ავტორი:

როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან - 5 წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან - 5 წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

ვარიკოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებლი ვენების დაავადებაა მთელ მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ვარიკოზული ვენები გვხვდება ქალების 35%-ში, ხოლო მამაკაცების 20%-ში.დღესდღეობით მკურნალობის თანამედროვე მეთოდებმა ადამიანებს საშუალება მისცა არაქირურგიული, უმტკივნეულო მეთოდებით მოაგვარონ ეს პრობლემა. სტატიაში 5 წესს, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დაავადება და მისი მოსალოდნელი გართულებები.

წესი 1. არ დაივიწყოთ რისკის ფაქტორები

როგორც მრავალი სხვა დაავადების შემთხვევაში, ვარიკოზის დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროულ დიაგნოსტიკას. თუ დაავადებას ადრეულ სტადიაშივე გამოვავლენთ, მასთან გამკლავება საგრძნობლად გაგვიადვილდება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვინც რისკის ჯგუფში შედიან.

ვარიკოზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა, რომელიც ვარიკოზით დაავადებულთა 60-80%-ს აღენიშნება. თუ მშობლებს ვენებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, დიდია ალბათობა, ამ პრობლემას თქვენც შეეჯახოთ.

რისკის მეორე ფაქტორია მჯდომარე ან მდგომარე სამუშაო. როდესაც ფეხები დიდხანს არის უძრავად (განსაკუთრებით ვერტიკალურ მდგომარეობაში), ვენებს უჭირთ, მუდმივ ჰიდროსტატიკურ წნევას გაუმკლავდნენ; იწყება ქვედა კიდურებში სისხლის შეგუბება, რასაც ვარიკოზამდე მივყავართ. სამწუხაროდ, რისკის ამ ჯგუფში შეიძლება მოხვდნენ პრაქტიკულად ყველა პროფესიის წარმომადგენლები: გამყიდველებით და მძღოლებით დაწყებული, მენეჯერებითა და ბანკირებით დამთავრებული.

ქალებისთვის რისკის მნიშვნელოვანი ფაქტორია ორსულობა. ბავშვის დამატებითი წონის გამო, ფეხებზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება. ვენებთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად უჩნდებათ ჭარბწონიანებს, აგრეთვე მათ, ვისი საქმიანობაც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს (მტვირთავები, ძალოსნები)

როდესაც ადამიანი დიდხანს ზის ან დგას, მის ფეხებს სტატიკური დატვირთვა ადგება, რომელიც მეტად საზიანოა ვენებისთვის, ხოლო დინამიკური დატვირთვა (როდესაც ადამიანი დადის ან დარბის), პირიქით, მეტად მნიშვნელოვანია. შემთხვევითი არ არის, რომ ფლებოლოგები წვივის კუნთებს "პერიფერიულ გულს" უწოდებენ სწორედ მათი მუშაობა განაპირობებს ქვედა კიდურებიდან სისხლის გადინებას. ამიტომაც მოგვიწოდებენ სპეციალისტები, ხშირად ვიაროთ ფეხით.

რაც შეეხება ორსულებს, მათ ფლებოლოგს ორჯერ უნდა მიმართონ: ორსულობის ადრეულ და გვიან სტადიებში. ცხოვრების ჯანსაღი წესით და სწორად შერჩეული კომპრესიული ტრიკოტაჟით ვარიკოზის თავიდან აცილება შესაძლებელია.

წესი 2. პროფილაქტიკა სჯობს მკურნალობას

ვარიკოზული დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა ფეხის კუნთების რეგულარული დინამიკური დატვირთვა. სასარგებლოა სიარული ფეხით და ველოსიპედით, სირბილი, ცურვა, კიბეზე ასვლა. მოკლედ, რაც უფრო მეტად მუშაობს ფეხის კუნთები, მით უფრო ნაკლებია ვენების დაავადების ალბათობა.

ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომპრესიულ ტრიკოტაჟს. სპეციალური წინდები, კოლჰოტები ახდენს ზეწოლას ვენებზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში, ამსუბუქებს ვენებისა და კუნთოვანი ტუმბოს მუშაობას, ამცირებს გულის დატვირთვას, აქრობს ფეხების დაღლილობას, ტკივილსა და შეშუპებას.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ორი რამ: უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ხარისხიანი კომპრესიული ტრიკოტაჟი და ის უნდა შეგვირჩიოს სპეციალისტმა. თუ კომპრესიის დონე არასწორად შეირჩა, თეთრეულმა შეიძლება უფრო მეტად გვავნოს, ვიდრე გვარგოს.

წესი 3. დროული დიაგნოსტიკა

ბევრს მიაჩნია, რომ დღის ბოლოს ფეხების დაღლილობა, ტკივილიდა შეშუპება ბუნებრივი მოვლენაა, ექიმები კი გვარწმუნებენ, რომ ასე არ არის. თუ ასეთი რამ მხოლოდ მძიმე სამუშაოს შემდეგ კი არა, ჩვეულებრივი დღის ბოლოსაც შეინიშნება, დროა, ექიმს მიმართოთ

ადვილი შესაძლებელია, ეს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის პირველი სიმპტომები იყოს. მით უმეტეს საჭიროა ექიმთან მისვლა, თუ ფეხებზე სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებიც გაგიჩნდათ.

სამწუხაროდ, ბევრი ყურადღებას არ აქცევს ამგვარ "წვრილმანებს" და მხოლოდ მას შემდეგ მიმართავს ექიმს, როდესაც შეშუპება ხშირდება, ერთვის ტკივილი და კრუნჩხვა, შესამჩნევად იბერება მსხვილი სისხლძარღვები. დამატებითი სიმპტომია მსუბუქი ტროფიკული დარღვევები - სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო უარესდება ქსოვილების კვება. ყველაზე ჯიუტ პაციენტებს, რომლებიც ექიმს ამ დროსაც არ მი_მართავენ, შესაძლოა დაავადება გადაეზარდოთ უკანასკნელ სტადიაში, როდესაც კანზე ტროფიკული წყლულებიჩნდება. ეს იმის ნიშანია, რომ დაავადება მეტისმეტად არის მიშვებული და ხანგრძლივი, რთული მკურნალობა დასჭირდება. ცხადია, საქმე აქამდე არ უნდა მივიყვანოთ. რაც უფრო ადრე მივმართავთ ფლებოლოგს, მით უკეთესი იქნება ჩვენიჯანმრთელობისთვის.

წესი 4. ერიდეთ თვითმკურნალობას

ვარიკოზით დაავადებული მრავალი ადამიანი ექიმთან მისვლას თვითმკურნალობას ამჯობინებს. ზოგი ხალხურ რეცეპტებს ჭრის გაზეთებიდან, ზოგი ყიდულობს რეკლამირებულ კრემებს, რომლებიც ფეხების "სიმსუბუქეს" გვპირდება... ვარიკოზის სამკურნალო ხალხური საშუალებების უმეტესობა ნაკლებეფექტურია. რაც შეეხება ვენამატონიზებელ კრემებს, ამ საშუალებებით ვარიკოზისგან ვერ განიკურნებით, თუმცა, უსიამოვნო შეგძნებების შემცირებანამდვილად შეუძლიათ.

სამკურნალო საშუალება უნდა შეარჩიოს სპეციალისტმა თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით. ჩვეულებრივ, ვარიკოზის მკურნალობა კომპლექსურია. უნივერსალური საშუალება, რომელიც ვენების პრობლემებისგან გვიხსნის, არ არსებობს. კომბინირებული მეთოდების არჩევა კი ფლებოლოგის კომპეტენციაა. თვითმკურნალობა დაუშვებელია.

წესი 5. მკურნალობისთვის მიმართეთ პროფესიონალს

ფლებოლოგის მთავარი ამოცანა ქვედა კიდურებში ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგენაა. დაავადების ადრეულ სტადიაში ოპერაციული ჩარევა შესაძლოა არც კი გახდეს საჭირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დაავადების განვითარების შესაჩერებლად საკმარისი აღმოჩნდეს ხარისხიანი, სწორად შერჩეული კომპრესიული ტრიკოტაჟი ვენომატონიზებელი პრეპარატების კურსთან ერთად. შორს წასულ შემთხვევებში კი აუცილებელია ოპერაციული ჩარევა. ქირურგი ფლებოლოგი ამოკვეთს დაზიანებულ ვენებს და ვენურ სისხლს საღ კანქვეშა და უფრო ღრმა ვენებში გადაანაწილებს.

უფრო და უფრო პოპულარული ხდება სკლეროთერაპიავარიკოზის მკურნალობის უოპერაციო მეთოდი, როდესაც დაზიანებულ ვენას კი არ კვეთენ, არამედ ინიექციების საშუალებით შეჰყავთ მასში სპეციალური პრეპარატი. ეს პრეპარატი თითქოს "აწებებს" ავადმყოფ ვენას, რომელიც დროთა განმავლობაში თავისთავად ქრება. ეს უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც არ ტოვებს არავითარ ნაწიბურს, თუმცა ყველა პაციენტისთვის მისი ჩატარება არ შეიძლება. მკურნალობის მეთოდი ექიმმა უნდა შეარჩიოს.

ამ და სხვა სამედიცინო თემებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ "პალიტრა L-ის“ წიგნების ახალი სერიიდან „8 წიგნი ჯანმრთელობაზე“. მასში მკითხველისთვის გასაგებ ენაზე ვრცლად არის განხილული სხვადასხვა გავრცელებული დაავადებები, მათი გამომწვევი მიზეზები, რისკ-ფაქტორები და მკურნალობის თანამედროვე, აპრობირებული მეთოდები.

უკვე გამოვიდა სერიის პირველი ტომი, ხოლო მეორე ტომი 16 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი. წიგნი შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე და ასევე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.