ავტორი:

"დაღუპულები პატარა ბიჭები არიან. ისინი მეზობლები იყვნენ" - საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: მოკლულია 5 პირი, მათ შორის პოლიციელი

"დაღუპულები პატარა ბიჭები არიან. ისინი მეზობლები იყვნენ" - საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: მოკლულია 5 პირი, მათ შორის პოლიციელი

საგარეჯოში, კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან სროლის შესახებ, რის შედეგადაც, გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, 49 წლამდე პირი, რომელიც ყოფილი სამხედროა, აღნიშნულ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში ქირით ცხოვრობდა, თუმცა ადგილობრივებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ის სახლში არ უნახავთ. ამასთან, ადგილზე გავრცელებული ცნობით, ყოფილი სამხედრო ავღანეთის მისიაში მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მყოფმა შეიარაღებულმა პირმა, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა. როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, პირმა, რომლის მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად არიან მოკლულები და დაჭრილები, თავი ადგილზე სპეცრაზმის მისვლისთანავე მოიკლა. რაც შეეხება მოკლულებისა და დაჭრილების რაოდენობას, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

შეიარაღებული პირის მეზობლის თქმით, მამაკაცს შემთხვევამდე კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

ამასთან, კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, სროლა დაახლოებით ღამის პირველ საათზე დაიწყო და 1 საათი გრძელდებოდა.

"ეზოში რამდენიმე კაცი მოკლა. ცხედრები მიწაზე ეყარა. დამნაშავე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომელიც ვაზიანის ნაწილში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებშიც მონაწილეობდა. საკუთარ ბინაში იმყოფებოდა და იქიდან ისროდა. ბინაში მარტო ცხოვრობდა", - აცხადებს თვითმხილველი.

შემთხვევის შედეგად მოკლული 4 ადამიანი იმ პირის მეზობელია, რომელმაც გასროლა განახორციელა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ოთხივე გარდაცვლილი მამაკაცია.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოკლულს, მეხუთე გარდაცვლილი პოლიციელია, რომლის ეკიპაჟიც ადგილზე გამოძახების შედეგად მივიდა.

"ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. მე მაღაზიაში ვმუშაობ, დილიდან აქ ვარ და სხვა დეტალი არ ვიცი. როგორც ვიცი, თავდამსხმელიც იქ ცხოვრობს, მაგრამ მე არ ვიცნობ. როგორც ამბობენ, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა… დაღუპულები პატარა ბიჭები არიან. ისინი მეზობლები იყვნენ, ერთ უბანში ვართ გაზრდილი“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.