ავტორი:

ხვიჩას "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - ქართველი მოედანზე ბრწყინავდა: კვარაცხელია ისევ შეუჩერებელია

ხვიჩას "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - ქართველი მოედანზე ბრწყინავდა: კვარაცხელია ისევ შეუჩერებელია

სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც ერთმანეთს იტალიური ჩემპიონატის ლიდერები დაუპირისპირდნენ - ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და გაიმარჯვა, ანგარიშით: 5:1.

მასპინძელთა გუნდის ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და უდიდესი როლი ითამაშა მატჩის ბედის წარმართვაში.

პირველი გოლი "იუვენტუსის" კარში ვიქტორ ოსიმენმა მე-13 წუთზე გაიტანა. შეტევა წამოიწყო სწორედ ხვიჩამ, რომელმაც მოწინააღმდეგის საჯარიმოში გათამაშების შემდეგ, ბურთი ულამაზეს, აკრობატულ ვარდნაში დაარტყა, რაც გაჭირვებით მოიგერია "იუვენტუსის" პოლონელმა გოლკიპერმა ვოიჩეხ შჩესნიმ, დამატებაზე კი ყველას დაასწორო ოსიმენმა და თავური დარტყმით გაიტანა.

38-ე წუთზე კი უკვე ოსიმენის პასის შემდეგ ქართველმა გარემარბმა შეაგდო შჩესნის კარში გოლი და "ნაპოლი" დააწინაურა. ეს ქართველის მე-7 გოლია სერია A-ში.

42-ე წუთზე "იუვენტუსის" არგენტინელმა შემტევმა დი მარიამ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო და პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიშით: 2:1.

54-ე წუთზე "ნაპოლი" ისევ ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი "იუვენტუსის" კარში "ნაპოლის" მცველმა ამირ რაჰმანმა გაიტნა.

64-ე წუთზე ოსიმენმა კიდევ ერთი გოლი შეაგდო, ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიას პასით. ქართველმა საჯარიმოში ისე ჩააწოდა, რომ ოსიმენს პირდაპირ თავზე "დაასვა" ბურთი და მანაც უზადოდ დაარტყა.

71-ე წუთზე ანგარიში 5:1 გახდა, ბურთი ელიფ ელმასმა დი ლორენცოს პასის შემდეგ გაიტანა.

ხვიჩა მე-2 ტაიმში კიდევ უფრო აქტიური იყო და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გამოსდიოდა, მაყურებელმა იხილა კარშიც დარტყმა, უზუსტესი პასებიც და დრიბლინგიც. ამ მატჩის შემდეგ კრიტიკოსებს, რომლებმაც ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებისა და 2 რთული მატჩის შემდეგ მის მიმართ უარყოფითი შეფასებები არ დაიშურეს, ხვიჩას თაობაზე გამოთქმული სკეპტიკური პროგნოზების უკან წაიღება მოუწევთ. ქართველი ძველებურად ათამაშდა და "ნაპოლის" თამაშის ხარისხიც გაუმჯობესდა. სპალეტიმ ხვიჩა 87-ე წუთზე შეცვალა, კვარაცხელია მარადონას სახელობის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ფეხზე წამომდგარმა, ტაშით გააცილა...

იხილეთ ასევე: