ავტორი:

"მინდა, ყველა რუსი დედა მივიდეს მინდორში, სადაც მისი დამწვარი შვილი იწვება" - უკრაინელი ქალის უმძიმესი ისტორია, რომელმაც 20 წლის შვილის ცხედარი ბრძოლის ველიდან საბარგულით გამოიტანა

"მინდა, ყველა რუსი დედა მივიდეს მინდორში, სადაც მისი დამწვარი შვილი იწვება" - უკრაინელი ქალის უმძიმესი ისტორია, რომელმაც 20 წლის შვილის ცხედარი ბრძოლის ველიდან საბარგულით გამოიტანა

ამ ისტორიის გმირი ვინიცას მცხოვრები ლუდმილაა. მან უკრაინის ომში ვაჟი დაკარგა. ისტორია, თუ როგორ დაიბრუნა შვილის ცხედარი, შოკისმომგვრელია.

ხერსონის ოკუპაციის პირველივე კვირებში ლუდმილამ მოახერხა და რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდა, რათა როგორმე გარდაცვლილი ვაჟის მაქსიმეს ცხედარი დაებრუნებინა...

მაქსიმე სულ რაღაც 20 წლის იყო.

დედას ყველა ნივთი, რომელიც შვილს ახსენებს, ლამაზად აქვს დალაგებული. ფორმა, მედლები და ჯილდოები სპორტული შეჯიბრებისთვის, დიპლომები, სკოლის ალბომები, მისი სუნამოს ბოთლი, შრომის გაკვეთილებზე დამზადებული სუვენირები... ლუდმილა ფრთხილად ეხება ამ ნივთებს, თითქოს შვილს თმაზე ეფერება.

მაქსიმე ხერსონის მახლობლად დაიღუპა, როდესაც რუსებმა მისი ქვედანაყოფი გრადებით დაბომბეს. ის პროფესიონალი ჯარისკაცი იყო, ლვოვში მსახურობდა და დედას არ უთხრა, რომ სამხრეთში გადაიყვანეს.

ლუდმილას შვილის გარდაცვალების შესახებ მისმა შეყვარებულმა შეატყობინა.

"მითხრა, რომ მაქსიმე მოკლეს და მეტი არაფერი მახსოვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ბევრი ვიყვირე. ნოვაია კახოვკას გზატკეცილზე დაიღუპა, როგორც მივხვდი, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დასაცავად გაგზავნეს...“

ქალს გარდაცვლილი შვილის ფოტო ამოსაცნობად გაუგზავნეს...

"შენ შინ ხარ, საღამო დგება და გიჟდები, როცა წარმოიდგენ, შენი შვილი ღია მინდორში გარდაცვლილი როგორ წევს...

როდესაც შვილის სამხედრო ნაწილში დარეკა, უთხრეს, რომ ცხედრის ჩამოსვენებას დალოდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ მიხვდა, რომ ლოდინი აღარ შეეძლო. აიღო რუკა და ქმართან ერთად, შვილის ცხედრის მოსაძებნად მანქანით გაემგზავრა.

რამდენიმე საათის შემდეგ ტომარინამდე მიაღწიეს. იქ ქაოსი დახვდათ. ცენტრში შეკრებილი ხალხი ცდილობდა გაეგო, რა იქნებოდა შემდგომ, რადგან რუსები ახლახან იწყებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასახლებას, ამიტომ ლუდმილასა და მის ქმარს არავინ აქცევდა დიდ ყურადღებას.

ადგილობრივების თანხლებით ისინი სოფლის გარეთ გავიდნენ, სადაც მტერს პირველი საგუშაგო მოეწყო. ლუდმილას თქმით, იქ რუსები არ იყვნენ. შეიარაღებულმა მამაკაცებმა უთხრეს, რომ ისინი ე.წ. DPR-დან იყვნენ.

ლუდმილას ქმარმა მოახერხა მოლაპარაკება "ბოევიკებთან" და ისინი შეთანხმდნენ, რომ დედას შვილის გარდაცვალების ადგილზე წაიყვანდნენ. ლუდმილა მათ მანქანაში ჩაჯდა, ქმარიც გაჰყვა. ადგილზე რომ მივიდნენ, ქალი შვილის ცხედართან ახლოს ვერ მივიდა. უკვე მეორე კვირა იყო, რაც დამწვარი სხეული მინდორში ესვენა...

გარდაცვლილი შვილის სხეული საბანში გაახვიეს და მანქანის საბარგულში ჩადეს. როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე, პირველივე საგუშაგოზე სთხოვეს, რომ საბარგული გაეხსნათ, მაგრამ როდესაც გაიგეს, საიდან ბრუნდებოდნენ ცოლ-ქმარი, ისინი გაუშვეს.

ქალის თქმით, შვილის ცხედარი მორგში მიიტანეს ამოცნობაზე, სადაც დედას, მხოლოდ ხელის ნაწილი აჩვენეს, ტატუთი: "არასოდეს დანებდე...“ ლუდას თქმით, მის შვილს თავი არ ჰქონდა და გვამის სრულად ამოცნობა ამიტომ არ მოხდა.

ახლა ლუდმილა ცდილობს ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს, სამსახურში დადის, ძაღლს ასეირნებს. მაგრამ ამბობს, რომ შიგნით მუდმივად რაღაც ეწვის.

"არასდროს მეგონა, რომ შეიძლებოდა ამხელა სიძულვილი... როცა მტერი სულით, სხეულის ყველა უჯრედით გძულს. ერთი პუტინი კი არა, მთელი ერი გძულს, რადგან რუსეთში ერთზე მეტი პუტინია. სასიკვდილო ღილაკებს პუტინი არ აჭერს ხელს და ჩვენს შვილებს პუტინი არ ესვრის. მინდა, მათ იგრძნონ ის, რაც ჩვენ ვიგრძენით. მინდა, ყველა რუსი დედა მივიდეს მინდორში, სადაც მისი დამწვარი შვილი იწვება. შეიძლება ბარბაროსობაა, მაგრამ მე ეს მინდა“.

წყარო