ავტორი:

"ომის სამოსი" - როგორ შეიქმნა უკრაინული ბრენდი M-TAC-ი, რომლის შეკერილ ტანსაცმელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ატარებს

"ომის სამოსი" - როგორ შეიქმნა უკრაინული ბრენდი M-TAC-ი, რომლის შეკერილ ტანსაცმელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ატარებს

M-TAC-ის ბრენდის დამფუძნებლებს არასოდეს ჰქონიათ იმის ამბიცია, რომ გაეკეთებინათ დიდი ბიზნესი. მათ მხოლოდ სამხედროებისთვის მაღალი ხარისხის და მოსახერხებელი ტანსაცმლის დამზადება სურდათ. ომმა აიძულა ისინი დიდ თამაშზე წასულიყვნენ...

უკრაინულ კომპანია M‑TAC-ს, ტაქტიკური ტანსაცმლის მწარმოებელს, ჰყავს თავისი „ბრენდის ელჩი“, რომელზეც ნებისმიერი დიდი ბრენდი იოცნებებდა. ის თავისუფალ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია. ზელენსკის და მისი გარემოცვის გარდა, M-TAC სამოსს ატარებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟინი, ალექსანდრ კამიშინი და მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამიც კი. და ასევე - ასიათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი უკრაინაში.

ბრენდი М-ТАС 2014 წელს, დონბასში ომი დაწყების შემდეგ შეიქმნა. მანამდე კიევში მცხოვრები ალექსანდრე კარასევი, განათლებით ხელოვანი, ცხრა წლის განმავლობაში აწყობდა და ყიდდა აირსოფტის სამხედრო თამაშებს.

დონბასის მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა. "ომის თამაშები უსარგებლო გახდა", - ამბობს კარასევი, "ნამდვილი ომი დაიწყო." მეწარმემ მთელი აღჭურვილობა ფრონტს გადასცა. ტაქტიკურ და სამხედრო ტანსაცმელს აღარ ყიდულობდნენ აირსოფტის მოთამაშეები, არამედ სამხედროები, რომლებიც აღმოსავლეთში მიდიოდნენ. "მილიტარისტი" სწრაფად გადაიქცა სამხედრო სააგენტოდ.

თავიდან კარასევმა ევროპიდან სამხედრო ტანსაცმლის შემოტანა დაიწყო, მაგრამ კონკურენტების რაოდენობა გაიზარდა. "მაშინ ვიფიქრე: რატომ არ უნდა შევქმნათ ტაქტიკური ტანსაცმლის უკრაინული ბრენდი”, - იხსენებს მამაკაცი. ასე დაიბადა М-ТАС ბრენდი. კარასევმა პარტნიორად მიიწვია დიზაინერი დენის გოლოვკო, რომელსაც ევალებოდა მოდელების შექმნა.

M‑TAC-ის ერთ-ერთი პირველი პროდუქტი იყო Agressor ტაქტიკური შარვალი, რომელიც ბესტსელერად იქცა, როდესაც ის ზელენსკიმ მოირგო. ბრენდის შარვალს ხშირად ადარებენ ამერიკული კომპანიის Crye Precision Field Pants მოდელს. ეს შედარება არ არის უსაფუძვლო.

М-ТАС-ის დამფუძნებლები არ მალავენ, რომ მოდელების შექმნამდე ისინი ეწვივნენ უცხოურ გამოფენებს, სადაც დეტალურად შეისწავლეს ტოპ-ბრენდების პროდუქციის ტექნოლოგიები და დიზაინი.

2014 წელს სამხედრო საქონელზე მოთხოვნის ბუმი დაახლოებით ოთხი თვე გაგრძელდა... "თავიდან გაყიდვები მცირე იყო", - იხსენებს კარასევი. შემდეგ თანდათან გაიზარდა. YouControl-ის მონაცემებით, 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა 86 მილიონი გრივნა შეადგინა.

დიდი ომის დაწყებამდე კარასევისა და გოლოვკოს ბიზნესი შვიდი მაღაზიისგან შეგდებოდა. ჰქონდათ სახელოსნოები და საწყობები კიევში, ჰყავდათ 200-ზე მეტი თანამშრომელი, ასობით პროდუქციის ხაზი, მაღაზია და საწყობი პოლონეთში, მაგრამ დიდი ომისთვის ეს საკმარისი არ იყო.

თებერვლის ბოლოდან ერთი თვის განმავლობაში მათ მაღაზიებში ასმეტრიანი რიგები დადგა. "სოციალურ ქსელებში ხუმრობდნენ, რომ Apple-ის მაღაზიებს ასეთი რიგები მაშინ აქვთ, როდესაც ახალი პროდუქცია გამოდის", - ამბობს დუჟიკი, IT დეპარტამენტის დირექტორი და М-ТАС-ის საბითუმო გაყიდვების ხელმძღვანელი.

გაზრდილ მოთხოვნას დაემატა ის ფაქტი, რომ თანამშრომლების ნაწილმა ომის დაწყების შემდეგ ოჯახები გაიყვანეს უსაფრთხო ადგილას, ხოლო კარასევი და რამდენიმე სხვა თანამშრომელი ჯარში გაემგზავრნენ. ომის პირველ კვირებში წარმოება და ონლაინ გაყიდვები შეჩერდა: ამის გამკეთებელი არავინ იყო, ყველა მუშაობდა მზა პროდუქციის გასავრცელებლად.

ივნისში კარასევმა დაიწყო ახალი ქარხნის მშენებლობა ლვოვის რეგიონში. ამისთვის მან 800 000 დოლარის დაფინანსება მოაგროვა. ინვესტორები არიან Orexim-ის თანადამფუძნებელი იური ბუდნიკი და აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ხუდოლი. პირველი კარასევის ძველი მეგობარია. "ის იყო ჩემი პირველი ინგლისური ენის დამრიგებელი, როცა პატარა ვიყავი", - იხსენებს კარასევი.

M-TAC-ის პროდუქცია კარგი ხარისხის გარდა ფასითაც იგებს. მაგალითად, ავსტრიული ბრენდის Carinthia-ს ქურთუკი 350 დოლარი ღირს. M-TAC Softshell ქურთუკი - $115. დამატებითი უპირატესობა ის არის, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება M-TAC-ის ყველა პროდუქტზე.

კიევის ქარხანა ჭიანჭველების ბუდეს ჰგავს. ათობით მკერავი ჭრის, კერავს, ქარგავს.

ყველაფერი ფრონტისთვის

კარასევმა სწრაფად აითვისა ინვესტიცია. M-TAC წარმოება ივნისიდან დღემდე სამჯერ გაიზარდა. დაიქირავა 550 ადამიანი. "ლვოვში ჩვენ დავიწყეთ წარმოება ნულიდან. სამ კვირაში დავიქირავეთ პირველი 100 თანამშრომელი“, - ამბობს გოლოვკო.

"ომი სამუდამოდ არ გაგრძელდება, არის თუ არა გონივრული ამხელა ინვესტიცია მილიტარისტურ საწარმოში? - „ომის შემდეგ ვიფიქრებთ. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ“, - ამბობს კარასევი.

გოლოვკოს აზრით, ბრენდს, რომელმაც უკრაინელების გული მოიგო, კარგი პერსპექტივები აქვს დასავლეთის ბაზარზე. "ბევრი დაინტერესდა ჩვენი პროდუქციით" - ამბობს გოლოვკო. "მაგრამ ამ დროისთვის მთავარი ამოცანაა უკრაინელი სამხედროების საჭიროებების დაკმაყოფილება..."

წყარო