ავტორი:

"17 წლის ანგელოზი გოგონა, ვიღაც 19 წლის ბიჭის თავზეხელაღებულ "დრიფტაობას" შეეწირა... ეს ტრაგედია არ გვაკმარეს და სიცრუეს ავრცელებენ" - რას წერენ "ლილო არენასთან" მომხდარ ავარიაზე

"17 წლის ანგელოზი გოგონა, ვიღაც 19 წლის ბიჭის თავზეხელაღებულ "დრიფტაობას" შეეწირა... ეს ტრაგედია არ გვაკმარეს და სიცრუეს ავრცელებენ" - რას წერენ "ლილო არენასთან" მომხდარ ავარიაზე

"ლილო არენასთან" მომხდარ ავარიას 17 წლის მარიამ ბადალაშვილი შეეწირა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, მარიამი თავის სამ მეგობათან ერთად ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ავტომობილი დაეჯახა.

გარდაცვლილი გოგონას ნათესავი სოციალურ ქსელში წერს, რომ მძღოლი, რომელმაც ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა, "დრიფტაობდა" და გავრცელებული ცნობები, რომ თითქოს მარიამი თავად "დრიფტაობდა", სიცრუეა.

"აღარ გვყავს ჩვენი ციმციმა ანგელოზი მარიამ ბადალაშვილი, ეს ლამაზი, 17 წლის ანგელოზი გოგონა ჩემი დეიდაშვილის ბავშვია. იგი გუშინ ლილოში ვიღაც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზეხელაღებულ მანქანით დრაფტაობას შეეწირა. მარიამი და მისი სამი მეგობარი სახლში ბრუნდებოდნენ, ამ დროს გამოვარდა ვიღაც თავზეხელაღებული მძღოლი, დააბზრიალა მანქანა და გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე. ჩვენი მარიამი სასტიკად დალეწა და იგი ადგილზევე გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაში არის ის სამი გოგონაც. სჭირდებათ რთული ოპერაციები. ასე მოგვიკლეს ჩვენი გამორჩეული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე მარიამი, რომელსაც მისი კეთილშობილური ბუნებიდან გამომდინარე ციმციმა ანგელოზს ვეძახდით.

ეს ტრაგედიაც არ გვაკმარეს და ზოგიერთი არაადეკვატური საზოგადოების წევრი, უსირცხვილოდ ავრცელებს სიცრუეს, თითქოს მარიამი თავად დრაფტაობდა. გრცხვენოდეთ!

არა, ბატონებო, მარიამი და მისი მეგობრები ამხანაგის დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად იყვნენ ლილოში და შემდეგ ფესტივალზე შევიდნენ. სწორედ, ფესტივლიდან გამოსულებს გაჩერებაზე დაეჯახა ნაძირალა მძღოლი, და აქვე ვიტყვი იმასაც, რომ არც ერთმა ტელევიზიამ ეს უმძიმესი ტრაგედია არ გააშუქა! ისმის კითხვა, რატომ? იმიტომ, რომ იმ მკვლელი ბიჭის ოჯახი ვინმე დიდი ბობოლაა თუ უბრალოდ ჟურნალისტების ნათესავები არ არიან, ან ვინმე ცნობადი ოჯახის შვილები არ არიან და მათი ტრაგედია ტრაგედიად არ აღიქმება?!

სამაგიეროდ, ტელევიზები სერიულ მკვლელებს ლამის ტელევარსკვლავებად წარმოაჩენენ... გრცხვენოდეთ..." - წერს "ფეისბუქში" მარიამ თოღუზაშვილი.

აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. როგორც უწყებაში AMBEBI.GE -ს განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.