ავტორი:

"ცეცხლი ბუხრისგან საბანს მოეკიდა... ალმოდებული მამა იოსები შორიდან დაინახეს" - რას ამბობს მიტროპოლიტი იოანე მონასტერში გაჩენილ ხანძარზე?

"ცეცხლი ბუხრისგან საბანს მოეკიდა... ალმოდებული მამა იოსები შორიდან დაინახეს" - რას ამბობს მიტროპოლიტი იოანე მონასტერში გაჩენილ ხანძარზე?

გელათის ტაძრის წინამძღვარი მამა იოსებ ბურჯანაძე დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ექიმების ინფორმაციით, მას სხეულის 44% აქვს დამწვარი და მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. კელიაში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. მამა იოსები ვარაუდობდა, რომ შენობაში ადამიანი იმყოფებოდა და მის გადასარჩენად შევიდა, რის შედეგადაც დამწვრობა მიიღო.

ცნობისთვის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტმა იოანემ გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის და არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

მეუფე განმარტავს, რა ვითარებაში გაჩნდა ხანძარი კელიაში და აცხადებს, რომ ამ დროისთვის მომხდარის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება.

"2023 წ. 16 იანვარს, შუაღამეს, გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლის საბანს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო, ცეცხლი მოედო მთელ ოთახს. შემთხვევით, თავისი სენაკიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა იოსებმა დაინახა გაჩენილი ხანძარი. ცეცხლის ჩაქრობის მიზნით მაშინვე შევიდა სტუმრების სენაკში და გამოიტანა ალმოდებული საბანი, რომლისგანაც მის სამოსელსაც გადაედო ცეცხლი.

წყაროსთან გამოსულმა ბერმა სერაფიმემ შორიდან დაინახა ალმოდებული მამა იოსები, ხმამაღლა დაუძახა საძმოს წევრებს და მის დასახმარებლად გაიქცა. ყვირილზე თავისი სენაკიდან გამოსულმა იღუმენმა დავითმა სასწრაფოდ მიიტანა წყალი და ცეცხლის ჩაქრობის მიზნით დაასხა მამა იოსებს, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კი დარეკა სახანძრო სამსახურში. ვიდრე სამაშველო და სასწრაფო დახმარების მანქანები მოვიდოდნენ, ბერები შეეცადნენ თავიანთი ძალებით ჩაექროთ ხანძარი.

არქიმანდრიტი იოსები მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში. ამჟამად იგი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება. გთხოვთ, აღავლინოთ ლოცვა მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის”,- ნათქვამია მიტროპოლიტ იოანეს განცხადებაში, რომელსაც ეპარქია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.