ავტორი:

"ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ "კეგებეშნიკად” - ვინ რას ამბობს ნიკა მელიას ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომლის ავთენტურობაც არ დადასტურებულა?

"ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ "კეგებეშნიკად” - ვინ რას ამბობს ნიკა მელიას ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომლის ავთენტურობაც არ დადასტურებულა?

სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის და რომლის თანახმადაც, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

"შეიძლება ხელისუფლება იდგეს ამის უკან, შეიძლება მისი პოლიტიკური ოპონენტები - მელიას კომპრომეტირება და პოლიტიკური ნეიტრალიზება ხელისუფლების ინტერესებშია", - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა მედიაში გავრცელებულ ჩანაწერზე ლაპარაკისას.

მისი თქმით, მელია ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით ბევრად უფრო პრობლემატური ფიგურაა, ვიდრე ხაბეიშვილი, რადგან "პირდაპირ გაცხადებული მტერი ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო კომფორტულია“.

"ყველაფერი შეიძლება - შეიძლება ხელისუფლება იდგეს ამის უკან, შეიძლება მისი პოლიტიკური ოპონენტები. ვფიქრობ, რომ მელია ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით ბევრად უფრო პრობლემატური ფიგურაა, ვიდრე ხაბეიშვილი. მისი კომპრომეტირება და პოლიტიკური ნეიტრალიზება ხელისუფლების ინტერესებშია. მელიას პოლიტიკური პოტენციალი და მასშტაბი ბევრად დიდია, ვიდრე ხაბეიშვილის. ჩანს, რომ ხაბეიშვილი ხელისუფლებასთან უფრო აქტიურად ოპონირებს, მაგრამ აქტიური ოპონირება ყოველთვის არ ნიშნავს ეფექტიანობას. პირდაპირ გაცხადებული მტერი, რომელიც ნაკლებს ფიქრობს და უფრო პლაკატურ დაპირისპირებაზეა ორიენტირებული, ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო კომფორტულია იმ ორპოლუსიანობის ფორმირების თვალსაზრისით, რაც საკუთარი პოლიტიკის ქვაკუთხედად გახადეს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელება სისტემისთვის დამახასიათებელი მთავარი მანკიერებაა და ეს ტრადიცია ხელისუფლებამ "დიდი წარმატებით“ გადაიბარა.

"ეს არის პრობლემა, რომელიც "ლაიტმოტივად“ გასდევს საქართველოს ისტორიას და ამ მხრივ არაფერი იცვლება. ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე, როგორც ჩანს, პარტიულ პოლიტიკაშიც. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი მანკიერება სისტემისთვის. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ტრადიცია "დიდი წარმატებით“ გადაიბარა. გარკვეულწილად მასშტაბებიც კი გაზარდა და მეტი ინვესტიცია განათავსა. თუ სააკაშვილის დროს ათას ადამიანს იწერდნენ და შემდეგ ამას კომპრომეტირებისთვის იყენებდნენ, ახლა ათიათასს უსმენენ და "აფაილებენ“. ასეთი სამწუხარო რეალობა გვაქვს. შემდეგ ამას ამონტაჟებენ თუ პოლიტიკურად საჭირო მომენტში ორიგინალებს აქვეყნებენ, ეს უკვე ტექნიკის თემაა. ფაქტია, რომ ეს არის ძალიან დიდი მანკიერება, დიდი სიბინძურე, რაც კიდევ უფრო გვაშორებს იმ ცივილიზებული სამყაროსგან, საითაც, რიტორიკულად, თითქოს მივისწრაფვით“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კითხვაზე, პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩანაწერების გავრცელება მელიასთვის საზიანოა თუ არა, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს შესაძლოა, სასარგებლოც აღმოჩნდეს.

"გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება საზიანო იყოს, მაგრამ თუ პარტია ჯანსაღად შეხედავს და რეალურად დაფიქრდება, რასთან გვაქვს საქმე, შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს. ეს ყველაფერი პროცესში გამოჩნდება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარის არჩევისთვის ემზადება, კანდიდატებს შორის არიან ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი. ეს უკანასკნელიც ეხმაურება მომხდარს.

"ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის "რუსული ოცნების" ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას, დაყოფას, ცილისწამებასა და ბოღმას... ჩვენ, არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები, ნეგატივი და ცილისწამება ... ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ერთობა და რუსი ოლიგარქის დამარცხება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ", - წერს ხაბეიშვილი "ფეისბუქზე".

სოციალური ქსელით გამოეხმაურა მომხდარს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძეც:

"მინდა ყველამ მკაფიოდ იცოდეს ჩემი აზრი, რომ ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ "კეგებეშნიკად”, ვინც ამას დღეს აკეთებს, არის ტრივიალური პუტინისტი "ქოცი“. შესაბამისად, იმედი მაქვს და მჯერა, რომ ენმ-ის არცერთი სერიოზული ლიდერი, ამგვარ ჩანაწერებს არავის წინააღმდეგ, მით უფრო კი გუნდის შიგნით, რაც არ უნდა ხდებოდეს, (ერთმანეთის საწინააღმდეგოდ), კონკურენციაში, თუ პაექრობისას, არასდროს გამოიყენებს“,- წერს ბარამიძე.