ავტორი:

"ამბობენ, სულაც არ ვძულვართო ქართველებს და ისევ მათ შემადგენლობაში ცხოვრება ჯობიაო... დიახაც, იქ უნდა წავიდნენ" - უკიდურესი გასაჭირი აფხაზეთში და ადგილობრივი  ახალგაზრდების გზა საქართველოსკენ

"ამბობენ, სულაც არ ვძულვართო ქართველებს და ისევ მათ შემადგენლობაში ცხოვრება ჯობიაო... დიახაც, იქ უნდა წავიდნენ" - უკიდურესი გასაჭირი აფხაზეთში და ადგილობრივი  ახალგაზრდების გზა საქართველოსკენ

უკვე მერამდენედ, აფხაზური ოპოზიცია და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, რომლისთვისაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობის პოლიტიკა მიუღებელია, ასლან ბჟანიას გუნდის გადადგომას ითხოვს.

"ბჟანიას გუნდს უკვე უამრავი შეცდომა დაუგროვდა. იმდენად ბევრი, რომ ვადაზე ადრე გადადგომა საუკეთესო გამოსავალია. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა; ის, რაც უძრავი ქონების, მიწებისა და შენობების გარშემო ხდება, საქართველოში გადასული ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც აქ თავს უპერსპექტივოდ გრძნობენ და იქიდან სხვებსაც მოუწოდებენ საქრთველოში წასვლისკენ და ამბობენ, სინამდვილეში სულაც არ ვძულვართ ქართველებს და ისევ მათ შემადგენლობაში ცხოვრება ჯობიაო; უბინაოდ დარჩენილი ასობით მრავალშვილიანი ოჯახი, რომლებიც დაუმთავრებელ კორპუსებში შევარდა - ეს ის საკითხებია, რაც ყველაზე მწვავედ დგას", - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი, ალიას ავიძბა, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს შეურთდნენ.

  • აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი, ყველაზე გავლენიანი ლიდერი, ადგურ არძინბა აცხადებს, რომ "თუ პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოპოზიციის მოთხოვნებს არ დაეთანხმება, ანუ უარს იტყვის მთავრობის გადაყენებაზე, მაშინ მას მოუწევს გადადგომა."

არძინბას თქმით, მოქმედმა "მთავრობამ" ვერაფერი გააკეთა პანდემიის დროს, ასევე არასწორი პოლიტიკის გამო, რეგიონი ენერგეტიკულ კრიზისამდე მიიყვანა, ამ ხნის განმავლობაში, "ვიღაცების მიმართ მაამებლური პოლიტიკის გარდა", არც ერთი რეფორმა არ გაუტარებია. ასობით ადამიანი კი ყოველდღიური შემოსავლის და საცხოვრებელი პირობების გარეშე დარჩა.

"ხალხი ქვეყნიდან გარბის, ყოველდღე, ნასვამი მძღოლების გამო, ათობით ადამიანი კვდება, ნარკობიზნესი ყვავის, მოქალაქეები სრულ უიმედობას განიცდიან. ეს არ არის სრული ჩამონათვალი, რის გამოც ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ის უნდა გადადგეს. ამისთვის კი საჭიროა, დიდი სახალხო პროტესტი, რათა მან იგრძნონ ხალხის ძალა“, - ამბობს "ოპოზიციის" ლიდერი ადგურ არძინბა, რომელიც 2020 წლის "არჩევნებში", ასლან ბჟანიას მთავარი კონკურენტი იყო.

დაანონსებული აქცია, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება, მანამდე კი გეგმავენ, რომ "ოპოზიციამ", სამოქალაქო აქტივისიტებმა და მოსახლეობამ ყველა დეტალი გაიარონ, რათა საპროტესტო ძალამ რეგიონებიდან იფეთქოს, თუნდაც იმიტომ, რომ "ისინი ბევრად უარეს პირობებში ცხოვრობენ, ვიდრე სოხუმის, ან ბიჭვინთის მოსახლეობა. არ აქვთ, შუქი, განათლების მიღების შესაძლებლობა, ტრანსპორტი, არ მიეწოდებათ წყალი", - წერენ აფხაზი ოპოზიციონერები.

  • 2020 წლის იანვარში ადგილობრივებმა "პრეზიდენტის სასახლე" აიღეს, შედეგად, მაშინდელი ლიდერი, რაულ ხაჯიმბა გადადგა, მის ადგილას კი, ასლან ბჟანია მოვიდა.

abkhaz-auto.ru ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი, რადგან თავიანთი სახსრებით, ახალ სახლებს, ან ბინებს ვერ იშენებენ. აფხაზეთში კი, არასტაბილური ბიზნესგარემოსა და სხვა ფაქტორების გამო, იპოთეკა არ არსებობს.

"უამრავი ადამიანი, მათ შორის, მრავალშვილიანი ოჯახები სახლის გარეშე არიან. აფხაზეთის ბანკის იურიდიული მიმართულების უფროსი, ოლეგ პაპასკირი აცხადებს, რომ იპოთეკის არარსებობა ბევრი მიზეზით აიხსნება, მათ შორის იმით, რომ ბანკს გრძელვადიანი სესხებისთვის საჭირო თანხები არ გააჩნია.

ამასთან, მისი თქმით, ბანკი მოგებაზეა ორიენტირებული და არა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე. ამ ვითარებაში კი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთი ან ორი წლით სესხის გაცემაც კი რისკებთან არის დაკავშირებული, რომ არაფერი ვთქვათ, 15 ან 25-წლიან სესხებზე, რომლის ფარგლებში გარანტია არ არსებობს..."

ადგილობრივი "დეპუტატის", ერიკ რშტუნის განცხადებით, წლების წინ, სოხუმსა და სხვა ქალაქებში ორჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ საცხოვრებელი სახლების პრობლემა არ ყოფილა, რადგან მუდმივად იქმნებოდა შესაბამისი ფონდები, რათა მოსახლეობა ქუჩაში არ დარჩენილიყო.. ახლა ხალხი მრავლდება, ახალგაზრდა ოჯახები ცალკე ცდილობენ გადასვლას, მაგრამ საჭირო საცხოვრებელი ფართები არ არის. ეს უფრო კომერციულად მოსაგვარებელი საკითხია და მთავრობას დამოუკიდებლად გადაწყვეტა არ შეუძლია", - ამბობს რშტუნი ekhokavkaza.com-თან საუბრისას.

ადგილობრივების თქმით, სინამდვილეში, ბინები, რომელიც შენდება, ან რომელთა რეაბილიტიციაც შესაძლებელი იყო, მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებს მიჰყიდა მაღალ ფასში, ამიტომაც, აფხაზეთში ბინების ფასმა სოჭისას გადაასწრო.

"ადამიანები, მცირეწლოვანი შვილებით, ქუჩაში დარჩნენ, გარეთ დანთებული ცეცხლის გარშემო ათენ-აღამებენ და ვიღაცები კიდევ იმ ახალგაზრდებს აკრიტიკებენ, ვინც მიდის. დიახაც, იქ უნდა წავიდნენ, სადაც ნარკომანებისა და ძველი ბიჭების გარემოცვაში კი არა, განათლებაზე ორიენტირებულ საზოგადოებაში აღზრდიან თავიანთ შვილებს. ჩვენი ჩინოვნიკები, 3-4-სართულიან სახლებში ცხოვრობენ, უამრავ ქვეყანაში ფლობენ ბიზნესს, უძრავ ქონებას, აქ კი, რუსები შემოჰყავთ", - წერს ადგილობრივი "იასონ აფხაზი".

  • აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ადგილობრივი ახალგაზრდის, რუსლან გამისონიას წინააღმდეგ "სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის", ასევე, "აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული საჯარო მოწოდებების გამო“, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, გამისონიამ "აფხაზეთი 2022 წლის ივნისში, განზრახ, უკანონოდ, მოქმედი დოკუმენტაციისა და სათანადო ნებართვის გარეშე დატოვა. "გამისონიას თქმით, ის იძულებული იყო სოხუმიდან თბილისში გადასულიყო.

"აფხაზეთში "მმართველი ძალა" სიმართლის თქმის საშუალებას არ იძლევა, ყიდის მიწებს, ხალხის, ახალგაზრდობის განადგურებით არის დაკავებული. არ არის განვითარება, ეწევა პროპაგანდას, რომ აქ (საქართველოში) მტრებია, მაგრამ აქ მტრები არ არიან. ერთობლივი დიალოგის დროა. უნდა დავიწყოთ ურთიერთობების დალაგება, უნდა მივიდეთ მომავალთან. აქ არის მომავალი, ყველა ერთმანეთს ეხმარება", - ამბობს გამისონია.

ის "ტიკტოკის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დასძენს, რომ "აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და ქართველი ხალხი დიადი ხალხია, რომელსაც სურს დაეხმაროს აფხაზებს."