ავტორი:

საგარეჯოს ტრაგედიას უცხოური მედია აშუქებს - რას წერენ მომხდარის შესახებ

საგარეჯოს ტრაგედიას უცხოური მედია აშუქებს - რას წერენ მომხდარის შესახებ

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას უცხოური მედიაც აშუქებს. "ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, საქართველოში, ყოფილმა ჯარისკაცმა ხუთი ადამიანი მოკლა, მათ შორის, ერთი პოლიციელი“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სააგენტო Reuters-ი.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დანაშაულის ჩამდენმა პირმა თავი მოიკლა.

"ქართველმა მამაკაცმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გახსნა და ხუთი ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელი, შემდეგ კი თავი მოიკლა.

სროლის მოტივი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის დამატებითი ბრიგადები, ასევე შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი. ქართული მედიის ცნობით, პირი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა, ყოფილი ჯარისკაცია, რომელიც წარსულში ავღანეთში მსახურობდა“, - წერს "როიტერსი.“

იმავე ინფორმაციას ავრცელებს Foxnews, Usnews, ასევე თურქული სააგენტო, "ანადოლუ" და სხვები.

  • ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 იანვარს, გვიან ღამით, საგარეჯოში ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, საიდანაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა ცეცხლი გახსნა.

გარდაცვლილები არიან, დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. რაც შეეხება დაჭრილებს - 5 ადამიანიდან, ოთხის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ერთი, 21 წლის ბიჭი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ნოდარ ათუაშვილმა გაისროლა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.