ავტორი:

"ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება" - როგორია საგარეჯოში სროლისას დაჭრილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება" - როგორია საგარეჯოში სროლისას დაჭრილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, თავდასხმისას დაჭრილი ორი პირი ბინაზე უახლოეს დღეებში გაეწერება.

რაც შეეხება მესამე პაციენტს, 24 წლის მამაკაცს, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამასთან, კლინიკის დირექტორის განმარტებით, მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების რისკი მაღალი რჩება.

“საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალში“ სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში ბინაზე გაწერა იგეგმება. ერთი პაციენტი, რომელიც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობას, მართვით სუნთქვაზე რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დადებითი დინამიკით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს, მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე, გართულების რისკი ძალიან მაღალი რჩება. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპისთვის კრიტიკული ანემიის ციფრები აღარ ფიქსირდება, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, - აღნიშნავს ოთიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში რამდენიმე დღის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.