ავტორი:

"მოკავშირე კი არა, ოკუპანტი ხარ!.. რუსეთო, ხელები შორს სომხეთისგან!" - აქცია გიუმრის ბაზასთან და 70-მდე დაკავებული აქტივისტი: სომხები აცხადებენ, რომ ეს პროტესტის დასაწყისია...

"მოკავშირე კი არა, ოკუპანტი ხარ!.. რუსეთო, ხელები შორს სომხეთისგან!"  - აქცია გიუმრის ბაზასთან და 70-მდე დაკავებული აქტივისტი: სომხები აცხადებენ, რომ ეს პროტესტის დასაწყისია...

სომხური მედიის ცნობით, გიუმრის სამხედრო ბაზასთან გამართულ ანტირუსულ აქციაზე დაკავებული 70-მდე ადამიანიდან, ნაწილი უკვე გათავისუფლებულია.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ქალაქ გიუმრიში შესასვლელის ჩაკეტვას ცდილობდნენ. პროტესტის მიზეზი ანტირუსული განწყობები გახდა, რომელიც აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტების მიერ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვის შემდეგ, კიდევ უფრო გამწვავდა.

kavkazuzel.eu -ს ცნობით, უკვე მეოთხე კვირაა მთიან ყარაბაღში ლაჩინის დერეფანი ბლოკირებულია, რამაც რეგიონში სურსათის და მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვია. არ არსებობს სარეზერვო ფონდები.

პოლიტიკური მოძრაობა, "ნაციონალურ - დემოკრატიული პოლუსის" წარმომადგენლებმა სომხეთში რუსეთის 102-ე ბაზის შესასვლელის დაბლოკვის მცდელობისას, რუსეთს სომხეთიდან გასვლისკენ მოუწოდეს.

აქცია მიმდინარეობდა დევიზით: "ბლოკირება ბლოკადის დასრულებისთვის!" აქტივისტებმა რუსული ბაზის ყველა შესასვლელ-გამოსასვლელის გადაკეტვა სცადეს.

"რუსეთო, ხელები შორს სომხეთისგან!" "გახსენით სიცოცხლს გზა!" "არა რუსულ-თურქულ ოკუპაციას!" "საერთაშორისო მშვიდობისმყოფელები გვჭირდება!.." "მოკავშირე კი არა, ოკუპანტი ხარ!" - ამ და სხვა, მსგავსი შინაარსის საპროტესტო მიმართვებს, როგორც ჩანს, გიუმრის რუსული ბაზის ბინადრები კიდევ არაერთხელ მოისმენენ... ლაჩინის დერეფანი მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმების თანახმად, ლაჩინის დერეფანს აკონტროლებს ბაქო, რომელთაც რუსეთის სამშვიდობო ძალები მეთვალყურეობენ.

ადგილობრივი კვლევის ცენტრის "მოდუს ვივენდის" ცნობით, რუსეთი რომ ასრულებდეს შეთანხმებას სომხეთთან, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ამ დღეში არ ჩავარდებოდა.

მისი წარმომადგენლის, არა პაპიანის თქმით, "ბერდზორისკის (სომხური მხარე ასე მოიხსენიებს ლაჩინის დერეფანს - ლ.პ.) ჩაკეტვას აზერბაიჯანელები ვერ გაბედავდნენ", რუსების მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეთ. "მათ პოზიციას რუსი მშვიდობისმყოფელები იცავენ... დამოკიდებულება გასაგებია - მეტი წნეხი სომხეთზე, რათა უფრო მორჩილები ვიყოთ... ამას ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებენ, საკუთარი თუ სხვა ძალების დახმარებით. იქ ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვები იყინებიან, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე არიან... ამას აზერბაიჯანი ჩვენი "მოკავშირის" დახმარებით აკეთებს, მან აუნთო მწვანე ე.წ. ეკოაქტივისტებს..." - ამბობს პაპიანი გამოცემასთან საუბარში.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის, ჰასმიკის ადამიანის თქმით, რამდენიმე წლის წინ ასეთ თამამ გამოსვლებს ვერავინ წარმოიდგენდა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში, ბოლო რამდენიმე წელია ანტირუსული განწყობები ძალას იკრებს.

"ბოლო ხანებში, გიუმრის ბაზის გარშემოც დაიძაბა სიტუაცია. რუსეთი ყველანაირად ზღუდავს ჩვენს დამოუკიდებლობას, ამ დროს ჩვენს ქვეყანაში 5-ათას კაციანი ბაზა აქვს, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებს... რუსეთს სომხეთს ვერ მოაჯადოებს, ჩვენ მათი მონები არ ვართ, არც ვასალები. ერთ დღესაც, თუ ჩვენმა ხელმძღვანელობამ ვითარება არ შეცვალა, ბაზის გასვლის მოთხოვნით ადგილობრივი მოსახლეობა შევარდება იმ ბაზაზე და მერე შეიძლება სპეცრაზმის ჩარევაც გვიანი იყოს..." - ამბობს ის.

"თქვენ მხოლოდ გიუმრის ბაზის გარშემო დაგეგმილი პროტესტი ნახეთ. სინამდვილეში ჩვენ მთლიანად ანტირუსული განწყობა გამოვხატეთ, იმ რუსების იმ დაუსრულებელი შემოდინების ფონზე, რაც უდიდეს რისკებს აჩენს. მათ რუსეთში დახურული კომპანიები აქ გახსნეს. უამრავი IT სპეციალისტი შემოვიდა და არავინ იცის, რა და ვინ დგას მათი ოფიციალური სტატუსის მიღმა. არ ვიცი, მათ საქმიანობას ვინმე სწავლობს, თუ - არა.

ამტომაც გაჩნდა ქვეყანაში ასეთი მოწოდებები: "დამოუკიდებელი, თავისუფალი სომხეთი!", "სომხეთი პუტინის გარეშე!" "არცახში გაეროს მშვიდობისმყოფელები უნდა შემოვიდნენ!" "სომხეთმა უნდა დატოვოს ОДКБ!" ეს პირველი ნაბიჯები იყო, რაც დრო გავა პროტესტი მოიმატებს..." - მიაჩნია საპროტესტო მოძრაობის აქტივისტ ანა არუთინიანს.