ავტორი:

"ჰოლივუდური ღიმილი" - კაპა თუ საოფისე გათეთრება? - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი სტომატოლოგი ანა ჯაფარიძე

"ჰოლივუდური ღიმილი" - კაპა თუ საოფისე გათეთრება? - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი სტომატოლოგი ანა ჯაფარიძე

ადამიანის ჯანმრთელობა პირის ღრუდან იწყება. ჯანსაღი პირის ღრუ ლამაზი ღიმილის საწინდარია. დღეს ყველა ოცნებობს ე. წ. „ჰოლივუდის ღიმილზე“. თანამედროვე სტომატოლოგია ამის შესაძლებლობას იძლევა და ყველას შეუძლია თავი მოიწონოს თეთრი კბილებით და ლამაზი ღიმილით.

კბილების ფერის ცვლილებას ანუ დისქოლორიზაციას ცხოვრების მანძილზე მიღებული ორგანული, თუ არაორგანული საღებავები იწვევს. დროთა განმავლობაში ეს ნივთიერებები ილექება მინანქრის შრეებში. არსებობს ფერის შემცვლელი გარეგანი ფაქტორი, მაგალითად ისეთი პროდუქტების ხშირი მიღება, როგორიცაა, ჩაი, ყავა,წითელი ღვინო. ასევე, ძალიან ცუდად აისახება კბილების ფერზე ნიკოტინი. იმ შემთხვევაში, თუ მინანქრის ზედაპირი დაზიანებული არაა, ასეთი პიგმენტის მოშორება ხშირად პროფესიული წმენდითაცაა შესაძლებელი, ამ დროს ხდება კბილის ბუნებრივი ფერისა და ბზინვარების აღდგენა და მიღებული შედეგის გამო პაციენტები კბილის შემდგომ გათეთრებაზე უარს აცხადებენ. ამიტომ აუცილებელია 6 თვეში ერთხელ ვიზიტი სტომატოლოგთან და პროფესიული წმენდის ჩატარება, ამით არა მხოლოდ კბილის ბუნებრივ ფერს ვინარჩუნებთ, არამედ უზრუნველვყობთ კარიესული და პაროდონტის ქსოვილის დაავადებების პრევენციას.

კბილთა დისქოლორის მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს ისეთი თანდაყოლილი არაკარიესული დაავადებები როგორიცაა - ფლუოროზი, ჰიპოპლაზია და ტეტრაციკლინის კბილები. კბილთა ფერის გამუქება იწვევს მათი არასწორი ენდოდონტიური მკურნალობაც.

კბილების გათეთრება ხდება ორი მეთოდით: 1. პროფესიონალური ( საოფისე) გათეთრება და გათეთრება სახლის პირობებში, ინდივიდუალური კაპების მეშვეობით.

პროფესიული (საოფისე) გათეთრება წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიას, გააჩნია არაერთი მეთოდი და არის აბსოლუტურად უსაფრთხო. გათეთრების მთელი პროცესი მიმდინარეობს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სახლის მეთოდებისგან განსხვავებით და არ ხდება კბილისა და პაროდონტის ქსოვილების დაზიანება. საოფისე გათეთრების ჩატარებისას გამოიყენება სპეციალური სხივი, რომლის მეშვეობითაც ხდება მათეთრებელი ნივთიერების, წყალბადის, ან კარბამიდის ზეჟანგის სხივური გააქტიურება. ტექნიკურად საოფისე გათეთრება საკმაოდ მარტივია. ხდება ლორწოვანი გარსების იზოლაცია, კბილის ზედაპირზე თავსდება მათეთრებელი გელი და აქტიურდება ცივი სხივით. მნიშვნელოვანია, რომ არ ხდება კბილების გადახურება, არ ყალიბდება ჰიპერმგრძნობელობა და არის პაციენტისთვის კომფორტული.

რა არის საოფისე გათეთრების უპირატესობა?

