ავტორი:

დათი საქართველოში ბრუნდება - რას ამბობს შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბიჭუნას დედა მოზარდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე?

დათი საქართველოში ბრუნდება - რას ამბობს შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბიჭუნას დედა მოზარდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე?

8 წლის დათი ქოქრაშვილი, რომელსაც მძიმე ავარიის შემდეგ მთელი საქართველო გულშემატკივრობს, საქართველოში ბრუნდება. მისი ჯანმრთელობისთვის დღემდე უამრავი ადამიანი ლოცულობს. ყველამ გულთან მიიტანა შარტავას ქუჩაზე დაშავებული ბიჭის ამბავი. დათი ჯერ ისრაელში მკურნალობდა, ახლა გერმანიაში გადის სარეაბილიტაციო კურსს და უკვე ცნობილია, რომ დათი საქართველოში წამოსასვლელად ემზადება და ამ დღეებში ის თბილისში ჩამოვა. დიდი ალბათობით, 2 თებერვალს, თავის დაბადების დღეს, შინ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში შეხვდება. როგორია დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დეტალების გასარკვევად დათის დედას, ქრისტინე მამუკაშვილს ვესაუბრეთ.

- ქრისტინე, როდის ბრუნდებით საქართველოში?

- ამ ეტაპზე მზად ვართ წამოვიდეთ საქართველოში. პროთეზი გამზადებულია, მაგრამ ბავშვი ჯერ ვერ ხმარობს, როგორც გვითხრეს, თვეებია საჭირო ან შეიძლება წელიც დასჭირდეს, რომ ადაპტაცია გაიაროს. პირდაპირ ჭრილობაზე მაგრდება პროთეზი, ჯერ კანიც არ არის ბოლომდე შეხორცებული, კანი ჩამოსაყალიბებელია, ისევ თხელი ფენაა, ნაწლავიც ხომ გარეთ გამოტანილი აქვს, ამიტომ ძალიან მტკივნეულია ბავშვისთვის პროთეზის მორგება, ეს ყველაფერი ხელს უშლის, რომ შეგუების პროცესი სწრაფად წავიდეს.

კლინიკაში კი არგებენ და პარალელურ ჯოხებზე ასე თუ ისე ცდილობს გაიაროს, მაგრამ როცა სახლში მოგვაქვს პროთეზი, ჩვენ უკვე ვეღარ ვარგებთ. სიარულის დროს ხან გაეჭრება კანი და სისხლი მოსდის, ერთი სიტყვით, ძალიან მტკივნეულია. იქ გვითხრეს, ჯერ უნდა გაიაროს საკმაოდ რთული გზა, რომ შეეგუოსო. ბავშვი მომატებულია წონაშიც, თუმცა ძალიან დასუსტებულია მისი ორგანიზმი და ამ ყველაფერს სჭირდება დრო, რომ ძალა მოიკრიბოს, მოძლიერდეს...

- თბილისში კლინიკა ან რეაბილიტაციის ცენტრი დაგჭირდებათ?

- რომ ჩამოვიყვანთ, გვინდა, რომელიმე სარეაბილიტაციო ცენტრში ვატაროთ. ჯერ მთავარია ცოტა მოძლიერდეს მისი ორგანიზმი, ამის მერე იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ გახდეს. ალბათ მერე დიეტაზეც გადავიყვანთ. ცოტა რომ გახდება, მერე უფრო ადვილი იქნება მისთვის სიარული. ჯერ ვერ დადის. გვეგონა გაივლიდა, მაგრამ 5-10, მაქსიმუმ 15 წუთი შეიძლება გაიაროს, ისიც შესვენებებით... იმაზე რთული აღმოჩნდა ეს პროცესი, ვიდრე გვეგონა, მაგრამ ნელ-ნელა უნდა შევაჩვიოთ. ექიმები კმაყოფილები არიან იმით, რა შედეგიც დღეს არის, ბავშვი როცა ნაბიჯს დგამს, პროთეზს გრძნობს და ამბობენ, მთავარი სწორედ ეს არის, რომ პროთეზს გრძნობსო, ასე უნდა მიეჩვიოს. დროთა განმავლობაში კანი ბოლომდე უნდა ჩამოყალიბდეს და სიარულის დროს არ ეტკინოს.

აწიც ბევრი რამ ისევ დათიკოზეა დამოკიდებული. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დათი შეძლებს სრულფასოვან ცხოვრებას.

