ავტორი:

"ოთო ერთხელ ვნახეთ, ბეილი რომ მომიკლეს... ისეთი ოქრო ბიჭი იყო, დარდობდა ოჯახს კვირაში ერთხელ ვნახულობო" - რას წერენ მოკლულ პოლიციელზე?

"ოთო ერთხელ ვნახეთ, ბეილი რომ მომიკლეს... ისეთი ოქრო ბიჭი იყო, დარდობდა ოჯახს კვირაში ერთხელ ვნახულობო" - რას წერენ მოკლულ პოლიციელზე?

მოქალაქე მაკო კომლაძე საგარეჯოში მოკლული პოლიციელის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, ოთარ ღვინაშვილთან შეხვედრა იმ დროს მოუწია, როცა ძაღლი მოუკლეს.

"ოთო ერთხელ ვნახეთ ზაფხულში… ბეილი რომ მომიკლეს იმ ღამეს, საგარეჯოს პოლიცია მოვიდა, წაგვიყვანეს მე, ბასა და მეზობლები და გამთენიამდე იქ ვიყავით დაკითხვაზე. ისეთი ოქრო ბიჭი, პროფესიონალი, დარდობდა ოჯახს კვირაში ერთხელ თუ ვნახულობო…

სულ აქ ვარ საგარეჯოშიო, მალე უნდა გადავიდე თბილისშიო და უხაროდა, ორი შვილი მყავს და ჩვენც გვყავს ძაღლიო და ის რომ ვინმემ მომიკლას, ხომ გავაფრენო. ისე თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ირაკლიმ და ოთომ ნომრებიც გაცვალეს, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და დღეს დილას ოთოს ამბავს ვიგებ…. ისე ვბღავი ისე …. სულ ის ღამე მახსენდება", - წერს მოქალაქე.

ცნობისთვის, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნორად ათუაშვილმა განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

შემთხვევას ემსხვერპლა პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი. ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო. წლების განმვლობაში ის თბილისში მუშაობდა და საგარეჯოს განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციელი იმ დროს დაიჭრა, როცა იქვე მყოფ მოქალაქეს გადაეფარა.

"იოლის" მაღაზიასთან გადაეფარა მოქალაქეს და გულის არეში მოხვდა ტყვია. ადგილზე გარდაიცვალა. საკუთარი სიცოცხლის ფასად ერთ-ერთი ადგილობრივი გადაარჩინა" - ჰყვებიან ადგილობრივები.