ავტორი:

"მადლენამ ჩემი ოჯახი ამოწყვიტა" - ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი საქართველოს ისტორიაში, რომლის სახელსაც13-მდე მკვლელობას უკავშირებენ

"მადლენამ ჩემი ოჯახი ამოწყვიტა" - ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი საქართველოს ისტორიაში, რომლის სახელსაც13-მდე მკვლელობას უკავშირებენ

მრავალგზის გასამართლებული დამნაშავე, მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი 2014 წელს, აზერბაიჯანელ და ქართველ სამართალდამცავთა ერთობლივი ძალისხმევით, ბაქოში დააკავეს და საქართველოში დიდი ხმაურით ჩამოიყვანეს. მას მთავარმა პროკურატურამ ბრალი 1993 წელს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 4 კაცის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში წაუყენა (საქმე ეხება გურჯაანში იმერლიშვილების ოჯახის ამოწყვეტას). ამ ინფორმაციამ იმჟამად მითქმა-მოთქმა გამოიწვია. იმხანად ქართველი სამართალდამცავები ირწმუნებოდნენ, რომ მადლენას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ, თუმცა ზვორიკინამ ქალთა კოლონიაში მხოლოდ 9 თვე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში პროკურატურამ ვერ შეძლო საქმის დასრულება, საკმარისი მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლომ ციხიდან მადლენას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მადლენამ საქართველო დატოვა.

2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე 65 წლის რუსეთის მოქალაქე მადლენა ზვორიკინა დააკავეს. იგი ბელარუსმა სამართალდამცველებმა იზოლატორში მოათავსეს, სადაც 40 დღე დაჰყო მანამ, ვიდრე რუსეთისადმი საექსტრადიციო დოკუმენტები მზადდებოდა. იმავე წლის 25 ნოემბერს მადლენა ზვორიკინა რუსეთს გადაეცა.

როგორც რუსული პრესა იმჟამად წერდა, მადლენა ზვორიკინამ 1990-იან წლებში, "საქმიან" პარტნიორ ალექსანდრე როშინთან ერთად, რომელიც როგორც ამბობენ, მისი საყვარელიც იყო, მოსკოვში ბანდა შექმნა, რომლის ანგარიშზეც, სავარაუდოდ,13 მკვლელობაა. ჩადენილ მრავალრიცხოვან დანაშაულებათა გამო მადლენას "სისხლიანი ატამანშა" დაარქვეს.

"ჩვენი მუსიკის მასწავლებელი იყო, მახსოვს, სულ გაპრანჭული დადიოდა, ლამაზი ქალი იყო. მისი ყოფილი ქმარი, ვაჟა მათიაშვილი, ალაზანში დაიხრჩო. მადლენა მთელ კახეთს აზანზარებდა, მუსიკის მასწავლებელი უცებ კახეთის "მხედრიონის" უფროსი გახდა. მისი ყველას ეშინოდა. იმერლიშვილების ამოხოცვაში თავიდანვე მას ასახელებდნენ", - განაცხდა "კვირის პალიტრასთან" გურჯაანის ერთ-ერთმა მკვიდრმა რამდენიმე წლის წინ.

  • მასობრივი მკვლელობები რუსეთში

1993 წლის დეკემბერში მოსკოვის იასენევოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ძალადობრივი სიკვდილის ნიშნების მქონე ექვსი ცხედარი აღმოაჩინეს. ყველა მოკლული წარმოშობით უკრაინიდან, ლვოვიდან იყო. მილიციის ოპერატიული სამსახურის მუშაკებმა მიაკვლიეს, რომ ისინი მოსკოვში ავტომანქანების მოპარვა-გატაცებით იყვნენ დაკავებულნი. რადგანაც მომხდარი ფაქტი აშკარად უკავშირდებოდა მსხვერპლთა კრიმინალურ ბიზნესს, მილიციამ ეჭვი კონკურენტებზე მიიტანა.

