ავტორი:

"მათ დავალება აქვთ პუტინისგან..." - რა მიზანი აქვს რუსულ-ბელარუსულ საჰერო წვრთნებს შოიგუ-გერასიმოვის დუეტსა და პრიგოჟინ-კადიროვ-სუროვიკინს შორის დაპირისპირების ფონზე?

"მათ დავალება აქვთ პუტინისგან..." - რა მიზანი აქვს რუსულ-ბელარუსულ საჰერო წვრთნებს შოიგუ-გერასიმოვის დუეტსა და  პრიგოჟინ-კადიროვ-სუროვიკინს შორის დაპირისპირების ფონზე?

16 იანვარს, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი საჰაერო წვრთნები დაიწყო, რომელიც 1-ლ თებერვლამდე გაგრძელდება. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ის თავდაცვითი ხასიათისაა. "სწავლება წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა, ეს იქნება ღონისძიებების ერთობლიობა ჩვენი და რუსული ავიაციის მოსამზადებლად შესაბამისი საბრძოლო დავალების შესასრულებლად“, - აღნიშნულია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს "ტელეგრამგვერდზე“ გამოქვეყნებულ პოსტში. უწყება განმარტავს, რომ წვრთნები მოიცავს მომზადებას საჰაერო დაზვერვისთვის, მნიშვნელოვანი ობიექტების საჰაერო დაცვისა და კომუნიკაციებისთვის.

როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი გვეუბნება, ეს უფრო იმის საჩვენებლად კეთდება, რომ უკრაინა მუდამ ელოდოს საფრთხეს ბელარუსიდან, რათა მან ფრონტის ხაზიდან თავისი ჯარების ნაწილი ბელარუსის საზღვრისკენ გადაისროლოს. ამასთანავე, როგორც ალადაშვილი გვეუბნება, 20 იანვარს გაიმართება რამშტეინის მორიგი შეხვედრა, სადაც გადაწყდება, საბოლოოდ, როგორ და რა სახის დახმარება წავა უკრაინაში.

- ნებისმიერი სამხედრო სწავლება ან წვრთნა შეიძლება ფარულად იქნას გამოყენებულ სამხედრო ძალების კონცენტრირებისთვის, რათა შემდგომ რაიმე საბრძოლო ოპერაცია განხორციელდეს. მაგალითად, ასე მოხდა 2008 წელს აგვისტოს ომის წინ, როდესაც რუსეთმა სამხედრო სწავლება "კავკასია -2008“ ჩაატარა ჩრდილო ოსეთში, როკის გვირაბთან ჰყავდა ჯარი მობილიზებული და შემდეგ ვიცით, როგორ შემოვიდნენ საქართველოში ოკუპანტები. უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა ბელარუსიდან ომის პირველივე დღიდან მოხდა, იქიდან შევიდნენ რუსი ოკუპანტები და შემდგომაც რუსები ხშირად უშვებდნენ ბელარუსის მხრიდან ხან რაკეტებს, ხან კიდევ იქედან აფრენილი თვითმფრინავები ბომბავდნენ უკრაინის ტერიტორიას. ბოლო 3 თვეა, რაც ბელარუსის მხრიდან რუსეთს არ განუხორციელებია საჰაერო დარტყმები, რაც შეეხება ამ საჰაერო წვრთნებს, მასში მონაწილე ძალები არ არის იმ რაოდენობის, ვინმემ იფიქროს, რომ რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაზე ისეთივე მასშტაბის შეტევას აპირებს, როგორიც ეს იყო გასული წლის 24 თებერვალს. ბოლოს რუსებმა ბელარუსში 8 თვითმფრინავი ჩაიყვანეს, რომლებითაც შეიძლება რაკეტების გაშვება ბელარუსის საჰაერო სივრციდან უკრაინისკენ. მაინც მგონია, ეს არის უფრო იმის საჩვენებელი, უკრაინა მუდამ ელოდოს საფრთხეს ბელარუსიდან, რათა მან თავისი ჯარების მობილიზება ფრონტის ხაზიდან უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე მოახდინოს, ეს ეშმაკური გათვლაა. თუმცა გაზაფხულზე, როცა მიწა გამოშრება და მძიმე ტექნიკის გადაადგილება იქნება შესაძლებელი, მაშინ მოსალოდნელია უკვე შეტევითი ოპერაციები როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხრიდან. ვინ დაასწრებს, ვინ როგორ იმოქმედებს, ეს მალე გამოჩნდება.

- ომის მიმდინარეობაზე რას იტყვით, რა მნიშვნელობა აქვს სოლედარის აღებას რუსებისთვის, რომელსაც ექსპერტები დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად არ აღიქვამენ?

- მართალია, უკრაინის ხელისუფლებას ჯერ ოფიციალურად არ უღიარებია, თუმცა, ფაქტობრივად, სოლედარს უკვე რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. ეს იმითაა ცუდი, რომ სოლედარი მდებარეობს ბახმუტის ჩრდილოეთ მხარეს და ოკუპანტები შეეცდებიან გადაჭრან ის ძირითადი გზა, რაც ბახმუტს კრამატორსკ-იზიუმთან აკავშირებს.

მართალია, სოლედარის დაკარგვა არ ნიშნავს ომის წაგებას, მაგრამ ბახმუტის დაკარგვის საფრთხე იზრდება. ნახევარი წელია, რაც ოკუპანტები მას დასავლეთიდან და სამხრეთიდან უტევენ და ახლა, სოლედარის აღების შემდეგ, უკვე ჩრდილოეთიდანაც შეუტევენ. რუსები, ფაქტობრივად, ნახევრად ალყაში აქცევენ ბახმუტს. ბახმუტის დაკარგვის შემდეგაც (თუ ასე მოხდა) გამოვა, რომ მოხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზის, დონბასის მონაკვეთის, უკრაინელების თავდაცვის ზღუდეების ჩამოშლა. უკან დახევის შემთხვევაში, ეს ზღუდეები შეიძლება მხოლოდ უშუალოდ კრამატორსკთან დადგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი დიდი უკრაინული ქალაქი აღმოჩნდება საშინელი დაბომბვის ქვეშ და შესაძლოა ის ისევე განადგურდეს, როგორც აქამდე განადგურდა სოლედარი, ბახმუტი და არა ერთი სხვა ქალაქი. თუ დააკვირდებით, ბრძოლები მაინც ქალაქების მისადგომებთან მიდის, იქ არის თავდაცვითი ზღუდეები და არა გაშლილ მინდორზე. ეს გასაგებიცაა - რა სიხშირის და ძალის დაბომბვაც გინდა იყოს, კაპიტალური შენობები უფრო იცავს მებრძოლებს. ამიტომაცაა, ყველა ეს ბრძოლა ქალაქის მისადგომებთან ხდება და შემდეგ უშუალოდ ქალაქში. გასაგებია, რუსებს რა უნდათ - მათ დავალება აქვთ პუტინისგან, რომ როგორმე გავიდნენ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომლის ბოლოს დიდი ქალაქები კრამატორსკი და სლოვიანსკია. თუმცა გაზაფხულზე მოსალოდნელია საბრძოლო მოქმედებების გააქტიურება ფრონტის ხაზის სხვა მონაკვეთებზეც.

ომმა მიიღო ის სახე, რომ კიდევ გახანგრძლივდება დროში, ასე რომ, ადრე თუ გვიან, ყველა ის დასავლური ტექნიკა, რაც გათვლილი იყო ჯერ კიდევ ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, უკრაინის მიწაზე მოხვდება.

- უკრაინაში რუსულ ჯარს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს (ომის დაწყების შემდეგ უკვე მეოთხედ). ვალერი გერასიმოვმა შეცვალა ანატოლი სუროვიკინი, რომელსაც სირიაში გამოჩენილი სისასტიკეების გამო “გენერალ არმაგედონის” ზედმეტსახელით იცნობენ და ვისზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ. სამხედრო ექსპერტებისთვის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინის ახლო გარემოცვაში განხეთქილებაა. რას მოიტანს ეს ცვლილება?

- როგორც რუსები უწოდებენ - "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ხელმძღვანელობა ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს დაავალეს, ხოლო სუროვიკინი მის მოადგილედ ჩამოაქვეითეს. ერთის მხრივ, გენშტაბის უფროსისთვის ეს უფრო დაქვეითებას ნიშნავს, მეორეს მხრივ, აქ გამოჩნდა იმ ორთაბრძოლის შედეგი (შესაძლოა დროებითი), რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ერთის მხრივ შოიგუ-გერასიმოვის დუეტსა და მეორეს მხრივ - პრიგოჟინ-კადიროვ-სუროვიკინს შორის. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთში ახლა, ფაქტობრივად, 4 არმიაა ჩამოყალიბებული, აქედან ერთი რუსეთის რეგულარული არმია, მეორე - "როსგვარდია“, რომელიც, ფაქტობივად, პუტინის პირად არმიას წარმოადგენს და 2 კერძო არმია - პრიგოჟინის "ვაგნერი“ და კადიროვის "კადიროველები“. პრიგოჟინი და კადიროვი ღიად გამოდიოდნენ და აკრიტიკებდნენ შოიგუ-გერასიმოვის დუეტის ქმედებებს. სუროვიკინიც, ფაქტობრივად, პრიგოჟინის და კადიროვის "ამქარში“ იყო. ერთ-ერთი მიზანი, თუ რატომ უნდოდა პრიგოჟინს სოლედარის აღება და თავის გამოჩენა, ის იყო, ამით პუტინისთვის დაენახვებინა, რომ მისი "ვაგნერის“ მებრძოლები რუსეთის არმიაზე, ანუ შოიგუსა და გერასიმოვის რეგულარულ არმიაზე უფრო ეფექტიანად მოქმედებენ. პრიგოჟინის ინტერესშია პოლიტიკაში გადასვლა თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ხოლო გენშტაბის უფროსად კი სუროვიკინს უბიძგებდა. ახლა, გერასიმოვის დანიშვნით გამოჩნდა, რომ შოიგუ-გერასიმოვის დუეტმა გაიმარჯვა - სუროვიკინი არა "სამხედრო სპეცოპერაციის“ ხელმძღვანელია, არამედ გერასიმოვის მოადგილედ გადავიდა, სადაც, ფაქტობრივად, ის უკვე აღარაფერს ნიშნავს.

ახლა რუსეთისთვის და გერასიმოვისთვის მთავარი სამიზნე ბახმუტია, უკრაინელებმა თუ ის დაკარგეს, მათ მოუწევთ კრამატორსკამდე უკან დახევა და თავდაცვითი ზღუდეების იქ მოწყობა. ძირითადი ბრძოლები ბახმუტთან დაკავშირებით წავა. რუსეთმა, ფაქტობრივად, დაამთავრა 300 000 მობილიზებულების სამთვიანი გადამზადება და მოსალოდნელია, რომ აქედან 150 ათასი კაციც ფრონტზე გადაისროლოს. უკრაინაც აყალიბებს დამატებით საბრძოლო შენაერთებს და ელოდება ახალ შეიარაღებას დასავლეთიდან, პირველ რიგში, ჯავშანტექნიკას, რადგან მის გარეშე შეტევაზე გადასვლა, კონტრიერიშების განხორციელება რთული იქნება.