ავტორი:

"ვაგნერის" მიერ სოლედარის დაპყრობის შემთხვევაში "პუტინის მზარეული" შოიგუს სავარძელს დაუმიზნებს?..

"ვაგნერის" მიერ სოლედარის დაპყრობის შემთხვევაში "პუტინის მზარეული" შოიგუს სავარძელს დაუმიზნებს?..

ოკუპანტები უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარისთვის, რომელსაც უკრაინელები გასული წლის 3 აგვისტოდან იცავენ, გააფთრებით იბრძვიან.

პუტინის "პირად მზარეულად" ცნობილი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიის - "ვაგნერის" მოიერიშე დანაყოფებმა, გააფთრებული ქუჩის ბრძოლების შედეგად, მოახერხეს სოლედარის დასავლეთ ნაწილში გაღწევა და ოპერატიულ ალყაში მოაქციეს ქალაქში საბრძოლველად დარჩენილი 500-იოდე უკრაინელი სამხედრო.

ჯერჯერობით იმის მტკიცება, რომ სოლედარი სრულიად დაიპყრეს რუსმა ოკუპანტებმა, არ შეიძლება, მაგრამ საქმე უფრო აქეთკენ მიდის...

ევგენი პრიგოჟინის "ვაგნერისთვის", რომლის დაქირავებული პროფესიონალი მებრძოლები საუცხოოდ არიან შეიარაღებულნი და აღჭურვილნი (ამასთან - "საზარბაზნე ხორცად" იყენებენ ციხეებიდან გამოყვანილ პატიმრებს, რომლებსაც შეტევაში წინ უშვებენ), სოლედარის დაპყრობას წმინდა სამხედრო თვალსაზრისის გარდა, დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც ენიჭება.

საქმე ის არის, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს გასული წლის ზაფხულის შემდეგ არცერთი უკრაინული ქალაქი არ დაუპყრიათ, პირიქით, მოუწიათ კუდამოძუებული გამოქცევა ბალაკლეიადან, იზიუმიდან, კუპიანსკიდან და ბოლოს - თვით ხერსონიდანაც კი, ამიტომაც ფრონტის ხაზზე თითქმის ნახევარწლიანი სამხედრო წარუმატებლობისას რუსეთის ხელისუფლებისთვის უდიდესი პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს, თავის მრავალმილიონიან მოსახლეობას და მთელ მსოფლიოსაც აჩვენოს, რომ მის არმიას ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინის ახალი ქალაქების დაპყრობა...

მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ათიათასიანი სოლედარის (ამჟამად ამ ქალაქში მხოლოდ 500-ოდე მაცხოვრებელიღა იყო ჩარჩენილი, ისიც იმიტომ, რომ ბოლო წუთებამდე უარს ამბობდა ევაკუაციაზე) დაპყრობა ვერაფრით გადაწონის ოკუპირებული ხერსონიდან გამოქცევას. პრიგოჟინი თავისი "ვაგნერის" ამ შესაძლო გამარჯვებას ეცდება, ბოლომდე სათავისოდ გამოიყენოს და კიდევ უფრო ჩააჩოჩოს რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ რუსეთის პოლიტიკური ოლიმპიდან...

პროგიჟინი ორი დღეა, მასმედიაში გამწარებულად იძახის, რომ სოლედარის იერიშს მხოლოდ "ვაგნერის" მებრძოლები ახორციელებენ და არც შოიგუს თავდაცვის სამინისტროს მედესანტეები და არც სეპარატისტული "დონეცკის სახალხო რეპუბლიკის" რაზმები ამ შეტევებში არ მონაწილეობენ, ანუ პრიგოჟინს სურს, გამარჯვებულის სახელი მხოლოდ მას დარჩეს და ამით პრეზიდენტ პუტინს დაუმტკიცოს, რომ ის, რაც ვერ შეძლო ასიათასიანმა რუსეთის რეგულარულმა ჯარმა, მოახერხა მისმა კერძო არმიამ - "ვაგნერმა"... გააგრძელეთ კითხვა