ავტორი:

"17 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი... ბინა არ მიყიდია თბილისში, მხოლოდ სოლოლაკის სახლი მაქვს ისევ, თუმცა დავეხმარე ახლობლებს" - როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება?

"17 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი... ბინა არ მიყიდია თბილისში, მხოლოდ სოლოლაკის სახლი მაქვს ისევ, თუმცა დავეხმარე ახლობლებს" - როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება?

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხშირად ვეხმიანებით ხოლმე. ამ საახალწლოდ ამერიკაში მყოფ ცუცა კაპანაძეს დავუკავშირდით. როგორც ცუცა გვეუბნება, მე-17 წელი დაიწყო, რაც აშშ-ი იმყოფება. ამერიკის მოქალაქე კი არის, მაგრამ საქართველოში 4 წელიწადში აპირებს დაბრუნებას.

ჩვენი შეხმიანება გაუხარდა და ეს ინტერვიუც მისთვის ჩვეულ სტილში, სულ ხუმრობასა და სიცილ-სიცილში ჩავიწერეთ...

- სექტემბერში 17 წელი გახდება, რაც ამერიკაში ვარ და არც კი მგონია, თუ ამხელა დრო გავიდა. თითქოს ახლა ჩამოვედიო. არ მინდა, წლები დავითვალო... ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში აქტიური არ ვიყავი - ტელევიზია, თეატრი, ბევრი რამ იყო, დრო იქაც გარბოდა, მაგრამ, მას მერე, რაც დედამიწის ღერძი გადაიხარა, ვფიქრობ, ცხოვრება უფრო აჩქარდა. მალე თენდება და ღამდება. მოიხედავ და წელიც გავიდა... სკოლაში, ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, დრო როდის გავიდოდა, იმაზე ვფიქრობდი, რომ სწავლა მალე დამესრულებინა... სოციალურმა ქსელმაც თითქოს მონატრების გრძნობა გააქრო, ყოველ წუთში შეგიძლია, ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერს დაელაპარაკო. ამან ბევრი რამ კი გააადვილა, მაგრამ იმაზე არ ვფიქრობთ, რომ ამ აჩქარებაში წლები მალე მოგვემატა...

- როდესაც ასაკზე საუბრობენ, ვფიქრობ, ამ დროს ადამიანის შინაგან მდგომარეობას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ლაღი, თავისუფალი, შეუპოვარი ადამიანი, თითქოს ნაკლებად ბერდება... მიმაჩნია, რომ შენ ასეთ ადამიანთა რიგს განეკუთვნები...

- მართალი ხარ, მაგ კატეგორიას მივეკუთვნები, არ მინდა, ასაკზე ვიფიქრო, თუმცა ასაკს არ ვმალავ. 2 იანვარს 63 წლის გავხდი. ამას რომ ვამბობ, მეუბნებიან, გაჩერდი, არ თქვაო. ხანდახან რომ ვცელქობ, ვანცობ, ვცეკვავ, ვმხიარულობ, ჩემი კლასელები მწერენ, რა ბედნიერებაა, რომ გიყურებთ, გვგონია, ასაკი არ გვემატებაო... ერთი მხრივ, ეს კარგია. თუმცა ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის სევდა, საფიქრალი, რასაც ზოგჯერ ვერავის მოუყვება და არც არის საჭირო ზედმეტი წუწუნი. რომ ივიშვიშო, რას გიშველის?!. უარესია. ამიტომ ჩემს თავს ვეუბნები, - აბა, გამხნევდი, შენი თავის პატრონი შენ ხარ. ცუდზე არ იფიქრო, გაიღიმე, იცეკვე, იმხიარულე... ესეც თერაპიაა და სხვანაირად არც გამოდის. თან, ამ დროს სხვებსაც ამხნევებ...

- 2 იანვარს, ბედობას ყოფილხარ დაბადებული...

- სანამ საქართველოში ვიყავი, სოლოლაკში მაქვს პატარა ბინა და დაბადების დღეს იქ აღვნიშნავდი. ინსტიტუტის მეგობრები 1-ელში მოდიოდნენ, თეატრის - ხალხი 2-ში. ისინი ახლაც ასე არიან, ნაწილი 1-ელშიც მილოცავს, ნაწილი - 2-ში... საქართველოში, ალბათ, 5-6 წლის განმავლობაში, ვიღაც პიროვნება ჩემი სიმაღლის ვარდებს მიგზავნიდა. დღემდე არ ვიცი, ვინ იყო. რომელი ინგა მე ვიყავი, ან რომელი მურტალო ის იყო, მაგრამ ასე ხდებოდა. ვარდები მეზობლის ბიჭს ამოჰქონდა. ვინ გამოგატანა-მეთქი? - ვეკითხებოდი. არ ვიცი, ვიღაც კაცი იყოო.

- მას მერე კიდევ ხომ არ შეუხსენებია თავი?

- არსაიდან ხმა, არსით ძახილი (იცინის) და აქვე მახსენდება სიმღერა: „ვარდები არ არიან“... ადრე ერთი გადაცემა იყო, ნინო ზაუტაშვილს და მერაბ ფიფიას მიჰყავდათ. ერთხელაც დაბადების დღეზე ლაპარაკობდნენ და რაღაც კონტექსტში მე მახსენეს. როგორც ჩანს, მაგ დროს, მათ ერთი მოქეიფე ჯგუფი უსმენდა, რატომღაც ჩათვალეს, რომ ჩემი დაბადების დღე იყო და ჩემთან წამოვიდნენ. საღამო იყო, სახლში ვიყავი და ფანჯარასთან ხმა შემომესმა - ქალბატონო ცუცააა - ვიღაცები ყვირიან. ამ შუაღამისას ნეტავ, ვის გავახსენდი-მეთქი? გადავიხედე და ადამიანები დაბადების დღეს მილოცავდნენ და დაბლა ჩამობრძანდითო - ქვემოთ მიხმობდნენ. მადლობა, მაგრამ დღეს არ არის ჩემი დაბადების დღე-მეთქი. ჩამობრძანდით, თორემ ყველანი მანდ ამოვალთო. მეზობლები რომ არ გადარეულიყვნენ, საერთო კორიდორია, - ახლავე მოვდივარ-მეთქი... ჩავედი. საბარგული გახსნეს, ერთი ყუთი შამპანური გადმოიღეს, შოკოლადები, მერე ხელი მტაცეს და მანქანის კაპოტზე შემომსვეს. შენ გაგიმარჯოს მერვეკლასელოო, - მეუბნებოდნენ. ჩემი დაბადების დღე იანვარშია, ახლა ზაფხულია, ცხელა, ჯერ ადრეა - ვუხსნიდი. ახლა დაგცხება შენ, დალიე, იცოდეო...

...ჩემი მშობლები რომ გარდაიცვალნენ, უკვე 23 წელია, პირადად მე დაბადების დღეს აღარ ვიხდი... 40 წლის რომ გავხდი, 12 თებერვალს მამაჩემი გარდაიცვალა. ხომ ამბობენ, 40 წლის რომ გახდები, არ უნდა გადაიხადოო. ეტყობა, ეს ჩავიხვიე და ცუდად მენიშნა. ჩემს გამო მოხდა-თქო... არადა, მე არ გადამიხდია, მეგობრებმა ჩემ გამო რესტორანი დახურეს... მას მერე იუბილეს აღნიშვნა შევწყვიტე. მამაჩემი 60 წლის იყო, დედა - 61-ის...

- არც ამერიკაში იხდი დაბადების დღეს?

- არა, მაგრამ მეგობრები ხან რომელ ბარში მეპატიჟებიან, ხან - რომელში. წელს მეგობარმა ანი გადელიამ „მეტროპოლიტენ“ ოპერაში დამპატიჟა, „ჯადოსნურ ფლეიტაზე“ ვიყავით და ეს ყველაზე კარგი საჩუქარი იყო... 60 წლის რომ გავხდი, ჩვენი ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ლიკა სირელსონმა ითავა და სიურპრიზი მომიწყო. მთელი სტუდია - ბავშვები, მშობლები რესტორანში შეიკრიბნენ.

ისეთი მხიარულება იყო, აღარავის უნდოდა სახლში წასვლა. მერე ამბობდნენ, შენი დაბადების დღე როგორიც იყო, ასეთი აქ არც ყოფილაო. როგორიც ვარ, ისეთი იყო ჩემი დაბადების დღე-მეთქი. არ გავჩერებულვარ, იმდენი ვიცეკვე. არადა, არ ვიცოდი, თუ ამას აპირებდნენ, შოკი დამემართა, იმდენი ხალხი რომ დავინახე.

- შობა-ახალ წელს როგორ ხვდებით ამერიკაში ქართველები?

- შობას ზოგი რესტორანში ხვდება, ზოგი სახლს ქირაობს, სხვადასხვანაირად. მე ყოველთვის ჩემს მეგობრებთან ვხვდებოდი - ლიკასთან და ვიქტორთან, საკუთარი სახლი აქვთ. წელს ქართველ-იტალიელის რესტორანში საახალწლო შოუს წაყვანა მთხოვეს. მშვენიერი საღამო გამოვიდა. რაც შეეხება შობას, 7 იანვარს, ყოველთვის ეკლესიაში ვარ. ეს აუცილებელია. წელსაც ასე იყო.

- საქართველოში ყველა გიცნობდა, უცებ ამერიკაში აღმოჩნდი, სადაც სრულიად უცხო ადამიანი იყავი... ემოციურად როგორი იყო ეს?

