ავტორი:

"პუტინის მზარეულის" გაზრდილი მადის პირველ ნიშნები უკვე შესამჩნევია... ის გავლენების გაფართოებისთვის გუბერნატორების გამოყენებას იწყებს" - რას წერს მედია პრიგოჟინის გეგმებზე?

"პუტინის მზარეულის" გაზრდილი მადის პირველ ნიშნები უკვე შესამჩნევია... ის გავლენების გაფართოებისთვის გუბერნატორების გამოყენებას იწყებს" - რას წერს მედია პრიგოჟინის გეგმებზე?

"პრიგოჟინი გავლენების გაფართოებისთვის იბრძვის..." - ამ სათაურით აქვეყნებს dw.com-ის რუსული განყოფილება რუსეთში, ახლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურის ევგენი პრიგოჟინის შესახებ სტატიას. გამოცემის ცნობით, "ვაგნერის" კურატორი რუსულ პოლიტიკაში პოზიციების გასაძლიერებლად იბრძვის. ამისთვის ის ადგილობრივი გუბერნატორების გამოყენებას იწყებს.

სოლედარსა და ბახმუტის მიმართულებით განხორციელებულ შეტევებს, რომელსაც რუსული სამთავრობო მედიის მტკიცების მიუხედავად, ის შედეგი მაინც არ აქვს, რომლის მიღწევაც კრემლში სურთ, პუტინის მზარეული მაინც ცდილობს, გამარჯვება იზეიმოს. ასევე ცდილობს, შოიგუს უწყება დააკნინოს და რუსეთის მოსახლეობის თვალში, არმიის ნდობა კიდევ შეარყიოს, ამისთვის კი, "ვაგნერების" დამსახურებისა და მიღწევების წარმოჩენას ცდილობს.

"გარკვეული ნაბიჯიც გადადგმული აქვს, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა უკვე აღიარა პრიგოჟინის სტრუქტურების როლი სოლედარის აღებაში... ასეთი დაპირისპირებები ბიზნესმენსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, პირველი არ არის. უკრაინის ომის ფონზე, "პუტინის მზარეული" ზედმეტადაც კი დაწინაურდა, რადგან ომში ხანდახან პუტინის როლსაც ირგებს და გამოსდის კიდეც...

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევების შემდეგ, პრიგოჟინმა რუსეთის ოლქის გუბერნატორებს შესთავაზა "ვაგნერის" ხაზის შექმნა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ისინი უკრაინის ძალების წინააღმდეგ საომრად მზად ყოფილიყვნენ. ეს იქნებოდა ერთგვარი მოხალისეთა ცენტრები, სადაც ადგილობრივები შესაბამის მომზადებას გაივლიდნენ. სწორედ ასეთ ცენტრში გაიარა მომზადება კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა, რომელსაც "ვაგნერის" კონტრაქტორობაც შესთავაზეს" - წერს გამოცემა.

თუმცა, ეს იყო ერთგვარი პიარსვლა, რათა "ვაგნერი" რუსეთში კიდევ უფრო მოძლიერდეს, შესაბამისად, პრიგოჟინის გავლენებიც გაიზრდებოდა.

"პრიგოჟინის უწყების პიარკამპანიის მატარებელი ვიდეორგოლი მთავრდება სიტყვებით - ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ხალხის დაცვა შევძლოთ!.. ამით მან ერთდროულად რამდენიმე კადრის, მათ შორის კადიროვის ნიშაც დაიკავა. აშკარაა, რომ ფრონტის ხაზზე გარდატეხის შეტანა, ვერც კადიროველებმა შეძლეს. ახლა მთავარია, ვის ემსახურებიან კადიროველები, პუტინს თუ პრიგოჟინს", - წერს რუსი პოლიტოლოგი აბას გალიამოვი.

"პრიგოჟინის გაზრდილი მადის პირველი ნიშნები უკვე შესამჩნევია" - წერს გამოცემა bnn-news.ru, რომლის ცნობითაც, პრიგოჟინმა 18 იანვარს, კრემლის ადმინისტრაცია მწვავედ გააკრიტიკა და უმოქმედობაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ისინი ამერიკულ ვიდეო-პლატფორმა youtube-ს ვერ ბლოკავენ.

"მაშინ, როდესაც, ეს არხი ჩვენი დროის საინფორმაციო ჭირია" - წერს ევგენი პრიგოჟინი ტელეგრამარხის თავის გვერდზე. "ვაგნერის" მფლობელის თქმით, პლატფორმაზე ვიდეოების 40% პოლიტიზებულია და რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებს ემსახურება...

  • გამოცემის ცნობით, კრემლსა და პრიგოჟინს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან სოლედარის აღებასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკა... მართალია, კრემლში პრიგოჟინთან დაპირისპირებას უარყოფენ, მაგრამ მათგან განსხვავებით, "პუტინის მზარეული" თავის განწყობებსა და დამოკიდებულებაზე საუბარს არ ერიდება.

"YouTube-ს 90 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს და ეს პლატფორმა რუსეთში ძალიან პოპულარულია, იმდენად, რომ ციფრულ ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ალტერნატიული ქსელებითაც შეუძლიათ თავიანთ სეგმენტთან კომუნიკაცია, რომლებიც YouTube-თან შედარებით ნაკლებად ეფექტურია" - წერს გამოცემა.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ პუტინის მზარეული, რომელიც წლების განმავლობაში კვების კომპანიების მფლობელობით იყო ცნობილი და კრემლის კონტრაქტებსა და ტენდერებს ძალზე მარტივად იგებდა, შარშან შემოდგომამდე უარყოფდა ვაგნერთან კავშირს.

"თუ მის მიერ განვლილ გზას, მუშაობის მეთოდებსა და ინტერესებს გადავხედავთ, ადვილი მისახვედრია, რომ პრიგოჟინი თამაშის წესებს კიდევ და კიდევ გვიკარნახებს. როგორ მოიქცევა პუტინი, რთული გამოსაცნობია, რადგან ერთის მხრივ, მას უკრაინის ომში ვაგნერი ძალიან სჭირდება, მაგრამ არ სჭირდება ბუნტი კრემლში, თავისი მზარეული კი, არც ისე მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს. ვის გზას აირჩევს პუტინი, ამას ისევ მისი მზარეულისგან შევიტყობთ...", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ალექსანდრ სოვკინი.