ავტორი:

"გავოგნდი, როცა სახლთან მის მიერ მოკლული ოთხი გიურზა ვნახე... ღამესაც აქ ვათენებო, მითხრა" - მოგზაური ფოტოგრაფის თავგადასავლები საქართველოს მისტიური და ულამაზესი კუთხეებიდან

"გავოგნდი, როცა სახლთან მის მიერ მოკლული ოთხი გიურზა ვნახე... ღამესაც აქ ვათენებო, მითხრა" - მოგზაური ფოტოგრაფის თავგადასავლები საქართველოს მისტიური და ულამაზესი კუთხეებიდან

ქართველი მოყვარული ფოტოგრაფი და მოგზაური სოსო ჭავჭავაძე პროფესიით ხელოვანია... მან საქართველოს უამრავი სოფელი შემოიარა, ულამაზესი ბუნება ფოტოებზე აღბეჭდა, ადგილობრივებისგან მოისმინა მისტიურ ადგილებზე და ახმეტის რაიონში აღმოაჩინა კაცი, რომელიც გიურზებთან ერთად ცხოვრობს...

სოსო ჭავჭავაძე თავის მოგზაურობის შესახებ გვიამბობს...- ვარ ფრილანსერი, პროფესიით გრაფიკული დიზაინერი. დამთავრებული მაქვს სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი... ოთხი წელი ვისწავლე ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯში, ფერწერის ფაკულტეტი დავამთავრე. ფოტოგრაფია ჩემთვის ჰობია, ძალიან მიზიდავს და მომწონს. ოთხი წელია უფრო სერიოზული დამოკიდებულება გამიჩნდა, მანამდე უბრალოდ ვერთობოდი, ახლა ესე ზერელედ აღარ ვუყურებ... მოგზაურობა საქართველოს ფარგლებში დიდი ხნის წინ დავიწყე, საქართველოს ბუნებიდან გამომდინარე, სადაც მრავალფეროვნებაა და განსხვავებულია, ყველა კუთხე. პირველ ეტაპზე მხოლოდ ვათვალიერებდი და ფოტო გადაღება არ მიტაცებდა. უბრალოდ, ვტკბებოდი ვიზუალური კუთხით.

სოსო ჭავჭავაძე

- ყველაზე მეტად რომელმა კუთხემ მოგხიბლათ?

- თუშეთს გამოვარჩევდი, რადგან ის მართლაც საოცარია თავისი რთული ექსტრემალური გზის შეგრძნებებით და განუმეორებელი ფერებით. მთელი გზა შინაგანად დაძაბული ხარ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს სიმაღლე და სილამაზე ყველაფერს აბალანსებს. ეს უნდა განიცადო შინაგანად, რაც მხოლოდ გზის ფაქტორს ეხება. მერე როცა ამ გზას გადაივლით, საოცარ განწყობაზე ხართ... და იწყება ახალი ეტაპი სივრცეების, ფერების, მთების და ღრუბლების თამაში თავისი შუქ ჩრდილებით, ძველი კოშკებით, სახლებით, საინტერესო ადამიანებით...თუშეთში არის ყველა კუთხის ბუნება მეტნაკლებად შეთავსებული.

ის მრავალფეროვანია და განუმეორებელი მთელ საქართველოში! ყველას გირჩევდით ჩასვლას ოთხი-ხუთი დღით მაინც, გულისტკივილით რომ არ მოგიწიოთ უკან დაბრუნება. ძალიან ბევრი სოფელია სანახავი, მოსავლელი, საიდანაც წასვლის სურვილი არ გექნებათ... არ ვიცოდი სახეოს, ასევე მაკრატელას შესახებ... ეს სოფლები არაა, ადგილებია თუშეთის თავზე, საიდანაც ხელის გულზე ჩანს მთელი თუშეთი. გზა არ იყო გაყვანილი, ერთი წლის წინ გაკეთდა. გზა ბოჭორნასთან ახლოსაა.

გამორჩევით არცერთ სოფელს გამოვარჩევ, ყველას თავისი ხასიათი და უნიკალურობა გააჩნია. უფრო გემოვნების ამბავია, ვის რომელი სოფელი შეაყვარებს თავს. სიმართლე გითხრათ, მე ყველამ მომხიბლა. სამჯერ ვარ ნამყოფი და გომეწრის ხეობა ჯერ არ მინახავს. ალბათ ამის ნახვის მერე შემეძლება რომელიმე სოფლის გამორჩევა.

- თუშეთის შემდეგ სად იყავით?

- გომის მთაზე, რომელიც არის ფოტოგრაფისთვის ეპიკური და ძალიან შთამბეჭდავი. იქ მზე ძალიან დიდი ჩანს, თითქოს საოცრად ახლოსაა შენთან. მზის ჩასვლა შეუდარებელია ჩემთვის, ამ მხრივ ალბათ პირველ ადგილზე დავაყენებდი სხვა კუთხეებთან შედარებით... დოკუმენტური ფოტოგრაფიისთვის და პეიზაჟის ფოტოგრაფიისთვის ძალიან საინტერესოა, იქაური ბუნებით და მაცხოვრებლებით, გურულების და აჭარლების თანხლებით... გურული იუმორი, ინტელექტი, უბრალოება, ამ სამ რამეს გამოვყოფდი ძირითადად, რაც შეგაყვარებს გურიას სრულყოფილად. ბუნება რომ არ ჩავთვალოთ.

გურიიდან ჯანდარის ტბაზე გადავინაცვლე, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე. ძალიან საინტერესოა ფოტოგრაფიის კუთხით. იმით რომ ნახევარი ტბის ნაწილი აზერბაიჯანის საზღვარზეა და სრულად ვერ ათვალიერებ. 60% ტბის ჩვენს ტერიტორიაზეა, დანარჩენი 40% კი აზერბაიჯანს ეკუთვნის. არც ისე დიდი ტბაა, მაგრამ ძალიან საინტერესოა...

ასევე ვიყავი გოხნარის ტბაზე. ეს ტბა ბევრმა არ იცის, ძალიან ლამაზია, წალკის გზაზეა, არმისული წალკამდე არის გადასახვევი და არანაირი მინიშნება არ არის ამ ტბაზე მისასვლელად. აქ საკარვედ და ღამის გასათევად ძალიან საინტერესოა. თევზაობაც შეგიძლიათ და კარგი ფოტოების გადაღება, აქ უსასრულო სივრცეებია და ულამაზესი მინდვრები. მანგლისიდან 30 წუთში შეგიძლიათ ძალიან შესანიშნავ ბუნებას ეზიაროთ. აქვე არის ამ ტბიდან ორ კილომეტრში "მამიდას ქვა", რაზეც ლეგენდა დადის, რომ აქ ერთი ქალი ქვის ლოდად გადაიქცაო...

გოხნარის ტბა

- დასავლეთ საქართველოში სად იყავით?

- რაჭაში... ძალიან საინტერესო სოფელი რაჭაში - გონა, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთს ესაზღვრება. ულამაზესია და ძალიან ეფექტური. უცხოელები პატარა შვეიცარიას ეძახიან ამ სოფელს. პირველივე დანახვაზე რომ შეგიყვარდებათ, ისეთი სოფელია...აქ ბოლო 3 წელია უფრო და უფრო მეტი მნახველი უჩნდება, როგორც ქართველი, ასევე ტურისტებიც. როგორც ვიცი, ერთი ოჯახი რჩება ზამთარშიც, გობეჯიშვილი გია გონაში თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, არ ტოვებენ ამ სოფელს.

სოფელი გონა

- ამდენ მოგზაურობაში ალბათ მოსახლეობისგან მისტიურ ადგილებზეც გსმენიათ...

- რაც შეეხება მისტიურ ადგილს ეს მამიდას ქვაა... იქ იყო ლაპარაკი რომ ამ ქვასთან ყველაზე მეტი მაგნიტური ველი იქმნება. ეს პარანორმალური მოვლენების ექსპერტის სიტყვებია, რომელსაც ჰქონდა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ამ ტალღებს იჭერს და აქედან მოდის ულევი ენერგიაო... რაც მახსოვს, ძალიან ადრე ვნახე ეს ვიდეორგოლი ამის მერე ვეღარ ვიპოვე. მისტიურ ადგილებზე მრავალი აზრი არსებობს. მაგალითად კოჯორში ერთი სახლი. თუმცა - მამიდას ქვა ახსენა როგორც ყველაზე მისტიური მთელ საქართველოში...მე ვიყავი მისული ჩემი მანქანით. იქ დგას პატარა სალოცავი გადახურული და იქვე ეს დიდი ლოდებია. ერთ-ერთი მამიდას ქვაა და ორი ჯვარი. ეს ყველაფერი ქვისგანაა და ძალიან საინტერესოა. ვინც ამაზე უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს სიამოვნებით შევხდებოდი.

- ქართლშიც იმოგზაურეთ?

- დიახ ვნახე სოფელი კუდატყე, ქარელიდან 10 კილომეტრში არის ძალიან ლამაზი ბუნება და ეს პატარა სოფელი, რაც ჩემთვის აღმოჩენა იყო. ძალიან მხატვრული და საყვარელი სოფელია ტყის პირას, სადაც შემთხვევით მოვხდი. მანქანით გადავუხვიე, სულ სხვა მიმართულებით წავედი, ახლოს სულ ძველი სახლები იდგა, ერთი სახლის თავზე კვამლი ამოდიოდა, რამაც ჩემი ყურადღება გადაიტანა. უფრო ახლოს მივედი, ერთი კაცი შევამჩნიე და გადაღება დავიწყე... თავი ზემო აჭარაში მეგონა, ასეთ სახლებს ქარელში არ ველოდი. მერე ამ კაცს მივესალმე, თუ შეიძლება ფოტოს გადაგიღებთ-მეთქი, რაზეც უარი მითხრა. შეშა დაჰქონდა, დაღლილი ჩანდა... ამ სოფლიდან ორ კილომეტრში სოფელი სუქითია, იქ ამ კაცის შესახებ ვიკითხე და მხოლოდ სახელი გავიგე, გივი ჰქვია, რომელიც კუდატყეში ცხოვრობს. კუდატყე იმიტომ ჰქვია რომ ტყის პატარა ნაწილია შემორჩენილი...

- ყველაზე განსაცვიფრებელი რა აღმოაჩინეთ სხვადასხვა კუთხეში?

- სოფელი კასრისწყალი, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ვაშლოვანის ნაკრძალთან ახლოს. ამ სოფელში შემთხვევით მოვხვდი, როდესაც ვაშლოვანის ეროვნულ პარკს ვათვალიერებდი... უკანა გზაზე მარშრუტს გადაუხვიე და სხვა გზით გადავწყვიტე თბილისში დაბრუნება. სწორედ იქ აღმოვაჩინე ძველი სახლი, სადაც შემხდა ერთი კაცი, რომელიც იმ დროს იქ იმყოფებოდა. სახლთან ახლოს საქონელიც ჰყავდა, ამ სახლის გარშემო დიდი სივრცეები და ხრიოკი იყო, უდაბნოს ჰგავდა... ამ კაცს ვკითხე ხომ შეიძლება გადაგიღოთ-მეთქი, რაზეც ღიმილით მიპასუხა, რამდენიც გაგიხარდებაო. რამდენიმე კადრი რომ გადავიღე, დამიძახა, მოდი ყავას დაგალევინებ, ასე ხომ არ გაგიშვებო... შევედით სახლში, გავესაუბრე, ვკითხე აქ ამ სახლში როგორ ცხოვრობთ, ირგვლივ სულ გველის სოროებია, უდაბნოა, ახლოს არაფერი არაა, არც ტელეფონი იჭერს-მეთქი. მითხრა, საქონელს ვუვლი, ახმეტიდან ვარ და აქ მარტო ვარ, ღამესაც აქ ვათენებო. ერთი სიტყვით არ აღელვებდა არც გიურზები და არც მორიელები...

მილიონი სოროა მთელ ვაშლოვანის ნაკრძალში და ეს კაციც აქვეა ამ ტერიტორიაზეა. ვკითხე გიურზებზე რამდენად სახიფათოა აქ ყოფნა-მეთქი, რაზეც მიპასუხა რომ აგვისტოში უფრო აგრესიულები არიან და თუ გადახვალ მანქანიდან, კარები ღია არ დატოვო, არც ფანჯარა დაგრჩეს ჩამოწეულიო.. მეც გამიგია რომ ვაშლოვანის ნაკრძალი გიურზების გამავრცელებელი მხარეა, საიდანაც ვრცელდება მთელ საქართველოში.. მითხრა, წამოდი განახოო…და გავედით სახლის უკანა მხარეს, სადაც ცოტა ნაგავი ეყარა და აქეთ-იქით მოკლული გიურზები, ძლიერი შოკი მივიღე... ვკლავ, როცა საპირფარეშოში მივდივარო. იქვე იყო ხის გარე ტუალეტი, ახლოს ნაგავია და ამ ნაგავთან მოდიან ეტყობა.

ძალიან გამაჟრიალა, ახლოს ვნახე ოთხი გიურზა... მითხრა, ასე ბარით მოვკალიო, თან თვითონ რეზინის ჩუსტებით დადიოდა, ვითომ არაფერი. ერთი სიტყვით შეჩვეული იყო. ამბობდა, ერთხელ გიურზა სახლშიც იყო შემოსულიო.