გამოძიება კვალმა საქართველოში მცხოვრებ მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილამდე მიიყვანა. როგორც გაირკვა, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წლით ადრე მან ბედის საძებნელად მოსკოვს მიაშურა და სავაჭრო ფირმა "წმინდა გიორგი" შექმნა, თუმცა კომერციული საქმიანობა მისთვის მხოლოდ ერთგვარი საფარის როლს ასრულებდა - სინამდვილეში "წმინდა გიორგის" თანამშრომლები მკვლელობებითა და ბანდიტიზმით იყვნენ დაკავებულები. თავდაპირველად გამოძიება დაჯგუფების ლიდერად სწორედ მადლენას მიიჩნევდა, მაგრამ შემდეგ, 1995 წელს, როცა "წმინდა გიორგის" თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს, აღმოჩნდა, რომ ბანდის მეთაური მადლენას სამოქალაქო ქმარი - ალექსანდრე როშინი იყო.

2002 წლის ზაფხულში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე როშინს, რომელსაც პირადად ხუთი ადამიანი ჰყავდა მოკლული, იმ დროისათვის სასჯელის მაქსიმალური ვადა - 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იდენტურად დაისაჯა მისი თანამზრახველი ალექსეი ფოკინი - რვა ადამიანის მკვლელი.

რაც შეეხება მადლენას, მას მკვლელობის ბრალდების ნაწილი მოეხსნა, მაგრამ გისოსებიან შენობაში 9 წლით მაინც გაიგზავნა. ამასთან, მხედველობაში იქნა რა მიღებული, რომ ზვორიკინა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში დაკავებული იყო, მას ეს ვადა პატიმრობად ჩაეთვალა და იგი ციხიდან განაჩენის გამოტანიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა. გათავისუფლებულმა მადლენამ ტეროროზმის მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო ფონდი "ალდოედი" დააფუძნა, მაგრამ ფონდის ხელმძღვანელობა არ დასცალდა - მალე თავი ისევ ციხეში ამოჰყო.

  • მკვლელობები საქართველოში

2004 წელს მადლენა ზვორიკინა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს, სადაც მასზე 1990-იანი წლებიდან ძებნა იყო გამოცხადებული. ქართველი ძალოვნების მონაცემებით, 1993 წელს მადლენა ალექსანდრე როშინთან, ალექსეი ფოკინთან და ბანდის კიდევ რამდენიმე წევრთან ერთად კახეთში ჩავიდა ადგილობრივ მძღოლებში ფულის აკრეფის მიზნით. მეტი დამაჯერებლობისათვის ბანდიტებმა მოიმარაგეს იარაღი, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის უწყებისა და უშიშროების ორგანოების მუშაკთა ყალბი პირადობის მოწმობები.

როგორც გამოძიება მიიჩნევს, მადლენას ბრძანებით რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ასე მაგალითად - თბილისი-გურჯაანის ავტოტრასაზე მოკლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შემდეგ ისინი ადგილობრივი მცხოვრების - გივი იმერლიშვილის ოჯახს გაუსწორდნენ: არ დაინდეს არც მისი ცოლი ლამარა და არც შვილი ანეტა. სახლიდან წაიღეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სანადირო თოფები, გაიტაცეს ავტომობილი "ნივა", რომელიც გაყალბებული დოკუმენტებით გაყიდეს და რუსეთში დაბრუნდნენ. მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი მკვლელობასთან კავშირს უარყოფდა რამდენიმე წლის წინ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

კრიმინალური წარსულის გარდა, მადლენა ზვორიკინას მდიდარი საბრძოლო გამოცდილებაც ჰქონდა. ქართველი სამართალდამცველთა მონაცემებით, 1990-იანი წლების დასაწყისში იგი გასამხედროებული ორგანიზაციის - "მხედრიონის" კახეთის ფრთას ხელმძღვანელობდა.

  • "ოცი წელია, ჩემს მიცვალებულებს ვეძებ"

გურჯაანში ყველას ახსოვს უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის, ვასილ იმერლიშვილის სახლში დატრიალებული ტრაგედია - დანაშაულებრივმა ჯგუფმა ოჯახის ხუთი წევრი მოკლა და შემდეგ ცხედრები გააქრო. "კვირის პალიტრამ" 2014 წელს მიაკვლია იმერლიშვილების ოჯახის ერთ-ერთ გადარჩენილ წევრს, დავით იმერლიშვილს, რომელმაც შემზარავი დანაშაულის დეტალები მოყვა:

- მადლენამ ჩემი ოჯახი ამოწყვიტა. ჩემი უფროსი ბიძაშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასიკო იმერლიშვილი, უშიშროების მაშინდელი მინისტრის, იგორ გიორგაძის მოადგილე იყო. 1993 წლის 9 აგვისტოს მომიკლეს ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილი ვასიკო და მოხუცი ბებია, მანამდე კი მეორე ბიძაშვილი გია მოსკოვში მოკლეს.

