ავტორი:

"შთაბეჭდილება ისეთი დარჩა, რომ ამ უწიგნურ და, უკაცრავად და, ძალიან სერიოზულად დაქოქილ ადამიანებს ეძლევა საშუალება, რომ მართონ ქვეყანა" - ლევან ბერძენიშვილი

"შთაბეჭდილება ისეთი დარჩა, რომ ამ უწიგნურ და, უკაცრავად და, ძალიან სერიოზულად დაქოქილ ადამიანებს ეძლევა საშუალება, რომ მართონ ქვეყანა" - ლევან ბერძენიშვილი

15 იანვარს, რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელს, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ყვარელში საჯარო ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ადგილზე შეკრებილებმა "ყვარლის ევროკლუბის" შენობის პიკეტირება მოაწყეს, რის გამოც ორგანიზატორებს შეხვედრის გადადება მოუწიათ. ბერძენიშვილის თქმით, აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან წესით რეაგირება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა, მისივე სიტყვებით, სახელისუფლებო პარტიის ერთი მხარდამჭერიც არ მოიძებნა, ვინც მომხდარს ნეგატიურ შეფასებას მისცემდა.

"ჩვენ რომ სახელმწიფოებრიობა გვქონოდა, ხელისუფლება ყასიდად მაინც იტყოდა, რომ ის აღშფოთებულია ან შეწუხებულია, რადგან მოქალაქეს არ მიეცა საშუალება, ლექცია წაეკითხა. არანაირ კრიმინალს ჩვენ არ ჩავდიოდით, ნამდვილად ვიცი, ვინ როგორ იქცეოდა - მე ვიქცეოდი წყნარად, აუღელვებლად, არ ჩავერიე, არ შევედი დისკუსიაში, ავიტანე ყველაფერი, თუმცა კი აღარ ვარ პოლიტიკური ფიგურა, რომ ყველაფრის ატანის, თმენის ვალდებულება მქონდეს.

რა თქმა უნდა, მე ერთი წამით არ გამიჩნდება აზრი, რომ ყვარელი ან კახეთი, საქართველო - ყველა ასე ფიქრობს და სხვა, მაგრამ შთაბეჭდილება ისეთი დარჩა, რომ ამ უწიგნურ და, უკაცრავად და, ძალიან სერიოზულად დაქოქილ ადამიანებს ეძლევა საშუალება, რომ მართონ ქვეყანა. იმას, სად ჩატარდება ლექცია, სად არ ჩატარდება ლექცია, წყვეტს ადამიანი, რომელმაც სიტყვა ლექციის მნიშვნელობა არ იცის.

სახელისუფლებო პარტიის ერთი მხარდამჭერი არ მოიძებნა, ვინც თქვა, რომ ყველაფერი, მაგრამ ლექციის ჩატარების ჩაშლა არ არის სასიხარულო ამბავი. ყველას მოეწონა, მთავარი ეს არის, რომ ამ მომხრეებისთვის ასეთი პატარა გამარჯვებები, თურმე, ძალიან საჭიროა. პირიქით, აღფრთოვანებულები არიან, მათ შორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებიც გაცილებით უკეთ ერკვევიან, ვიდრე იქ მოყვანილი ოროსანი სუფლიორები. მოვუწოდებ მათ - მე ოთხ უნივერისტეტში ვასწავლი, მობრძანდნენ და თბილისშიც ჩამიშალონ, ხომ დამპირდნენ, რომ საერთოდ ამ ქვეყნიდან გამაძევებენ. ხელისუფლების მომხრეები ვერაფრით ვერ ხვდებიან, როგორ ხევენ უკან ქვეყანას. სხვათა შორის, ჩვენ მანქანა არ მოგვიბრუნებია, ჩვენ უკუსვლით წავედით, როგორც მთელი ქვეყანა.

ხელისუფლება, რომელიც იმ კაცის იმედზეა, მე რომ დღეს მელაპარაკებოდა, მკვდარია. მან, შეიძლება, ამის შესახებ არ იცის, მაგრამ ვწუხვარ, რომ ჩანაწერს ვერ ვაკეთებდი. მე არ მინდოდა, ტელეფონი ამომეღო და მათსავით მოვქცეულიყავი. არ ვთვლი თავს ამ ხალხის თანასწორად და მე მათთან დიალოგში ვერ შევალ. სიამოვნებით შევიდოდი დიალოგში იმათთან, ვინც უწერს ამ სცენარებს, ოღონდ იმასთანაც მაქვს შენიშვნები, რომ კარგი იქნებოდა, თავის დროზე, როცა სტუდენტები იყვნენ, მეტი ყურადღება მიექციათ მშობლიური ენისთვის და, საერთოდ, კულტურისთვის. " - განაცხადა "ფორმულას" ეთერში ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახელების ნაწილის გულისწყრომა ლევან ბერძენიშვილის მიერ მეფე ერეკლე მეორესთან დაკავშირებით გამოთქმულმა მოსაზრებამ გამოიწვია.

"ვიდრე ერეკლე მეორე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, ღარიბაშვილი გამოვა და იკითხავს, - ომი გინდათო? ერეკლე მეორემაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინდათო?.." - თქვა ბერძენიშვილმა გასულ წელს.

ამის შემდეგ, ბერძენიშვილის წინააღმდეგ თელავში საპროტესტო აქციაც კი გაიმართა. სამოქალაქო საზოგადოება, ცნობილი სახეები, მსახიობები და საჯარო მოხელეები შეიკრიბნენ და ბერძენიშვილს "ენის დამოკლებისკენ" მოუწოდეს.

მოგვიანებით, თელაველების ნაწილმა მათ ქალაქში საჯარო ლექციის ჩასატარებლად ჩასული ლაშა ბუღაძე და ბუკა პეტრიაშვილი მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს. ბუღაძემ მაშინ განაცხადა, რომ საკრებულოს წევრები მათგან ლევან ბერძენიშვილის "დაგმობას" მოითხოვდნენ.

ასევე იხილეთ: