ავტორი:

"თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ღმერთს ვუთხარი, წამიყვანე... სიკვდილის არ მეშინია. ლამაზი ცხოვრებით ვიცხოვრე" - რას ამბობდა ვახტანგ კიკაბიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში

"თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ღმერთს ვუთხარი, წამიყვანე... სიკვდილის არ მეშინია. ლამაზი ცხოვრებით ვიცხოვრე" - რას ამბობდა ვახტანგ კიკაბიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში

15 იანვარს, 84 წლის ასაკში ლეგენდარული მომღერალი და კინოვარსკვლავი ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოში სტუმრად მყოფ რუს ჟურნალისტს ქსენია სობჩაკს ინტერვიუ მისცა YouTube არხისთვის "Cution: Sobchak". გთავაზობთ საინტერესო მომენტებს ინტერვიუდან:

  • უკრაინა

ახლა რაც ხდება, ამაზრზენია. რასაც იქ გაუწვრთნელი ბიჭები აკეთებენ, ეს არის შემოსევა. უკრაინელები არ დათმობენ თავიანთ მიწას. რუსეთში არის ოპოზიცია, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია, მაგრამ თუ რუსი ადამიანის სული პროტესტით იფეთქებს, მაშინ სერიოზული დაპირისპირება იქნება. პუტინმა სამშობლო დაანგრია, ასეთი სანქციები არავის ჰქონდა, ღმერთმა ქნას, ეს უკანასკნელი იყოს. თუ ზელენსკი დათანხმდება მოლაპარაკებებს, ამან შეიძლება პუტინი სიკვდილისგან იხსნას. თუ ჭკვიანი ადამიანია, მოლაპარაკება სთხოვოს, ზელენსკის ხელი ჩამოართვას და სახლში წავიდეს. ამას მთელი რუსეთი დააფასებს.

  • ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ

"კარგი პრეზიდენტია, განათლებული, ახალგაზრდა და მამაცი. მხოლოდ გამარჯვებას ვუსურვებ. უკრაინა ახლა გათავისუფლდა ბევრი რამისგან, რაც გამოიგონა და დააწესა საბჭოთა კავშირმა", - თქვა კიკაბიძემ.

მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა, სააკაშვილს დახმარებოდა, - "მან (ზელენსკიმ) თქვა: "ყველაფერს გავაკეთებ". მესამე დღეს ეს ქალი [ომბუდსმენი] ჩამოვიდა, არაფერი მომხდარა“, - თქვა კიკაბიძემ.

  • მამის შესახებ

"მამაჩემი ჟურნალისტი იყო, ქერჩში გაუჩინარდა. მერე პარიზში შევხვდი ქართული დიასპორის პრეზიდენტს, ვკითხე, იცნობ თუ არა ასეთ ადამიანს და ფოტო ვაჩვენე. მიპასუხა, რომ იცოდა, მაგრამ სხვა გვარი ჰქონდა. 1955 წელს დედაჩემმა კარის ქვეშ წერილი იპოვა და გაარკვია, რომ მამაჩემი ფრონტზე არ მომკვდარა, როგორც ყველას გვეგონა. წერილში ეწერა, რომ რომელიღაც სახლში დედაჩემის მეგობარი სტუმრობდა ტყვეობიდან დაბრუნებულ კაცს. 1955 წელს ცოცხალი იყო, ამიტომ სადმე უნდა ყოფილიყო. ძალიან ძნელია გაიზარდო მამის გარეშე", - თქვა კიკაბიძემ.

მსახიობის მამა კონსტანტინე კიკაბიძე ომის კორესპონდენტად მუშაობდა. დიდი სამამულო ომის დროს, 1942 წლის დეკემბერში, ქერჩის მახლობლად გაუჩინარდა.

  • გიორგი დანელიას შესახებ

"ძალიან უჩვეულო ადამიანი იყო. როცა დანელია გარდაიცვალა, თითქოს ხელი მომაჭრეს", - იხსენებდა კიკაბიძე.

ცნობისთვის, ვახტანგ კიკაბიძე და რეჟისორი გიორგი დანელია 45 წელი მეგობრობენ. ერთმანეთი 1960-იანი წლების ბოლოს ფილმზე - "არ დაიდარდო!“ მუშაობისას გაიცნეს. როდესაც დანელია 2019 წლის გაზაფხულში გარდაიცვალა, კიკაბიძემ თქვა, რომ "თითქოს მარჯვენა ხელი მოკვეთეს“. მან ძალიან მძიმედ გადაიტანა მეგობრის სიკვდილი. ვახტანგი დანელიასთან გამოსამშვიდობებლად არ მისულა, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადაწყვიტა რუსეთის საზღვარი არასდროს გადაეკვეთა.

  • სიკვდილის შესახებ

"სამი დღის წინ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. დავწექი და ვუთხარი: "უფალო, წამიყვანე, როგორ, არ მაინტერესებს“. ერთი თირკმელი არ მუშაობს. ჰემოდიალიზს ვიკეთებ, ეს ხდება კვირაში სამჯერ, ოთხი საათის განმავლობაში. ასუფთავებენ სისხლს, მერე თრომბებიც ჩნდება. მეგონა რომ მოვმკვდაიყავი, უფრო ადვილი იქნებოდა. ჩემი დადებითი თვისება ისაა, რომ სიკვდილის არ მეშინია. მე ვიცხოვრე ლამაზი, ბედნიერი ცხოვრებით. ხანდახან ეკლესიაში დავდივარ, იქ სიწყნარეა... სანთელს ვანთებ...“ - ამბობდა კიკაბიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.