ავტორი:

"ცეცხლის ხაზზე იარა, სროლა იყო და ამ დროსაც დაჭრილების დახმარებას ცდილობდა" - რას ჰყვებიან სასწრაფოს ექიმზე, რომელიც საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთ გმირად იქცა

"ცეცხლის ხაზზე იარა, სროლა იყო და ამ დროსაც დაჭრილების დახმარებას ცდილობდა" - რას ჰყვებიან სასწრაფოს ექიმზე, რომელიც საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთ გმირად იქცა

ტრაგედია დატრიალდა წუხელ საგარეჯოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, საიდანაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა ცეცხლი გახსნა.

გარდაცვლილები არიან, დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. რაც შეეხება დაჭრილებს - 5 ადამიანიდან, ოთხის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ერთი, 21 წლის ბიჭი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ნოდარ ათუაშვილმა გაისროლა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

მას შემდეგ რაც სროლის ხმა მეზობლებმა გაიგეს, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა რომელიც ადგილზე მალევე მივიდა. მათ პირველ წუთებში საკმაოდ მძიმე ვითარებაში უხდებოდათ მუშაობა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ერთ-ერთი ექიმი, რომელიც ტრაგედიის ადგილზე იყო, მარინა იმნაძე-კუჭუაშვილია. ის სამედიცინო სფეროში 2005 წლიდან მუშაობს.

"გამოძახებაზეც პირველი ქალბატონი მარინას ბრიგადა მივიდა, პირდაპირ ცეცხლის ხაზზე მოძრაობდა და სროლის დროსაც ცდილობდა დაჭრილების დახმარებას. შემდეგ გამოიძახეს მეორე ბრიგადაც. ქალბატონი მარინასგან მსგავსი საქციელი არავის უკვირს. უწესიერესი და უკარგესი ადამიანია, საქმის პროფესიონალი. მისთვის მსგავსი ექსტრემალური სიტუაციები უცხო არ არის. დანაღმულ ველზეც შესულა დაჭრილი გოგოს გადასარჩენად, სანამ გამნაღველები მივიდოდნენ. ეს ამბავი აქ ყველამ იცის. ასეთი შემთხვევა ბევრია", - ჰყვებიან ადგილობრივები.

იხილეთ ასევე: