ავტორი:

"ვაგნერის" ყოფილი წევრი, რომელმაც ნორვეგიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, დააკავეს - ის პრიგოჟინის წინააღმდეგ გეგმავს ჩვენების მიცემას

"ვაგნერის" ყოფილი წევრი, რომელმაც ნორვეგიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, დააკავეს - ის პრიგოჟინის წინააღმდეგ გეგმავს ჩვენების მიცემას

რუსეთის დაქირავებული სამხედრო ჯგუფის, "ვაგნერის" ერთ-ერთი დანაყოფის ყოფილი მეთაური, ანდრეი მედვედევი, რომელმაც იანვრის დასაწყისში ნორვეგიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, ნორვეგიულმა პოლიციამ დააკავა.

  • BBC-ის ცნობით, 26 წლის მედვედევი საიმიგრაციო აქტის მიხედვით არის დაკავებული. მისი ადვოკატის, ბრინჯულფ რისნერის თქმით, ის ოსლოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მანამდე კი ე.წ. უსაფრთხო სახლში იმყოფებოდა.

მიიჩნევა, რომ მედვედევი, რომელიც რუსეთის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილიდან ორი კვირის წინ ნორვეგიაში გადავიდა, "ვაგნერის" სამხედრო ჯგუფის პირველი წევრია, რომელმაც ომზე უარი თქვა და დასავლეთს თავშესაფარი სთხოვა.

ადვოკატის განცხადებით, მედვედევის დაკავება იმას ნიშნავს, რომ ის გაძლიერებული უსაფრთხოების ქვეშ იქნება. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ვაგნერის" ყოფილ წევრს ისე ეპყრობიან პატიმრობაში, როგორც მოწმეს.

მედვედევის მტკიცებით, ის შეესწრო უამრავ სამხედრო დანაშაულს, მათ შორის, დეზერტირების სიკვდილით დასჯას "ვაგნერის" ჯგუფის შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ დონბასში.

უფლებადამცველთა რუსული ჯგუფის, Gulagu.net-ის დამფუძნებელი, ვლადიმერ ოსეჩკინი აცხადებს, რომ ყოფილმა მეთაურმა წასვლა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც აცნობეს, რომ მისი კონტრაქტი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდებოდა. მედვედევის განცხადებით, ის მზად არის, ჩვენება მისცეს "ვაგნერის" მმართველი ჯგუფის, მათ შორის მისი დამფუძნებლისა და დამფინანსებლის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნორვეგიის ხელისუფლება მის დეპორტაციას გეგმავდა, თუმცა ადვოკატის მტკიცებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.