ავტორი:

ვაჭრობა მმართველ პარტიასთან და შურისძიება სააკაშვილზე? - რისთვის სჭირდებათ კეზერაშვილ-მერაბიშვილს "ნაციონალური მოძრაობა"

ვაჭრობა მმართველ პარტიასთან და შურისძიება სააკაშვილზე? -  რისთვის სჭირდებათ კეზერაშვილ-მერაბიშვილს "ნაციონალური მოძრაობა"

არ წყდება ლაპარაკი სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე. სასამართლო პროცესზე ერთმა ექსპერტმა ისიც თქვა, რომ ეს შეიძლება პირველად გასული წლის მარტში მომხდარიყოო. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა მისი მოქალაქის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე კვლევის ჩატარებას აპირებს. ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- პირადად მე არ მჯერა, რომ მოწამვლის მიზანმიმართული ცდა ყოფილიყო. უფრო არ გამოვრიცხავ, რომ თუ ბევრ მედიკამენტს იღებდა, მათმა ურთიერთქმედებამ გამოიწვია გართულებები. ის დიდხანს შიმშილობდა, შესაბამისად, მისთვის შემდგომ საკვების მიცემისას შეიძლება ყოფილიყო დაშვებული შეცდომები, რაც, დიდი ალბათობით, უფრო უვიცობის ბრალი შეიძლება იყოს.

თუ დავუშვებთ, რომ ის მართლაც მიზანმიმართულად მოწამლეს, არ მჯერა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების გაკეთებულია, რადგან სააკაშვილის დაზიანება ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ. უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შედის მასთან, ვის რა შეაქვს აკონტროლებს ვინმე? აი, აქ შეიძლება იყოს უფრო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ქვეყნის გარედან მისი მოწამვლის შესაძლებლობა, მაგრამ ესეც ნაკლებად სავარაუდო მგონია. ასეთ შემთხვევაში სპეცსამსახურებს საქმის ბოლომდე მიყვანა არ გაუჭირდებოდათ. არ ვიცი, რას გამოიკვლევს უკრაინა, მაგრამ ამას უზარმაზარი სამედიცინო-საექსპერტო კვლევები სჭირდება, რაც აუცილებლად ჩასატარებელია.

- მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება, რამაც უკიდურესად გაამწვავა ვითარება პარტიაში, ფარული ჩანაწერებით მანიპულაციაც კი ვნახეთ.

- რაც ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, მიკრომოდელია იმისა, რაც ქვეყანაში ხდება, როდესაც პირადი ინტერესები ამოძრავებს მთელ პოლიტიკურ ელიტას, რომლის მთავარი დევიზიც არის, მე ვარ და ჩემი ნაბადი, დანარჩენი ყველაფერი წყალსაც წაუღიაო. პარტიისთვის დამანგრეველია ასეთი დაპირისპირება და განხეთქილება. შეიძლება ჩატარდეს პარტიაში არჩევნები, ეს დემოკრატიული პროცესია, მაგრამ არა ასეთი კონფლიქტით. თუ გინდა რეიტინგის შენარჩუნება, ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცე.

ტექნოლოგიურად კი იქცევიან ისე, როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას სხვებს ექცეოდნენ, არაფერი ახალი მაგათ მოქმედებაში არ არის.

ერთმანეთის დისკრედიტაციის გაუთავებელი ცდა ქართული პოლიტიკის ისეთ თანამდევად იქცა, რომ აღარც გვიკვირს, შევეჩვიეთ ამ სიბინძურეს, რაც დიდი უბედურებაა. პოლიტიკოსები სულ არ მადარდებს, მაგრამ ეს მთელ საზოგადოებას რყვნის - თუ პოლიტიკოსებისთვის ყველაფერი დაშვებულია და საკუთარ განცხადებებსა და მოქმედებებზე პასუხს არ აგებენ, გამოდის, რიგითმა მოქალაქემაც შემიძლია იგივე ვაკეთო. რისთვის უნდათ ამ ადამიანებს "ნაციონალური მოძრაობის" სათავეში ყოფნა, საკითხავია. ამ ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი უმცირესია. აქედან გამომდინარე, იმიტომ უნდათ, რომ ფულადი რესურსები მართონ და პირადი სარგებელი მიიღონ.…

როგორც თვითონვე ამბობენ, ხაბეიშვილის ჯგუფის უკან მერაბიშვილ-კეზერაშვილი დგანან. მათ პარტია იმისთვის უნდათ, დიდი ალბათობით, რომ მმართველ ძალასთან უკეთესად ივაჭრონ. ამასთანვე, ჩემი აზრით, აქ შურისძიების მოტივიც ძლიერია. უნდათ პარტიას მიხეილ სააკაშვილის გავლენა მთლიანად მოაცილონ. სხვათა შორის, მე ისიც მეჩვენება, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაშიც მერაბიშვილისა და კეზერაშვილის როლი მნიშვნელოვანი იყო. ეს ვარაუდია, მაგრამ პროცესების ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს შეიძლება ძალიან ახლოს იყოს რეალობასთან. ეს ვითარება ხელისუფლებასაც აწყობს, რადგან დღეს გაცილებით მნიშვნელოვან თემებზე ლაპარაკის ნაცვლად ვლაპარაკობთ ჩანაწერებზე, სააკაშვილის გათავისუფლებაზე, "ნაციონალური მოძრაობის" დაპირისპირებაზე და ა.შ. ამ დროს ქვეყნის უსაფრთხოების უმწვავესი პრობლემები არავის ახსოვს.…

ჩვენ დიდი ხანია გადავედით პოლიტიკური ცხოვრების იმ დონეზე, როდესაც ერთმანეთისთვის სულელის ძახილის გარდა, არაფერი ხდება. ამიტომ ვამბობ, უდიდესი პრობლემაა-მეთქი ის, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგია არ არსებობს, წუთიერი ინსტინქტებით იმართება ქვეყანა, რომელსაც ამასობაში ვკარგავთ. წარმოიდგინეთ, მომავალში, ასი წლის შემდგომ, ისტორიის სახელმძღვანელოში "ნაციონალურ მოძრაობასა" თუ "ქართულ ოცნებაზე" ორიოდე პწკარი თუ დაიწერება და ამისთვის ღირს ამხელა უბედურების ქვეყნისთვის თავს დატეხა?.. შეხედეთ, დიდ ბრიტანეთში ქვეყნის პრემიერმინისტრობიდან ქალბატონი ტრასი იმიტომ გადადგა, რომ ერთი პატარა დანაპირები ვერ შეასრულა, აი, ეს არის სახელმწიფო მიდგომა, დემოკრატია, როდესაც ქვეყანა და ხალხი შენს კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანია. ჩვენთან ეს რომ ვინმეს გაეკეთებინა, შერეკილი ეგონებოდათ და ელდარ შენგელაიას მის გამოსაკვლევად დაუძახებდნენ. ჩვენთან აცდენილია ერთმანეთთან მორალური კრიტერიუმები. ჩვენ კონფორმიზმი ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელ ნაწილად ვაქციეთ. წაიკითხეთ სრულად