- დათი ემზადება საქართველოში წამოსასვლელად?

- ერთი სული აქვს, როდის ჩამოვა საქართველოში. ყველა ენატრება და რომ იცის, ძალიან ელოდებიან, დიდი სიყვარულით და დიდი სიხარულით, ეს მისთვის დიდი მოტივაციაა. ამიტომ ერთი სული აქვს ჩამოვიდეს. ძალიან დიდი ძალა და მოტივაციაა მისთვის ხალხის მხარდაჭერა და უდიდესი სიყვარული, რომელსაც სულ ვგრძნობთ. გულშემატკივრების გვერდში დგომას დათიკო ძალიან აფასებს და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დათიკომ იცის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ უნდა გაუცრუოს იმედი. ეს განწყობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ამბობდა, მინდა ჩემი რკინის ფეხით ჩამოვიდეო. მაგრამ, ფაქტობრივად, ჭრილობაზე მოხდა პროთეზის დამაგრება და ეს ვერ შეძლო ჯერ.

ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, მათ მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმუმ 2 კვირაში საქართველოში ვიქნებით. ზუსტ დღეს ჯერ ვერ ვამბობ, რადგან ჯერ ბილეთი არ შეგვიძენია.

2 თებერვალს დათის დაბადების დღეა და ძალიან გვინდოდა ამ დროისთვის საქართველოში ყოფილიყო და ვცდილობთ ამას, ვნახოთ, ჯერ არ ვიცით ზუსტად. რეაბილიტაცია ისევ გრძელდება, დავდივართ კლინიკაში.

ნაწლავი რომ გამოტანილი ჰქონდა ბავშვს, ეს ხელს უშლის და ამიტომ არ კიდებდა ხელს არავინ, ამერიკაშიც კი უარი გვითხრეს. ნაწლავს სანამ არ ჩააბრუნებთ უკან, ისე ვერ გავუკეთებთ ვერაფერსო. საკმაოდ რთულია ნაწლავთან ერთად პროთეზი მოარგო.

- არ შეიძლება პლასტიკური ოპერაცია გაკეთდეს?

- რაც შეეხება პლასტიკას, ამასაც ვფიქრობდით, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებთ, რადგან არ მინდა ბავშვს ისევ ნარკოზი გავუკეთოთ. ამდენი ოპერაცია აქვს გაკეთებული და გვინდა მისი ორგანიზმი ჯერ მოძლიერდეს, იმუნიტეტი უნდა ავიმაღლოთ და მერე გავუკეთოთ. ჯერ არ ვიცი აქ ჩამოყვანის შემდეგ სად მივიყვანთ. იქაური ექიმები გვირჩევენ ტრენერი ავუყვანოთ, მან ავარჯიშოს და მოეხმაროს ბავშვს მორგებაში. რაც შეეხება ნაწლავს, ნაწლავის შებრუნების შანსი არის, მაგრამ გერმანიაში გვითხრეს, რომ ამაზე ჯერ ფიქრი ადრეა, მომავალში ამაზეც უნდა ვიფიქროთ. ძალიან რთულია ნაწლავი გარეთ ჰქონდეს ბავშვს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. მე საქართველოში ჩამოვედი ახლა და მამამისი ჩამოიყვანს დათიკოს. მამა გვერდიდან არ შორდება, ყველაფერს ის უკეთებს და ის ეიმედება.

გაგაგებინებთ დათიკოს ჩამოსვლის დღეს და აეროპორტში ყველანი ერთად რომ დავხვდეთ, ძალიან გაუხარდება.

- ალბათ რეაბილიტაციისთვის ისევ საჭიროა თანხები, როგორც ვიცით, თქვენ ახლაც გაქვთ გარკვეული ვალდებულებები კლინიკასთან...

- მეუხერხულება ამ საკითხზე საუბარი. იმდენჯერ დაგვეხმარა ხალხი და თითოეულ მათგანს უღრმესი მადლობა ამისთვის. ახლაც რაღაც თანხებია გადასაფარი და ჯერ იმიტომაც ვერ მოვდივართ, რომ უნდა გადაიფაროს პროთეზის თანხები.

- რა გეგმები აქვს დათის?

- ერთი სული აქვს როდის მივა სკოლაში... მივალთ, მაგრამ სისტემატურად რამდენად ვივლით, არ ვიცი. როგორც შეძლებს ბავშვი, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

  • დათის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშებზე:

TBC: GE05TB7962745064300024

BOG: GE90BG0000000101545483

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი