ავტორი:

14 ბინა თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში, მიწის ნაკვეთები და ფასიანი ქაღალდები - "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატი გურიიდან, შთამბეჭდავი ქონებით

14 ბინა თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში, მიწის ნაკვეთები და ფასიანი ქაღალდები -  "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატი გურიიდან, შთამბეჭდავი ქონებით

"ქართული ოცნება" მილიონერი დეპუტატების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ვასილ ჩიგოგიძემ, რომელიც გურიის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატია მმართველი პარტიიდან, წინასაარჩევნო პერიოდში, კანდიდატად დასახელებისთანავე მიიქცია ყურადღება თავისი შთამბეჭდავი ქონებით.

ის 2020 წელს დეპუტატი მეორედ გახდა, მანამდე 2004 -2008 წლებში მე - 6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან.

ვასილ ჩიგოგიძე 1967 წელს დაიბადა. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით: გადაზიდვების პროცესების მართვა სარკინიგზო ტრანსპორტზე.

  • სამუშაო გამოცდილება:

2010 - 2014 წლები: კონოთეატრი "აპოლო" - დირექტორი

1999 - 2004 წლები: "საქრკინიგზაექსპედიციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

1998 - 1999 წლები: "საქრკინიგზაექსპედიციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე

1997 - 1998 წლები: საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის საერთაშორისო გადაზიდვებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი

1996 - 1997 წლები: საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სატარიფო-საექსპედიციო საწარმოს უფროსი

1993 - 1996 წლები: საერთაშორისო ბიზნესასოციაცია "საბა-21-ის“ კომერციული დირექტორი

1987 - 1988 წლები: თბილისის კონიაკის ქ-ის ვაგონის გამცილებელი

1985 - 1987 წლები: სამხედრო სავალდებულო სამსახური

1985 - 1985 წლები: ღვინის მრეწველობის სარემონტო სამშენებლო სამმ-ს მუშა

1985 - 1985 წლები: თბილისის კონიაკის ქ-ის მუშა

ჩიგოგიძის ბიზნესკარიერა 1993 წლიდან იწყება, როდესაც საერთაშორისო ბიზნესის ასოციაცია "საბა-XXI-ის“ კომერციული დირექტორი დახდა. სამი წლის შემდეგ რკინიგზაში დაბრუნდა, სადაც 2004 წლამდე "საქრკინიგზაექსპედიციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

2004 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიზნესიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და დეპუტატი გახდა საარჩევნო ბლოკიდან "ახალი საქართველოსთვის“.

ვასილ ჩიგოგიძეს ჰყავს ორი ვაჟი: გიორგი და დემნა. დეპუტატი ორი წლის წინ შვილებზე სოციალურ ქსელში წერდა, რომ მათთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ბიჭებს "სისხლის ყივილი“ მაშინ ეწყებათ, როდესაც გურიის საზღვარზე შედგამენ ფეხს...

ვასილ ჩიგოგიძე:

"გაიცანით ჩემი ორი სიამაყე გიორგი და დემნა, რომელთა მიმართაც გამძაფრებული ემოცია მაქვს. უფროსი ვაჟი, გიორგი 19 წლისაა, დაამთავრა ბრიტანულ-ქართული აკადემია და უმაღლეს სასწავლებელში ეუფლება მეღვინეობას. უმცროსმა, დემნამაც ასევე დაამთავრა წელს ბრიტანულ-ქართული აკადემია და კავკასიის ბიზნესსკოლის სტუდენტი გახდა.

აქ, გურიაში მათთან ერთად, ყველაზე მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. ჩემს შვილებს ნამდვილი "სისხლის ყივილი“ მაშინ ეწყებათ, როცა გურიის საზღვარზე შედგამენ ფეხს და გურულ ჰაერს ჩაისუნთქავენ. შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და მათთან გატარებული ყოველი წუთი ძალას მმატებს. მხოლოდ ერთადერთ რამეზე ვფიქრობ, მშობლიურ გურიაში უკეთესობისკენ ბევრი რამ შევცვალოთ და ისე ვიცხოვროთ, რომ წლების შემდეგ გიორგიმ და დემნამ ჩვენი ოჯახის მიერ გაკეთებული საქმეებით იამაყონ", - წერდა დეპუტატი.

ვასილ ჩიგოგიძის 2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია შთამბეჭდავია.

2021 წელს ჩიგოგიძემ ბათუმში სამი ბინა შეიძინა, რომლებშიც სულ 88 200 დოლარი გადაიხადა. 2019 წელს 2 ბინა და ერთი სარდაფი შეიძინა თბილისში, ვაჩნაძის ქუჩაზე. ამ უძრავ ქონებაში სულ120 ათასი დოლარი გადაიხადა.

2018 წელს 3 ათას ლარად ნაკვეთი შეიძინა ჩოხატაურის რაიონ სოფელ ახალშენში. 2002 წელს კი კიდევ ერთი ბინა გადაეცა მემკვიდრეობით, ამჯერად თბილისში, რაზმაძის ქუჩაზე.

2019 წელს ჩიგოგიძე თბილისში კიდევ ერთ ბინას ყიდულობს, სარაჯიშვილის გამზირზე, რომელშიც 35 ათას დოლარს იხდის. 2017 წელს აქვს შეძენილი უძრავი ქონება ბათუმში. დაბა ჩაქვში მდებარე სახლში კი 140 ათასი ლარი გადაიხადა.

2019 წელს ჩიგოგიძემ თბილისში ვაჩნაძის ქუჩაზე 183.36კვ. მ. 183 ათას დოლარად შეიძინა.

ჩიგოგიძის ქონება მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ბინებით არ მთავრდება. დეპუტატი ფლობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში, 1800 კვ.მ. ფართობს, რომელიც 2005 წელს 216 000 დოლარად შეიძინა. მას ასევე აქვს 2019 წელს შეძენილი არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ფერდოუსის ქუჩაზე, რომელშიც 35 ათასი დოლარი გადაიხადა.

ჩიგოგიძეს აქვს ორი ბინა ბაკურიანში, 2018 წელს უძრავ ქონებაში 30 ათასი ლარი გადაიხადა.

ვასილ ჩიგოგიძე, როგორც ჩანს, ავტომოყვარული არ გახლავთ. მის ავტოფარეხში მხოლოდ ერთი მანქანა 2019 წლის Mercedes-Benz Sclass- ია, რომელშიც 60 000 ევრო გადაიხადა.

ვასილ ჩიგოგიძე ფლობს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც სხვადასხვა წლებში შეიძინა.

დეკლარაციის შევსებისას "საქართველოს ბანკი" სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 22 000 ლარი. "თიბისი ბანკი" მიმდინარე ანგარიშზე - 20 000 ლარი და 18 ათასი დოლარი, საკრედიტო ანგარიშზე - 9844,88 დოლარი და ოვერდრაფტი - 15468,09 ლარი.

ვასილ ჩიგოგიძეს გასულ წელს შემოსავლის სახით დაფიქსირებული აქვს 50 000 ლარი და 100 000 დოლარი. პარლამენტში ხელფასის სახით კი 44 612,4 ლარი მიიღო.

ჩიგოგიძე, თავის ვაჟებთან და პარტნიორებთან ერთად, ოცდაათზე მეტი შპს-ს მეწილეა, თუმცა დეკლარაციაში არცერთი მათგანიდან არ აქვს შემოსავალი დაფიქსირებული... წყარო