ავტორი:

მერაბიშვილი-კეზერაშვილის ამბიციური გეგმები და ბრძოლა ენმ-ის არაფორმალური მართვისთვის - "არ გამოვრიცხავ, რომ ამ დუეტს მალე ადეიშვილიც შეუერთდეს"

მერაბიშვილი-კეზერაშვილის ამბიციური გეგმები და ბრძოლა ენმ-ის არაფორმალური მართვისთვის - "არ გამოვრიცხავ, რომ ამ დუეტს მალე ადეიშვილიც შეუერთდეს"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილსა და ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილს ენმ-ზე კონტროლის დამყარების მცდელობასა და არაფორმალური მმართველობის სურვილში ადანაშაულებს. მან TV პირველის ეთერში თქვა, რომ ენმ-ს წევრებს პარტიის შიდა არჩევნების დანიშვნა სწორედ დავით კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა "მოათხოვნინეს".

"რა თქმა უნდა, მე ბატონ კეზერაშვილთან მქონდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმეთვიანი თანამშრომლობა, მაგრამ თანამშრომლობა და კონტროლი ორი სხვადასხვა რამ არის, თანამშრომლობის სურვილი პარტიასთან და მისი კონტროლის წადილი ორი სხვადასხვა რამ არის. ამიტომ, როდესაც დავრწმუნდი ამ ადამიანის შემთხვევაში, რომ მას აქვს არც მეტი, არც - ნაკლები, არაფორმალური გავლენის შემოტანის სურვილი, ზოგ შემთხვევაში ჩემი გვერდის ავლით, მე მასთან შევწყვიტე ურთიერთობა" - თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ კეზერაშვილმა "გამოიჩინა ამბიცია, რომ ვიღაც უნდა ყოფილიყო პარტიაში ლიდერად, ვიღაც არ უნდა ყოფილიყო".

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "თანამშრომლობა რას ნიშნავს, გაფინანსებდათ? კეზერაშვილის ფული კარგია და კეზერაშვილი ცუდი?", ნიკა მელია პასუხობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პარტიას აფინანსებდა და არა მას.

  • შეგახსენებთ, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. პარტიას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი - ნონა მამულაშვილი.

როგორც პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტი, ფაქტობრივად, უკვე შემოსულია პოლიტიკაში და ისინი არა მარტო ენმ-ში ცდილობენ გავლენის მოპოვებას, მათი ასპარეზზე გამოჩენა "ქართული ოცნებისთვისაც" მომგებიანია - უნდათ თუ არა, ისინი ორმაგ თამაშს თამაშობენ და მათი ორბიტაზე გამოჩენის მიზანიც და სურვილიც ისაა, რომ თუ ენმ-ში გავლენას ვერ მოიპოვებენ, „ქართულ ოცნებასთან“ მეტ-ნაკლებად დაალაგონ სიტუაცია.

ამასთან, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ამ დუეტს მალე ზურაბ ადეიშვილიც შეუერთდეს.

"ნაციონალური მოძრაობა“, დღესდღეობით, ელექტორალურად ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა. მას აქვს საკმაოდ დიდი გავლენები პოლიტიკურ პროცესებზე არა მარტო ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც. ბუნებრივია, ასეთი პარტიის გამოყენება მრავალი მიმართულებით შეიძლება, პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ მოხდება როგორც კეზერაშვილის, ასევე მერაბიშვილის პოლიტიკური რეანიმაცია. გარდა ამისა, გავლენებისთვის იბრძვის ყველა. იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმატებას მიაღწევს, ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და ძალაუფლების მქონენი გახდებიან. შესაძლოა, მერაბიშვილ-კეზერაშვილი პირველ რიგებში არ გამოჩნდნენ, მაგრამ აუცილებლად იქნება არაფორმალური მართვა გარედან ამ დუეტის მეშვეობით, ანუ დაახლოებით ისეთივე, როგორიც ივანიშვილს აქვს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ გარკვეული დროის შემდეგ მათ ზურაბ ადეიშვილიც შეუერთდეს და ისევე, როგორც დღეს „ქართულ ოცნებაშია“, ეს ფუნქციები ამ ტრიომ გადაინაწილოს და თვითონ არ გამოჩნდნენ წინა პლანზე.

ეს არის მათთვის ყველაზე უკეთესი ვარიანტი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ხაბეიშვილი არ უარყოფს, რომ ერთიც და მეორეც მისი მხარდამჭერია, როგორც ჩანს, ისინი ხაბეიშვილის კამპანიას აფინანსებენ, ყოველ შემთხვევაში, მერაბიშვილი პირდაპირ არის ჩართული ამ პოლიტიკურ პროცესებში და, ფაქტობრივად, ისინი წარმართავენ კამპანიას. ხაბეიშვილი გამოდის და ახმოვანებს იმას, რასაც ისინი, ან მათ მიერ შექმნილი ჯგუფი მოიფიქრებს. ამასთანავე, არის მეორე ვარიანტიც - „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ უკვე რეალურად დაშლილია, პარტია ორ ჯგუფად რომ გაიყოფა, ეს ფაქტია. კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა ამ შემთხვევაში მიაღწიეს იმას, რომ თუ ხაბეიშვილი ვერ გაიმარჯვებს, პარტიის გაყოფის შემდეგ, ისინი გახდებიან აქტიური მონაწილენი ქართული პოლიტიკის იმ ნაწილში, სადაც ხაბეიშვილი იქნება. როგორ გაიყოფა პარტია ელექტორალურად, ცოტა ძნელი სათქმელია. პირველი, რაც ამ პროცესმა კეზერაშვილსა და მერაბიშვილს მოუტანათ, ის არის, რომ, ფაქტობრივად, დაიწყო მათი პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლა.

მათ პოლიტიკა კი არა, გავლენა აინტერესებთ (ისევე, როგორც ივანიშვილს) და ექნებათ კიდეც. როცა მერაბიშვილი პრემიერი იყო, ის მაშინაც არ დარბოდა ტელევიზიებში და ტელეეკრანებზე თავის მოწონებით და მახვილსიტყვაობით არ იკლავდა თავს, ისევე, როგორც კეზერაშვილი და ადეიშვილი, სხვათა შორის. ეს ის ხალხია, რომელსაც კულისებიდან მართვა უყვართ. აქ არის მეორე ფაქტორი - ხაბეიშვილი თუ გაიმარჯვებს, პარტია თუ ორად გაიყოფა, მაგრამ პარტიის ძირითად ნაწილს თუ ხაბეიშვილი უთავმჯდომარებს, ეს მთლად კომფორტულ სიტუაციაში ჩააყენებს „ქართულ ოცნებას“ ზუსტად იმიტომ, რატომაც სააკაშვილი მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ „დასვენებას“ ურჩევდა. ასეთ შემთხვევაში, ამ გუნდის დისკრედიტირება „ქართული ოცნების“ მხრიდან გაცილებით ადვილი იქნება.

ფაქტობრივად, ისინი უკვე შემოსულები არიან პოლიტიკაში და არა მარტო ენმ-ში ცდილობენ გავლენის მოპოვებას. მათი ასპარეზზე გამოჩენა „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანია, ვინაიდან, უნდათ თუ არა, ორმაგ თამაშს თამაშობენ - „ქართული ოცნების“ თამაშსაც და თავის პარტიაში გავლენა თუ ექნებათ, ამას რა სჯობს. ფაქტები არ მაქვს და რეალური ვითარებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი, რომ ისინი გარიგებულნი არიან ივანიშვილთან, მაგრამ ფაქტია, რომ მათი აქტიურობა ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“ და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი ორბიტაზე გამოჩენის მიზანიც და სურვილიც ისაა, რომ თუ ენმ-ში გავლენას ვერ მოიპოვებენ, „ქართულ ოცნებასთან“ მეტ-ნაკლებად დაალაგონ სიტუაცია.

დაიშლება თუ არა დომინანტი ოპოზიციური პარტია (რასაც „ქართული ოცნება“ წინასწარმეტყველებს), პოლიტოლოგის აზრით, ენმ-ს ერთიანობის შენარჩუნება თითქმის წარმოუდგენელია და როგორც ამბობს, ამას ქართულ პოლიტიკაში გარკვეული სიკეთეების მოტანაც შეუძლია.

"ამ პიარით და ერთმანეთისთვის ძველი ამბების გახსენებითა და კომპრომატების გამოქვეყნებით „ნაციონალური მოძრაობა“ იმ დონეზეა მისული, რომ თითქმის გამორიცხულია, მათ ერთად გააგრძელონ თანაცხოვრება და საქმიანობა. კარგი იქნება ეს, თუ ცუდი, ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი ჯერ მაინც არ არის ჩამოყალიბებული და ერთიანობას თუ ვერ ინარჩუნებენ, იქნებ დაშლა სჯობდეს კიდეც? - ოპოზიციისა და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ფორმალურად ერთიანობის შენარჩუნებას, ჯობია პარტია გაიყოს, რადგან გაყოფის შემთხვევაში, ოპოზიციურ ფლანგზე ახალი რეალობა შეიქმნება - აღარ იქნება ერთი დომინანტი, მინიმუმ, იქნება ორი ნახევარ-ნახევარი პარტია და როგორი პროპორციითაც არ უნდა გაიყოს, დარწმუნებული ვარ, რომ 5%-იან ბარიერს ორივე მხარე გადალახავს. მეორე თემაა ის, რომ ამან შეიძლება ოპოზიციურ სპექტრში ახალი რეალობა შექმნას - ხელი შეუწყოს ოპოზიციის ჩამოყალიბებას. ოპოზიცია დღეს ხომ ფაქტობრივად, ფრაგმენტირებულია და იქნებ მოხდეს მისი ჩამოყალიბება, რაღაც ჯგუფების გამსხვილება და შეიქმნას უფრო რეალური პოლიტიკური სპექტრი. ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობის შენარჩუნება უკვე თითქმის წარმოუდგენელია“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.