ავტორი:

"ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო... ადამიანები გარბოდნენ უმისამართოდ და ყვიროდნენ... მაღაზიაში შესვლისთანავე ფეხში მომხვდა" - რას ჰყვება საგარეჯოში სროლისას დაჭრილი პირი

"ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო... ადამიანები გარბოდნენ უმისამართოდ და ყვიროდნენ... მაღაზიაში შესვლისთანავე ფეხში მომხვდა" - რას ჰყვება საგარეჯოში სროლისას დაჭრილი პირი

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიისას დაჭრილი ვალერი მათიაშვილი, რომელიც "გირჩი - მეტი თავისუფლების" საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის წევრია, მომხდარს იხსენებს. ის ქვედა კიდურშია დაჭრილი და კლინიკაში მკურნალობს.

"შოკისმომგვრელი იყო. ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო, იმიტომ, რომ ძალიან არარეალური იყო. უცებ ატყდა სროლა, ადამიანები გარბოდნენ უმისამართოდ, დარბოდნენ და ყვიროდნენ, რომ "დაიმალეთ, დაწექით!“. პირველი, რაც მოვიფიქრე, იყო, რომ თავშესაფარი უნდა მომეძებნა. შევედი მაღაზიაში და შესვლის მომენტშივე მომხვდა, როგორც ვიგრძენი, ფეხი ამეწვა და გასროლის ხმაც იყო და იმის მერე, შენობის უკანა ნაწილში ვიყავით გადასული, ვიმალებოდით. მალევე პოლიცია მოვიდა და როგორც გაირკვა, გარდაცვლილია პოლიციელი, პირდაპირ ესროლა დამიზნებით. ასე ისროდა ყველას მიმართ, არ ვიცი, რა ლოგიკით, იმიტომ, რომ მე პირადად მაგ ადამიანს არ ვიცნობდი. ყველას ესროდა, ვისაც ხედავდა, - ამბობს მათიაშვილი "ტვ პირველთან".

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 იანვარს, გვიან ღამით, საგარეჯოში ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, საიდანაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა ცეცხლი გახსნა.

გარდაცვლილები არიან, დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. რაც შეეხება დაჭრილებს - 5 ადამიანიდან, ოთხის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ერთი, 21 წლის ბიჭი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ნოდარ ათუაშვილმა გაისროლა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

ასევე იხილეთ: