ავტორი:

"საქართველოში რომ ჩამოვდივარ აქტივისტი ვხდები... მაწუხებს, რომ ჩვენი ფასეულობები მოძველებულია" - აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვარი, რომლის შეხედულებები აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება

"საქართველოში რომ ჩამოვდივარ აქტივისტი ვხდები... მაწუხებს, რომ ჩვენი ფასეულობები მოძველებულია" - აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვარი, რომლის შეხედულებები აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება

ამერიკაში მოღვაწე, აღიარებული მხატვრის ეთერ ჭკადუას (Eteri Chkadua) შემოქმედებას კარგად იცნობს ქართული და მსოფლიო საზოგადოება... იგი ამასთანავე მუდამ აქტიურად იბრძვის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა ქვეყანას შეახსენოს... ამჯერად ეთერ ჭკადუა იმ საკითხებზე გვესაუბრება, რომლის გამოც საქართველოში მისი შეხედულებები აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა...

- საქართველოში როცა ჩამოვდივარ, აქტივისტი ვხდები, რადგან ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ზოგადად ჩვენი "გაგება" და ფასეულობები მოძველებულია, დღევანდელობას ჩამორჩება. ზოგიერთ ამ საკითხებზე საუბარი და ახსნა-განმარტება რომ მიწევს, სასაცილოდაც კი მეჩვენება. დასავლეთში კარგა ხანია ეს საკითხები გადაწყვეტილია და მოქალაქეები სხვა, ახალი პრობლემების გადასაჭრელად იბრძვიან. ხანდახან უცხოელებთან მეც ტრაბახით ვახსენებ, რომ ერთ-ერთი ძველი ერი ვართ, რომ საქართველო უძველესი ქვეყანაა თავისი უნიკალური ანბანით და ენით, მაგრამ საქართველოში სიძველის ტრფობას "უნდა შევეშვათ"...

რა თქმა უნდა, ის რომ ამდენი ხანი ტრადიციები და მათი პატივისცემა შემოგვრჩა, მათი არსებობის დადებით მხარესაც მოწმობს. საზოგადოებას ერთნაირი ფასეულობები აერთიანებს და ტრადიციების განმეორებადი აქტიურობა. მეც მაქვს სიმპათია ზოგიერთი ტრადიციის მიმართ, მაგრამ საქართველოში უკვე აუცილებელია ძველი ფასეულობების ახლით ჩანაცვლება, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული - "ქართული კულტურა" ობმოკიდებულს არ დაემსგავსოს... როცა საქართველოში ჩამოვდივარ, სურვილი მიჩნდება, ამის შესახებ გამოფენა მოვაწყო, რადგან ხელოვნების ენით უფრო მარტივად მოვახდენთ გავლენას აზროვნებაზე...

- ნარკოტიკების ლეგალიზაციას მხარს უჭერდით?.. ალბათ, ამასაც გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან

- ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე რატომაც დავიწყე ლაპარაკი, ეს შეიძლება ბევრისთვის გაუგებრად დარჩა... ჰოლანდიაში ნარკოტიკებთან დამოკიდებულება სამაგალითოა! რატომ უნდა მოხდეს ნარკოტიკების ლეგალიზაცია? იმიტომ, რომ ნარკომანმა თავისი ნარკოტიკებზე "შეჯდომა" თამამად აღიაროს, რომ არ ეშინოდეს ამის გამო ციხეში ჩასმის. თბილისში ბევრი ჩემი ნაცნობი ნარკოტიკებით ისე გარდაიცვალა, მათმა მშობლებმა არ იცოდნენ, შვილი რისგან მოუკვდათ. შესაბამისად, არანაირი დახმარება მათთვის არ არსებობდა. როცა ადამიანს ნარკოტიკი ჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანს სერიოზული ფსიქოლოგიური ან ფიზიკური პრობლემა აქვს... ნარკოტიკების ლეგალიზაცია იმას კი არ ნიშნავს, მიხვალ და ადვილად იყიდი რამდენსაც გინდა... ლეგალიზაცია ნიშნავს მათ რეგულირებას პროფესიონალური ორგანიზაციების მიერ.

