ავტორი:

"რატომ ვიყავი მე სერიული მკვლელი, სერიულ მკვლელს ხუთი ბავშვი მაინც უნდა ჰყავდეს მოკლული" - რას ჰყვება პატიმრობის წლებსა და ჩადენილ დანაშაულებზე ვენერა ობოლაშვილი

"რატომ ვიყავი მე სერიული მკვლელი, სერიულ მკვლელს ხუთი ბავშვი მაინც უნდა ჰყავდეს მოკლული" - რას ჰყვება პატიმრობის წლებსა და ჩადენილ დანაშაულებზე ვენერა ობოლაშვილი

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და საშიში დამნაშავე ქალი ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია. მან სასჯელი, 13 წელი სრულად მოიხადა და საპყრობილე რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

ვენერა ობოლაშვილი მთელმა ქვეყანამ გაიცნო ცნობილი აღიარებითი ვიდეო-ჩვენებით, რომელიც 2013 წელს გავრცელდა, მაშინ ქალი 4 წლის დაპატიმრებული იყო და ჰყვებოდა, როგორ ჩაიდინა სამი მკვლელობა.

ვიდეომ საზოგადოებაში დიდი პოპულარობა მოიპოვა, ის ბევრი იუმორისტული სკეტჩის თუ პაროდიის საფუძველიც კი გახდა, რითაც უნებურად დამნაშავისა თუ დანაშაულის რომანტიზების საფრთხე შეიქმნა.

2009 წელს დაკავებულ ვენერა ობოლაშვილს, მაშინ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასჯელის შეკრებითობის პრინციპით, 32 წელი მიესაჯა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პრინციპი გაუქმდა, უმაღლესი სასჯელი 17 წლიანი პატიმრობა დარჩა. ამის შემდეგ შეეხო საყოველთაო ამნისტია, რითაც პატიმრობის წლები კიდევ ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოო სასჯელის ზომად 13 წელი განესაზღვრა.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, ვიდეო-ჩვენებაში ობოლშვილი სამ მკვლელობას აღიარებდა. დედობილის, 84 წლის ქალის მარია აზამასცევას განზრახ მკვლელობას და ორი მამაკაცის, ყოფილი მეუღლეების მკვლელობას.

13 წლიანი პატიმრობდან გათავისუფლებული ვენერა დღეს მოხლოდ ერთ მკვლელობას აღიარებს და აცხადებს, რომ დანარჩენი ჩვენებები იძულებით მიაცემინეს.

  • რას ამბობს ვენერა ობოლაშვილი მარია აზამასცევას მკვლელობაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2009 წელს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ობოლაშვილი კონტაქტში მარტოხელა ადამიანებთან შედიოდა, ცდილობდა მათი ნდობის მოპოვებას, რის შედეგადაც თაღლითური გზით იფორმებდა მათ კუთვნილ ბინებს. სწორედ ამ მოტივით მოკლა მან 84 წლის მარია აზამასცევა, რომელიც მასზე 4 წლის ასაკიდან ზრუნავდა.

"4 წლის ვიყავი, როცა გავიცანია მარია. ერთი ცუდი თვისება ჰქონდა, დალევა უყვარდა და მერე აფრენდა.მოვკიდებდი ხელს, პატარა ქალი იყო ტანით, დავაწვენდი ლოგინზე, მივუწვებოდი და დაეძინებოდა. აი, იმ დღესაც მივედი და ვნახე რომ ნასვამია, ერთ ამბავშია. ვამშვიდებდი და მომაფურთხა. ე, მეთქი ქალო, რას აკეთებ. პირზე დავაფარე ხელი, ცხვირიდან სუნთქავდა. როგორც გელაპარაკებთ, ასე ალალად მოვუყვი გამომძიებელს - ო, შემდეგ დაგიხრჩვიაო. გაგიგუდიაო. არა მეთქი, ყოველთვის ასე ვაძინებდი-მეთქი და დაიხოცნენ სიცილით...

რომ აღარ გაიღვიძა, გადავაგდე. მივედი პოლიციაში და წავიდა რუსეთში მეთქი. რუსეთში კი არ წავიდა, ვიპოვეთო, მითხრეს. ანდერძი იყო დაწერილი, მაგრამ ალბათ იმას გააუქმებდნენ არ მომიკითხავს, არ მაინტერესებს, იქეთ გახედვა არ მინდა." - აცხადებს ვენერა ობოლაშვილი "კურიერთან".

  • რას ამბობს ობოლაშვვილი იური იურკინის მკვლელობაზე

შსს-ს ცნობით, გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ობოლაშვილმა მოკლა მასთან ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი 1941 წელს დაბადებული იური იურკინი და მისი ბინა 4000 აშშ დოლარად გაყიდა.

"ეს ტყუილი იყო, გამომძიებელმა მთხოვა, დაგვეხმარე, წლის ბოლოა და გვჭირდება საქმეების გახსნაო და იძულებული ვიყავი მეთქვა. თუ არ გავაკეთებდი, მითხრეს, შენს შვილს ავიყვან და სარეცხის თოკზე გადაგიკიდებთო. ბავშვებით შემაშინეს, 21 წლის იყო მაშინ ჩემი ბიჭი." - ამბობს ვენერა.

  • რას აცხადებს ვენერა ობოლაშვილი ანატოლი კალინკას მკკვლელობაზე

შსს-ს ინფორმაციით, ობოლაშვილმა 2008 წელს მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 1956 წელს დაბადებული ანატოლი კალინკა და მისი ბინა 50 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა.

"ანატოლი იყო კანონიერი ქურდი. გაექცათ აქედან, ვერ დაიჭირეს და დამაბრალეს მე. წამიყვანეს სადღაც დანგრეულ ხიდზე, სადაც არასოდეს ვყოფილვარ. ორი ბადრაგი გოგო აქეთ-იქედან მომყვებოდნენ, თან მეშინოდა, ფეხი არ ჩამვარდნოდა. ხელები აწიე, რომ გადაგიღოთ როგორ გადააგდე იქეთო. მკვდარი ნახა ის ვინმემ? ის ცოცხალია და რუსეთში ცხოვრობს. " - აცხადებს ქალი.

ობოლაშვილის თქმით, პატიმრობის წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა რადგან, როგორც თავად ამბობს, ბევრი რამის შესწავლა მოახერხა.

"პატიმარი ქალები, თავიდან შიშით მიყურებდნენ, მერიდებოდნენ, მაგრამ ვინც გამიცნო ყველა ჩემი მეგობარი გახდა, ყველას ვუყვარდი. ციხეში 27 სერთიფიკატი ავიღე. ტრენინგი არ ყოფილა ისეთი, მე არ გამევლოს.

ზონაში მკერავი ვიყავი, თანამედროვე მანქანაზე კერვა ვისწავლე.

აი, სერიული მკვლელიო... რატომ ვიყავი მე სერიული მკვლელი, სერიულ მკვლელს ხუთი ბავშვი მაინც უნდა ჰყავდეს მოკლული.

ჩემს თავს იმაში ვადანაშაულებ, რომ ციხეში არ უნდა მოვხვედრილიყავი. ნეტა, ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა. ასე არ უნდა დამმართნოდა მე. " - ამბობს ვენერა ობოლაშვილი.