ავტორი:

"თუ აკვირდებით, როცა "ნაცმოძრაობა" დიდ გაჭირვებაშია, ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები" - ოდიშარია ლავროვის განცხადებაზე

"თუ აკვირდებით, როცა "ნაცმოძრაობა" დიდ გაჭირვებაშია, ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები" - ოდიშარია ლავროვის განცხადებაზე

თუ აკვირდებით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დიდ გაჭირვებასა და მძიმე შიდა პოლიტიკურ პროცესებშია, მათი რეიტინგი დეგრადირებს, როგორც წესი, ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები, რომელიც მათ ცოტა ხნით წატივტივების საშუალებას აძლევს და როგორც მაშველ რგოლს, ეჭიდებიან - ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა! - ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა ოდიშარიას კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ პოზიტიურ შეფასებაზე.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, ლავროვისგან ვერანაირ ქათინაურს და შექებას ვერ მიიღებს.

"არაფერში გვჭირდება მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარების ირგვლივ მათ მიერ აღქმული სტატისტიკა. რუსულ განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობა“, როგორც წესი, როგორც მაშველ რგოლს ეჭიდება და ამ განცხადებებზე აპელირებს. როგორც წესი, ეს იმ პროცესებს ემთხვევა ხოლმე, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა“ შიდა პარტიული თუ სხვა მიმართულებით ჩიხშია შესული.

ის, რომ ეკონომიკა გაიზარდა, ეს საქართველოს მთავრობის წარმატებულად ოპერირების, მენეჯმენტის და პროცესების სწორად მართვის დამსახურებაა. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხედულებები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სხვა თემებზე, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას "ღიად და ურცხვად მოითხოვს".

„ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ - ეს შექებას იმსახურებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.