გაქვს საშუალება შენს პრობლემაზე პროფესიონალთან თავისუფლად ისაუბრო. თუ რა ზომები უნდა მიიღო, რომ ნარკოტიკების გამოყენებას თავი დაანებო...ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა გადარჩენილი ნარკომანები სატელევიზიო პროგრამაში თამამად საუბრობდნენ თავიანთ პრობლემებზე, თავიანთ შეუმდგარ გეგმებზე ნარკოტიკების მიღების გამო, იმისთვის რომ ახალგაზრდა თაობას უფრო მეტი ცოდნა ჰქონდეს და ნაკლები მიმზიდველობა მძიმე ნარკოტიკებს მიმართ. ცნობიერება აიმაღლონ მათი მავნებლობის შესახებ... ნარკოტიკების ლეგალიზაციაში ამას ვგულისხმობ, მაგრამ თუ ჩემს წინადადებებს მთლიანი კონტექსტიდან ამოიღებენ, რა თქმა უნდა, არასწორად გაჟღერდება.

ეთერ ჭკადუას ნამუშევრები

- ერთსქესიანთა ქორწინებას რატომ ემხრობით, რასაც ალბათ საქართველოში ყველაზე რთულად მიიღებენ?

- ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, შესაფერისი პარტნიორი ამოარჩიოს სიყვარულისთვის და სექსისთვის. იცხოვრონ და ჰქონდეთ კანონიერი კავშირი, ვისთანაც სურთ. სიყვარულით და სექსით დაკმაყოფილებული ადამიანი შედარებით უფრო ბედნიერია და ნაკლებად აგრესიული.. მე ერთხელ გავიკითხე, რატომ სურდათ ერთსქესიანთა წარმომადგენლებს თავიანთი ქორწინების დარეგისტრირება, დოკუმენტაცია და ერთმა მეგობარმა ასე ამიხსნა: ვთქვათ, წყვილი ბევრი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობს, მათ ერთმანეთი უყვართ, ქონებას ერთად ქმნიან, მაგრამ თუ ერთ-ერთი გარდაიცვლება, შესაძლოა მისმა პარტნიორმა ვერ მიიღოს უფლება მათ ერთად შექმნილ ქონებაზე. (ისე როგორც ცოლ-ქმრის შემთხვევაში), ქორწინების დოკუმენტაციის გარეშე... რატომ უნდება ადამიანს მძიმე ნარკოტიკით ან ალკოჰოლით გათიშვა? - არის მოსაზრება, რომ ამ ადამიანების დიდი პროცენტი გეია და რადგან ჩვენს საზოგადოებაში ამას ვერასოდეს აღიარებს, ვერც თავს გამოუტყდება, მოიყვანს ცოლს და მერე ყოველდღე საშინლად თვრება ან ნარკოტიკებით არის გათიშული. ეს მხოლოდ იმას მოწმობს, რომ რაღაცას სერიოზულად გაურბის და ბლოკავს თავის რეალობას.

მახსოვს, გეების თემაზე ერთ-ერთი ინტერვიუს მერე რამდენიმე ნეგატიური კომენტარები იყო... თუმცა ქუჩაში ხშირად მხვდებოდნენ ასაკოვანი უცნობები და მეუბნებოდნენ, თუ როგორი საინტერესო იყო ჩემი ინტერვიუ ამ თემაზე... არტისტები ისტორიულად ყოველთვის უფრო გაბედულები იყვნენ და საქართველოშიც კიდევ უფრო მეტად უნდა ავიმაღლოთ ხმა.

ვიცი, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ვერ მიიღებს ადვილად ამ თემებზე ლაპარაკს. მე 23 წლიდან ამერიკაში ვცხოვრობ და ამ საკითხებზე დისკუსიები იქ პრობლემას არ წარმოადგენს... მახსოვს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში რომ ვსწავლობდი, ჩემმა პროფესორმა კოკა იგნატოვმა ოდნავ "შაყირით" თქვა, როგორ უყვართ ამერიკელებს სექსზე საუბარიო... ქართველებს არ უყვარდათ სექსზე საუბარი, მხოლოდ მამაკაცები თუ ტრაბახობდნენ, რუსეთში რამდენ ქალებთან ჰქონდათ ურთიერთობები. ქართველ ქალს რომ იგივე ეთქვა, ის ბოზად ჩაითვლებოდა და საზოგადოებაში ვერასოდეს პატივისცემას ვერ ეღირსებოდა... თუ გვინდა რომ ევროპის ნაწილი გავხდეთ, ძველი ფასეულობები ახლით უნდა ჩავანაცვლოთ: ქალს, კაცს, გეებს, ყველა ადამიანს ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეთ. ჩამორჩენილი აზროვნებით ევროპა თავიანთ საზღვრებში ვერ მიგვიღებს და რუსეთის მხრიდან სულ დიქტატორობის და ანექსიის შიშის ქვეშ ვიქნებით.