ავტორი:

"ყოფილ სამხედროს, რომელმაც კორპუსში ცეცხლი გახსნა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა" - ადგილობრივები

"ყოფილ სამხედროს, რომელმაც კორპუსში ცეცხლი გახსნა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა" - ადგილობრივები

ადგილობრივების ინფორმაციით, ყოფილ სამხედროს, რომელმაც საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გახსნა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მეზობლები აცხადებენ, მათი ინფორმაციით, მამაკაცი შესაბამის მკურნალობასაც გადიოდა.

"თავდამსხმელს ვინც თვალში მოხვდა, ყველასთვის იარაღი მიუშვერია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია და მკურნალობდა. საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი, თუმცა სახლიდან გამოპარვა შეძლო. შვილის გარდა სხვა ვინმეც თუ ჰყავდა სახლში, არ ვიცით“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

საგარეჯოში, იმ კორპუსში, სადაც ყოფილი სამხედროს მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაიჭრა, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას კვლავ ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.