ობლად გავიზარდე, მშობლები რომ დამეხოცა, 9 წლის ვიყავი და ბიძამ ჩემს ბიძაშვილებთან ერთად შვილივით გამზარდა. ეს ტრაგედია რომ დატრიალდა, აფხაზეთის ომში ვიბრძოდი. თავზარდამცემი ამბავი თვე-ნახევრის შემდეგ, ომიდან დაბრუნებულმა გავიგე. სოფლის ცენტრში მეზობლის ბიჭმა რომ დამინახა, გაკვირვებულმა მკითხა, ცოცხალი ხარო? მერე დაამატა, სახლში არ შეხვიდე, დანაღმულიაო. ენა ჩამივარდა, რომ უნდა მეკითხა, რას მეუბნები, ერთი კარგად ამიხსენი-მეთქი, სწრაფად გამშორდა.

სახლისკენ წავედი. ბიძაჩემს ძაღლები ჰყავდა, როგორც კი დამინახავდნენ, სიყვარულით მეგებებოდნენ. საწყლები - გათიშული ეყარნენ, ურეაქციოდ, ეტყობა, რაღაც გაუკეთეს. მეორე სართულზე რომ ავედი, გავოგნდი, მარტო კედლები იყო დარჩენილი, ყველაფერი გაეტანათ... მერე გავიგე, რომ ჩემიანები დაუხოცავთ.

- რას საქმიანობდნენ ოჯახის სხვა წევრები?

- უმცროს ბიძაშვილს, გიას, ანტიკვარული იარაღის კოლექცია ჰქონდა, ყველა - რეგისტრირებული. ნაწილი ჩემთან ინახებოდა, ნაწილი - ბიძაჩემთან. 1993 წელს მე და გიამ რუსეთში პორტვეინი, ღვინო და არაყი წავიღეთ, მაგრამ ვერ გავყიდეთ. მაშინ საქმეში მადლენა ჩაერია, მოგება სამად უნდა გაგვეყო. დავუტოვეთ პროდუქცია და წამოვედით. მერე მადლენამ აღარ მოინდომა თანხის განაწილება, არადა, მანამდე გიას აცნობა, ყველაფერი გორკის ავტოქარხანას ჩავაბარე და სანაცვლოდ ახალი 15 "ვოლგა" უნდა მოგვცენო. აქედან 5 მადლენასი უნდა ყოფილიყო, 10 - ჩვენი.

- არ მოგცათ მანქანები?

- მადლენა რომ აღარ გამოჩნდა, გია წავიდა მოსკოვში, მას მერე აღარც გვინახავს. სამაგიეროდ, მადლენამ ვასიკოსთან გამოგზავნა კურიერი, გია მოსულია ლარსის საზღვართან, ახალი მანქანები მოჰყავს, პრობლემები ექმნება მესაზღვრეებთან და დაეხმარე ძმას მანქანების გადმოყვანაშიო. ვასიკო თავისი წითელი "ნივით" წავიდა და ერთ საათში გურჯაანში დაუნახავთ, რომ ვასიკოს უკვე უნომრო მანქანის საჭეს ვიღაც უცნობი ეჯდა, მას მერე ვასიკოც გაქრა. იმ საღამოს ჩვენს სახლში მოსულან სამხედროფორმიანი რუსები და უთქვამთ ბიძაჩემისთვის, კარგად არის საქმე, ვასიკოს ველაპარაკეთ რაციით, საზღვარი გადმოკვეთეს და ცოტა ხანში მოვაო. ბიძაჩემმაც საკლავი დაკლა, შვილების მოლოდინში სახლში დიდი სუფრა გაშალა, ამის მერე რა მოხდა, ეს უკვე მადლენამ იცის.

ბიძია გივი, ბიცოლა ლამარა და ბებიაჩემი გაქრნენ, არც მათი საფლავები მაქვს.

გავიგე, რუსებთან ერთად გურჯაანელებიც ყოფილან გარეული მათ სიკვდილში. არავის უფიქრია მათი მოძებნა, თითქოს არც ყოფილიყვნენ, მე კი წლებია, დეტალებს ვიკვლევ. გააგრძელეთ კითხვა