  1. არის უსაფრთხო და ეფექტური პროცედურა.
  2. არის უმტკივნეულო.
  3. პროცედურის ხანგრძლივობა არის 45 წუთი
  4. შედეგი დგება პროცედურის დასრულებისთანავე და ეფექტი გრძელდება 1 წელი.

გათეთრებამდე აუცილებელია პაციენტს ჩაუტარდეს პირის ღრუს პროფესიული წმენდა და სრული სანაცია (კარიესული ღრუების დაბჟენა), შეფასდეს პაროდონტის ქსოვილის მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ არის რეკომენდებული გათეთრების პროცედურის ჩატარება.

რა არის გათეთრების უკუჩვენება?

  1. პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებები
  2. კარიესული დაზიანებები
  3. არაკარიესული დაზიანებები: სოლისებური დეფექტი, მინანქრის ეროზია, მინანქრის ბზარები, ძლიერი ცვეთა
  4. ჰიპერესთეზია-მომატებული მგრძნობელობა
  5. ორთოდონტიული კონსტრუქციების არსებობა
  6. ფრონტალურ კბილებზე ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების არსებობა
  7. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
  8. 16 წლამდე ასაკი
  9. ალერგიული განწყობა მათეთრებელი გელის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ

როგორ ხდება ინდივიდუალური გათეთრება სახლის პირობებში?

ასევე, ძალიან აქტუალურია სახლის პირობებში კბილების გათეთრება. ამ პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია ვიზიტი სტომატოლოგთან, კონსულტაციის გავლა, ჯერ პროფესიული წმენდის ჩატარება და მხოლოდ ამის შემდეგ სახლის პირობებში გათეთრების დაწყება.

გათეთრება სახლის პირობებში ხდება პაციენტის მიერ ექიმისგან დამოუკიდებლად, კლინიკაში დამზადებული ინდივიდუალური კაპების გამოყენებით. მათეთრებელი გელი თავსდება კაპაში და პაციენტს შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში მოირგოს კაპა, უფრო მოსახერხებელია ძილის დროს. სახლის პირობებში გათეთრებას სჭირდება საშუალოდ 7-10 დღე და არის უფრო ხანგრძლივი პროცედურა საოფისე გათეთრებასთან შედარებით.

აუცილებელია მათეთრებელი გელი შეირჩეს სტომატოლოგის მიერ. მათ აქვთ სხვადასხვა პროცენტული შემადგენლობა და ხმარების წესები სხვადასხვა ტიპის მინანქრისთვის განსხვავებულია. მოხმარების ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა რეკომენდებულია მოხდეს ექიმის მითითების მიხედვით.

აქვს თუ არა გათეთრებას გვერდითი ეფექტი?

კბილების გათეთრების პროცედურის ჩატარების შემდეგ, შესაძლებელია უმნიშვნელო მგრძნობელობის მომატება, ეს სრულიად ბუნებრივია, თუმცა ეს უსიამოვნო მოვლენა 24 საათში გაივლის. ასეთ შემთხვევაში, პაციენტს რემთერაპიის მიზნით ენიშნება სპეციალური სამკურნალო საშუალებები, რომელიც ეხმარება პაციენტს ჰიპერესთეზიის მოხსნში.

როგორ შევინარჩუნოთ თეთრი კბილები დიდი ხნის მანძილზე?

კბილების გათეთრების შემდეგ აუცილებელია პაციენტმა დაიცვას ე.წ. „თეთრი დიეტა“, 2 კვირის განმავლობაში თავი შევიკავოთ ფერადი საკვებისა და სასმელის მიღებისგან, უარი ვთქვათ ნიკოტინზე და 6 თვეში ერთხელ ვეწვიოთ სტომატოლოგს, ჩავიტაროთ პროფესიული წმენდა, ამგვარად შევინარჩუნებთ კბილების სასურველ ფერს და ჯანმრთელ პირის ღრუს.

NS