- ძალიან ძნელია, როცა უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად სერიოზულ ასაკში მიდიხარ. შენ ქვეყანაში კი იყავი პოპულარული, მაგრამ იქ არავინ ხარ. მერე რა, თუ საქართველოში ყველა გცნობდა? მაგრამ მე ამ ქვეყნის მადლობელი ვარ. თბილად მიმიღო, შემიყვარა. ჩემი შრომით, კარგი საბუთებით მივიღე ექსტრაორდინარი, მწვანე ბარათი, ორ წელიწადში კი მოქალაქეობა და უკვე ამდენი წელია, ამერიკის მოქალაქე ვარ... აშშ-ში ჩამოსვლამდე მსოფლიო მქონდა მოვლილი, ამერიკაშიც 7-ჯერ ვიყავი გასტროლებზე ნაყოფი (პირველად 1988 წელს), ევროპა და იაპონია - სად აღარ ვყოფილვარ, მაგრამ თუ საცხოვრებლად ოდესმე აქ ჩამოვიდოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი... არასოდეს მიფიქრია... ისეთ დროს მომიწია აქეთ წამოსვლამ, როცა აღაც „პასიანსი“ იყო და თეატრშიც ხელფასი 80 ლარი მქონდა. ამიტომ, მეგობრებმა მითხრეს, მოდი, ჩამოდი, გაიუმჯობესე შენი პირობები, ნახე, გაიკეთე საბუთები. თუ არ მოგეწონება, რა დაგიშლის, ადგები და წახვალო. წამოვედი. ცხოვრების პირობები გავიუმჯობესე, მართალია, ბინა არ მიყიდია თბილისში, სოლოლაკის სახლი მაქვს ისევ მხოლოდ, მაგრამ მყოფნის, თან, ისეთი ხელფასიც არ მაქვს, რომ ამას გასწვდენოდა. დავეხმარე ოჯახის წევრებს, ახლობლებს...

- მგონი, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა მაინც ისაა, რომ გახდი ძალიან დიდი და შემდგარი ქვეყნის მოქალაქე....

- აბსოლუტურად, გეთანხმები. თავისუფალი ჩემს ქვეყანაშიც ვიყავი, ვინ რას მიშლიდა?! თავისუფლებას გააჩნია, რა გაგებით უდგები, თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რაც მოგინდება, ყველაფერი გააკეთო, ჩარჩო და საზღვარი ყველაფერს აქვს. არის რაღაცები, როცა ზღვარს არ უნდა გადახვიდე. ბევრის უფლება არ უნდა მისცე თავს. ამერიკაში ცხოვრებაც ამას არ ნიშნავს. აქ ცხოვრება დიდ გამოცდილებას გაძლევს, ბევრი რამის გადაფასება გიწევს. შენს ქვეყანას სხვა თვალით და სიყვარულით უყურებ. სხვანაირად გტკივა. შრომის და თითოეული თეთრის ფასს უფრო სწავლობ და კანონმორჩილი ხდები. ამ ქვეყნის კანონს პატივს სცემ. სხვა უფლება არ გაქვს, რადგან აქ კანონის უზენაესობაა... ნეტავ, საქართველოში შევძლოთ ასევე ცხოვრება. თუ კანონმორჩილები არ ვიქნებით, დიდხანს გაგვიჭირდება. კანონი ყველასთვის ერთნაირად უნდა არსებობდეს...

- 2023 წელს რა შემოქმედებითი გეგმები გაქვს?

- ნიუ-იორკის ქართული თეატრი მუშაობას იწყებს სპექტაკლზე, რეზო კლდიაშვილის „იადონას თეატრი“. ორკაციანი პიესაა, რომელსაც ბატონი ნუგზარ ბუცხრიკიძე დადგამს, ამისთვის საქართველოდან ჩამოვა. მე და მერაბ მაისურაძე, მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი ვითამაშებთ. ნავსი გატყდა, კოვიდის მერე, თითქმის სამი წელი გაჩერებულები ვიყავით. ძნელია, როცა შენს საყვარელ საქმეს არ აკეთებ. ეს არის საქმე, რომელიც აქ ყველას გვაცოცხლებს. სულ ვამბობთ, რომ ქართული კულტურის ცენტრმა და თეატრმა გადაგვარჩინა. პირველი სპექტაკლი, 2008 წლის 15 სექტემბერს რომ ვითამაშეთ, დავიყვირეთ, - „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“... ბავშვების თეატრი შევქმენი, 3 წლიდან 10 წლამდე პატარებთან ვმუშაობ და ივნისში მექნება სპექტაკლის „ბულბულის იუბილე“ პრემიერა. აპრილში გერმანიაში და ესპანეთში გადაღება მეწყება. ნოდარ მარშანიშვილი მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს „კარს მიღმა“ იღებს, სადაც მერაბ ნინიძე თამაშობს და ვთამაშობ მეც. ესაა, ჯერ რაც ვიცი 2023 წლისთვის. ყელას გილოცავთ ახალი წლის დადგომას და საუკეთესო სურვილებს გიგზავნით.