ავტორი:

"აბა, დავყაროთ ავტომატები და წვერების გასაპარსად გავიქცეთ?" - კადიროვის მორიგი დაპირისპირება რუს გენერალთან, რომელმაც ჩეჩენ სამხედროებს დისციპლინის დაცვისკენ მოუწოდა

"აბა, დავყაროთ ავტომატები და წვერების გასაპარსად გავიქცეთ?" - კადიროვის მორიგი დაპირისპირება რუს გენერალთან, რომელმაც ჩეჩენ სამხედროებს დისციპლინის დაცვისკენ მოუწოდა

"ვისაც მიაჩნია, რომ სამხედროები წვერების გარეშე უნდა იყვნენ, მას აშკარად ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ხომ არ ჯობდა, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებით დაკავებულიყო... ეს არის სულელური აბსურდი. სამხედრო ოპერაციის დროს, მეომრებზე ამის ლაპარაკი არის თავდასხმა, განსაკუთრებით მუსლიმ მეომრებზე და მას თავშეკავებისკენ მოვუწოდებ" - ასე უპასუხა კადიროვმა რუსეთის დუმის დეპუტატისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორს, ვიქტორ სობოლევს, რომელმაც ჩრდილო კავკასიელ სამხედროებს წვერის გაპარსვისა და სამხედრო დისციპლინის დაცვისკენ მოუწოდა...

"როგორ შეიძლება ასეთი მოუწესრიგებელი ადამიანები არმიაში მსახურობდნენ? წვერის გაპარსვა არის ელემენტარული სამხედრო დისციპლინა. ჯარისკაცი, პირველ რიგში სამხედრო პირია და ის საერთო განაწესს უნდა ემორჩილებოდეს... გასაგებია, რომ მისი მთავარი ვალდებულებაა, იომოს, მაგრამ ყველა ინტენსიური ომის დროსაც კი, თავის მოწესრიგებას 15-20 წუთი სჭირდება. მათ მშვიდობიანი მოსახლეობაც უყურებს და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, სამხედრო პირი ბოროტმოქმედისგან გაარჩიონ. მოუწესრიგებლობა არც სამხედროს შეშვენის და არც ჩვეულებრივ, სამოქალაქო პირს" - ამბობს სობოლევი გამოცემა rbc.ru-სთან საუბარში.

როგორც მოსალოდნელი იყო, კადიროვის პასუხმა არ დააყოვნა. მისი თქმით, სობოლევმა შესანიშნავად იცის, თუ რატომ ატარებენ მუსლიმი მეომრები წვერს.

"ამიტომაც ვთქვი, რომ მისი განცხადება, არის პროვოკაცია. მაშინ, როდესაც ჩვენი მეომრების 99 % წვერს ატარებს, ისე, როგორც ამას ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველი აკეთებდა... მოვითხოვ, შეწყვიტონ ჩვენი მეომრების ჩხიკინი. ვინმეს სულისკვეთების შემოწმება თუ გსურთ, მიბრძანდით ფრონტის ხაზზე" - ამბობს კადიროვი.

მისივე თქმით, წარმოუდგენია, როგორ გაოცდებოდნენ მისი მებრძოლები, როდესაც გაიგებდნენ, რომ მობილიზებულების, მოხალისეების წინაშე გაპარსულები უნდა წარდგნენ...

"აბა, დავყაროთ ავტომატები და წვერების გასაპარსად გავიქცეთ, თურმე ეს ყოფილა ჩვენი მთავარი მტერი" - ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი.

კადიროვის პასუხის შემდეგ, გენერალ-ლეიტენანტმა სობოლევმა პოზიცია შეცვალა და არმიაში წვერი დასაშვებად მიიჩნია. მისი თქმით, ის წვერის ტარების წინააღმდეგ არ გამოსულა.

"წვერის აკრძალვა სისულელეა, მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ისინი მოწესრიგებული უნდა იყვნენ და არც პლანშეტების ქონას მივესალმები... იმ პოლკის მზადყოფნა შევამოწმე, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკაშია ფორმირებული და შეიძლება ითქვას, შესანიშნავად გამოიყურებიან - ერთნაირი ეკიპირებითა და ფორმებით. ყველანი წვერით იყვნენ. მათი საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მათ შორის - არც მე" - განაცხადა რუსმა სამხედრომ, თუმცა განმარტა, რომ ყველა სამხედრო, ომში არის თუ არა, მოწესრიგებული უნდა იყოს...

"გენერლებს მოვუწოდებ, თავიანთი ფუნქცია, დავალება შეასრულონ. თუნდაც, მოიფიქრონ სტრატეგიული იდეები, მაგალითად, ის, თუ როგორ შეამცირონ დანაკარგი სამხედროებს ან მშვიდობიან მოსახლეობას შორის" - წერს ჩეჩნეთის ლიდერი რუსი გენერლის კრიტიკის პასუხად.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის არმიის, ან კრემლის ადმინისტრაციასა და დუმის დეპუტატებთან კადიროვს უსიამოვნო საუბრები აქვს.

ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და არმიის ხელმძღვანელობას რამდენიმე თვეა აკრიტიკებს. მანამდე იყო გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელსაც კადიროვმა უსაქმური და მშიშარა უწოდა, თუმცა გავრცელებული ცნობებით, 10 იანვარს, ლაპინი შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის უფროსად დანიშნეს, რამაც ჩეჩნეთის ლიდერი აღაშფოთა.

კიდევ ერთი კრიტიკის სამიზნე, გენრალი ვლადიმირი ბოლდირევი იყო, რომელსაც კადიროვმა შეახსენა, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ის ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაური იყო, ინგუშეთში ბოევიკების თავდასხმა მოხდა...

რუსი მაღალჩინოსანი სამხედროები კადიროვს ხშირად ახსენებენ, რომ სამხედრო მეთაურობის, განსაკუთრებით, ფრონტზე მყოფების კრიტიკის უფლება, მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. მათივე თქმით, არმიის მეთაურობაზე კადიროვის ასეთი კრიტიკა, შესაძლოა გამოწვეული იყოს ფარული აურზაურით.

რუსი ინტერნეტმომხმარებლების მოსაზრებით, კადიროვი თანდათან ყალიბდება საშიშ იდეოლოგად, რომლის შეწინააღმდეგება, სულ ცოტა, ბოდიშის მოხდით სრულდება.

"პუტინის პატარა, რეგიონული მასშტაბის დიქტატორი, ბოლო ხანებში, სწრაფად სცდება მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის ფარგლებს. ახლა მას რუსეთის საგარეო მიმართულების განსაზღვრის ამბიციები გაუჩნდა... მერე რა, რომ მისი მეომრები, კონტრაქტორები, მოხალისეები, ძალოვანი უწყების თანამშრომლები გამუდმებით იხოცებიან უკრაინის ომში, მთავარია, რომ პუტინი, პრიგოჟინი, პატრუშევი, კადიროვი და მსგავსი მოძალადეები დიქტატურის სამსახურში არიან. ყველამ ვიცოდით, რომ რუსეთის არმიას სერიოზული რეგრესი ჰქონდა, მაგრამ რაც ახლა ხდება, არის მიწასთან გასწორება. უახლოეს 50 წელში, არ მგონია, ვინმეს თავისი სურვილით რუსულ ჯარში მსახურება მოუნდეს" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ოლია დანილოვა.