ავტორი:

"თურმე ხერსონელი ძაღლები რუს სამხედროებს სადაც დაინახავდნენ, უყეფდნენ, ჩვენთვის კი ძაღლს არ დაუყეფია" - რას ჰყვება უკრაინელი ჩოგბურთელი, რომელიც უცხოეთიდან სამშობლოს დასაცავად დაბრუნდა

"თურმე ხერსონელი ძაღლები რუს სამხედროებს სადაც დაინახავდნენ, უყეფდნენ, ჩვენთვის კი ძაღლს არ დაუყეფია" - რას ჰყვება უკრაინელი ჩოგბურთელი, რომელიც უცხოეთიდან სამშობლოს დასაცავად დაბრუნდა

ალექსანდრე დოლგოპოლოვი - ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი უკრაინიდან, რომელსაც ოთხი ATP-ის ტურნირი აქვს მოგებული. სამშობლოში ომის დაწყების დროს, სპორტსმენი საზღვარგარეთ იყო, მაგრამ დაბრუნდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა.

საჩოგბურთო კარიერა 2018 წელს დაასრულა, რის შემდეგაც კერძო ბიზნესი დაიწყო. ომის დაწყებისას დედასთან და დასთან ერთად თურქეთში იყო დასასვენებლად. ამბობს, რომ პირველ დღეებში ღამეში ერთი საათი ეძინა, რადგან უყურებდა ახალ ამბებს, ნერვიულობდა, განიცდიდა.

"გავიდა რამდენიმე დღე, შოკმა გამიარა, პანიკა ოდნავ ჩაცხრა. გადავწყვიტე დაბრუნება, რომ სამშობლოს დავხმარებოდი. თურქეთში ვიპოვე ადგილი, სადაც იარაღის სროლას ვისწავლიდი. გამიმართლა და ერთ-ერთი თანამშრომელი ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ერთი კვირა ვსწავლობდი სროლას და მარტის შუა რიცხვებში, რამდენიმე მეგობართან ერთად, უკრაინაში დავბრუნდი და ჩვენს სამხედროებს შევუერთდი.

ოჯახი ჩემზე გვიან დაბრუნდა უკრაინაში. მამა მთელი ამ დროის განმავლობაში კიევში იყო. დედა და და რომ დაბრუნდნენ, კიევში ცხოვრება შედარებით უსაფრთხო იყო.

მახსოვს, მარტის შუა რიცხვებში კიევი დაცარიელდა. ქუჩებში ხალხი აღარ დადიოდა. კიევის მახლობლად აფეთქებების ხმა გაისმა, რასაც ნგრევა მოჰყვა, მაგრამ მარიუპოლთან შედარებით, ქალაქი ხელუხლებელი დარჩა. ზაფხულში ხალხმა დაიწყო დაბრუნება. დღეს უკვე საცობებია და ნათელია, რომ ქალაქი ცხოვრობს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საჰაერო დაზვერვის მიმართულებით დავიწყე მუშაობა. ამისთვის ვემზადებოდი. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მარტივი გამარჯვებით ვერ დასრულდებოდა. მესმოდა, რომ რუსეთში, დიდი ალბათობით, იქნებოდა მობილიზაცია და ყველაფერი გაგრძელდებოდა. ამიტომ გავიარე საჰაერო დაზვერვის კურსები...

ოჯახი ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ საბოლოოდ მიიღეს ჩემი გადაწყვეტილება (ჩემი ნათესავები ახლა უკრაინაში არიან და მათთან ყველაფერი კარგადაა).

ახლა ძირითადად დრონებზე ვმუშაობ: პილოტირება, დაზვერვა, ხელმძღვანელობა, მტრის განადგურება. თვითმფრინავები ამ ომის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელზეც დამოკიდებულია სხვა დანაყოფების მუშაობა.

ჩვენ ვასრულებთ დავალებებს იმ ადგილებში, სადაც გვგზავნიან. ამ დროს ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეხვდე მტერს. დიახ, მტერთან ახლოს ვმუშაობ და ვიცი, როგორ დავიცვა თავი. ვაგრძელებ იარაღის შესწავლას, ვარჯიშს.

ჩვენს განყოფილებაში ქალებიც არიან. ყველა სხვადასხვა საქმით არის დაკავებული. ბრძოლის ველზე მხოლოდ დასახულ ამოცანაზე ვარ ორიენტირებული: დავრჩე ცოცხალი, დავიცვა თავი და ვაკეთო ის, რაც დავალებული მაქვს. აქ ყველას ესმის, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოკვდე. წინა ხაზზე რომ მიდიხარ, ამ დროს ისვრიან ნაღმტყორცნებიდან, გხვდებიან ტანკები, თვითმფრინავები. ყოველთვის საფრთხეში ხარ, სადაც არ უნდა იყოთ. როდესაც მისიაზე გავდივარ, ყოველთვის სიკვდილის პირას ვდგავარ, რომ არ გამიმართლოს ან რომ შევცდე... მტერი ყველგან არის და ცდილობს მაქსიმალური ზიანი მოგვაყენოს.

მაგრამ ყველაფერს ეჩვევი. ჩვენ ვიცით, რისთვისაც ვიბრძვით. ეს არის ჩვენი სახლი, ჩვენი ხალხი. ყველას აქვს საკმარისი მორალური ძალა და მოტივაცია ომის გასაგრძელებლად.

უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებს უხარიათ ჩვენი დანახვა. გვეხმარებიან, კარგად გვექცევიან. ახლახან ხერსონში ოკუპაციის ზონაში მყოფ გოგონას ვესაუბრეთ. მან თქვა, რომ რუსი ჯარისკაცები საშინლად იქცეოდნენ, მთვრალები შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ თქვა, რომ ხერსონი არ დანებდებოდა. თურმე ხერსონელი ძაღლები რუს სამხედროებს სადაც დაინახვდნენ, უყეფდნენ, ჩვენთვის კი ძაღლს არ დაუყეფია.

უკრაინა ახლა უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე. ყველამ იცის, სადაც არ უნდა ვიყოთ, რომ გვყავს მხოლოდ ერთი მტერი - რუსეთი და მისი საოკუპაციო კრიმინალური ჯარები. ამხანაგმა პუტინმა და რუსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უკრაინის მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში და, შესაძლოა, შემდგომი საუკუნეების განმავლობაშიც კი, ზიზღი ჰქონდეს ყველაფრის მიმართ, რაც რუსულია.

რუსეთისთვის ომი კარგად არ დასრულდება. ამ ქვეყნის მომავალი გაანადგურეს პუტინმა და პროპაგანდისგან გადარეულმა ბოროტმა ადამიანებმა. პირადად მე, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, რა ბედი ეწევა რუსეთს, ისინი ყველაფერ ცუდს იმსახურებენ. წყარო