ავტორი:

როგორ ეხმაურება არესტოვიჩი მის გარშემო აგორებულ სკანდალს - პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ბოდიშს იხდის, რადაში კი მის გადადგომას ითხოვენ

როგორ ეხმაურება არესტოვიჩი მის გარშემო აგორებულ სკანდალს - პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ბოდიშს იხდის, რადაში კი მის გადადგომას ითხოვენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა მის განცხადებას დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ სერიოზული შეცდომა უწოდა.

განცხადების ირგვლივ ატეხილი სკანდალის შესახებ საუბრისას მან განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში დაგმობის ასეთი ტალღა შეიძლება გამოწვეული იყოს საზოგადოებაში არსებული ძლიერი დაძაბულობით, ან ორგანიზებული იყოს ბოტების ქსელის მიერ. მისი თქმით, ეს არის საინფორმაციო ოპერაცია, რომელსაც ოპოზიცია რუსებთან ერთად ახორციელებს.

არესტოვიჩმა მოუბოდიშა იმ ადამიანებს, ვინც მისი სიტყვებით დაზარალდა.

"მინდა, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებსა და მეგობრებს. ასევე ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, რომელსაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხო“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც, ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.

  • უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

გონჩარენკოს განცხადებით, რადას რამდენიმე დეპუტატმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მიმართა, რადგან არესტოვიჩის განცხადება "სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს აკმაყოფილებს”.

"დროა არესტოვიჩი გადადგეს. ჩვენ სხვა სახალხო დეპუტატებთან ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გათავისუფლების მოთხოვნით. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

1. არესტოვიჩი უნდა წავიდეს.

2. გაკეთდეს ოფიციალური განცხადება, რომ სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით არესტოვიჩის ფანტაზიებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პოზიციასთან არ აქვთ კავშირი.

3. აგრეთვე გაიგზავნა დეპუტატების მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისადმი, რადგან არესტოვიჩის ფაბრიკაციებს დნიპროში ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემიდან სახლის დანგრევის შესახებ არის ის, რაც აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს. ომის დროს ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ და არა არესტოვიჩივით“, – დაწერა გონჩარენკომ.