სანადირო თოფი გაუვარდა და მეუღლე შემოაკვდა, რის შემდეგაც თავი მოიკლა" - ტრაგედია სოფელ გოდოგანში

"როგორც ჩანს, ოთარ ალფაიძეს სანადირო თოფი გაუვარდა და მეუღლე შემოაკვდა, რის შემდეგაც თავი მოიკლა" - ტრაგედია სოფელ გოდოგანში

შობის ღამეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, თუმცა ამ ვერსიას ჯერჯერობით შსს არ ადასტურებს.

როგორც შსს იუწყება, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი სამართალდამცველებს ადგილზე დახვდათ.

ambebi.ge თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის რწმუნებულ გურამ ცირეკიძეს ესაუბრა, რომელიც ანგარიშსწორებისა და დაყაჩაღების ვერსიას გამორიცხავს.

"ძალიან წყნარი და მშვიდი ოჯახი იყო, ალფაიძეებს ტკბილი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ. ისინი 67 და 66 წლისანი იყვნენ. სოფელში ტრაგედიის ერთადერთი ვერსია არსებობს - როგორც ჩანს, ოთარ ალფაიძეს სანადირო თოფი გაუვარდა და მეუღლე შემოაკვდა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. ქალბატონს, თუ არ ვცდები, ტყვია მუცლის არეში აქვს მოხვედრილი, მამაკაცს კი თავში აქვს ნასროლი. ყაჩაღობა-მკვლელობის ვერსია გამორიცხულია. ნათქვამი რომაა - "ხაფანგზე დასაგები პური არ აქვთ სახლშიო“, ასე ცხოვრობდნენ და ვინ დააყაჩაღებდა? როგორც ვიცით, არც მტრები ჰყოლიათ, რომ შურისძიების ვერსია განიხილებოდეს. მათ ერთადერთი ქალიშვილი ჰყავთ გათხოვილი. მათი ცხედრები მეზობელმა ნახა, საუბედუროდ, ისინი უკვე გარდაცვლილები იყვნენ“.