ავტორი:

"სადარბაზოები და ლიფტები თქვენი საკუთრებაა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია და განახლება" - კალაძე მოსახლეობას

"სადარბაზოები და ლიფტები თქვენი საკუთრებაა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია და განახლება" - კალაძე მოსახლეობას

მეგობრებო, სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, მისი რეაბილიტაცია-განახლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მერია მზად არის, რომ საცხოვრებელ კორპუსებში, მათი თანადგომით, მხარდაჭერით და თანადაფინანსებით, სხვადასხვა პროექტი განახორციელოს.

"პირველ რიგში ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი რაც მოხდა. მე მინდა განმარტებები გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, რადგან იყო მცდელობა, იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ სიცრუის გავრცელებას - საუბარი იყო მერიის დადანაშაულებაზე, საუბარი იყო ჩვენი სამსახურების დადანაშაულებაზე. შეიძლება ბევრმა არ იცის რეალობა, შეიძლება ბევრი ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, სამწუხაროდ, როდესაც ტრაგედია ხდება მაშინვე ხდება სპეკულაციები და პოლიტიკით გაჯერება კონკრეტული სამწუხარო შემთხვევების.

რაც შეეხება ლიფტების უსაფრთხოებას და მასთან დაკავშირებული შეკითხვებს - მინდა მოსახლეობას შევახსენო და მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა წესია დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საცხოვრებელ კორპუსებში უზრუნველყოფილი იყოს ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაცია.

არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან შესახებ. კერძოდ, "ამხანაგობა“ ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების მიზნის განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს. მეგობრებო სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, მისი რეაბილიტაცია-განახლება. თუმცა ჩვენ გვესმის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები ამ მიმართულებით, არის გაჭირვება, ამიტომ ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი პროგრამა იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობას შევუწყოთ ხელი. "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის“ მიმართულებით გარკვეული პროგრამები, რომლებიც გამოხატავს მხარდაჭერას, თანადგომას იმისთვის, რომ თქვენ საცხოვრებელ კორპუსებში, ჩვენი თანადგომით და ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენი თანადაფინანსებით განხორციელდეს სხვადასხვა პროექტი. რა თქმა უნდა, პრიორიტეტებს განსაზღვრავთ თქვენ, კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსში თუ სადარბაზოში მცხოვრები ადამიანები“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე, აღნიშნა, რომ "ამხანაგობების“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში, ასეულობით ლიფტი განახლდა და მოწესრიგდა.

"კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო მუნიციპალიტეტის ჩართულობა და როლი ამ პროცესში. თბილისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 40 მილიონამდე ხარჯავს "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ თანადაფინანსების პროგრამაზე, რომლის ფარგლებში გამგეობები სხვადასხვა საჭიროებებს აფინანსებენ. როდესაც "ამხანაგობას“ ესაჭიროება, მაგალითად, ლიფტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური მხარდაჭერა, გამგეობა შესაბამისი თანმიმდევრობით ბიუჯეტით დადგენილი ზედა ზღვრის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას უწევს "ამხანაგობას“, რათა მოხდეს ლიფტის რეაბილიტაცია, განახლება და მოწესრიგება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის ზემოთ ხსენებული დადგენილების შესაბამისად ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე, ანუ "ამხანაგობა“, ანუ საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები.

მუნიციპალიტეტის როლი ამ შემთხვევაში გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც ჩვენივე პროგრამით არის დადგენილი და ამ პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში ასეულობით ლიფტის განახლება, მოწესრიგება და ცვლილება განხორციელდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა ჩატარდეს ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა და გამოვლინდეს აქვს თუ არა ლიფტს რაიმე ხარვეზი, დაარეგისტრიროთ თქვენი ლიფტი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში, თუ ლიფტს სჭირდება შეკეთება, აუცილებლად, უნდა მიმართოთ გამგეობას და შესაძლებლობის ფარგლებში შესაბამისი თანმიმდევრობით გამგეობა უზრუნველყოფს ამხანაგობის ფინანსურ მხარდაჭერას. ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროგრამა. ჩვენ მზად ვართ აღნიშნული პროგრამით ხელი შევუწყოთ იმ საჭიროებების და ხარვეზების აღმოფხვრას, რასაც თქვენ, კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები ადამიანები განსაზღვრავთ პრიორიტეტების მიხედვით“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ თავის მოადგილეს კახა გულედანს დაავალა, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ, შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდეს, რათა დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომი იყოს.