ავტორი:

ლომი, მგელი და სხვა მტაცებლები მაღალ მოდაში - Schiaparelli-ს ახალ კოლექციას საზოგადოება აკრიტიკებს: ფოტოები წლის ყველაზე სკანდალური შოუდან

ლომი, მგელი და სხვა მტაცებლები მაღალ მოდაში - Schiaparelli-ს ახალ კოლექციას საზოგადოება აკრიტიკებს: ფოტოები წლის ყველაზე სკანდალური შოუდან

პარიზში მოდის კვირეული მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სხვადასხვა ბრენდები Haute Couture კოლექციებს წარადგენენ. მაღალი მოდის ნიმუშები წარადგინა ცნობილმა ბრენდმა Schiaparelli-მ,

  • ახალი ნამუშევრები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შოკისმომგვრელი და სადავო გახდა. შოკისმომგვრელი იმიტომ, რომ Schiaparelli-ს კრეატიულმა დირექტორმა, დანიელ როზბერიმ რეალური ზომის ცხოველების თავები გამოიყენა ტანსაცმლის დიზაინში,

სადავო კი იმიტომ, რომ ეს ასპექტი ცხოველების უფლებების აქტივისტებს და გარემოსდამცველებს არ მოეწონათ. გარდა ამისა, საზოგადოების ნაწილისთვის ამგვარი სამოსი ესთეტიკური თვალსაზრისითაც მიუღებელი აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, ნამუშევრებში ხელოვნური ბეწვი იყო გამოყენებული. Schiaparelli-ს კრეატიული დირექტორის, დანიელ როზბერის თქმით, მისთვის მუშაობისას შთამაგონებელი დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია" იყო და სწორედ ამიტომ გამოიყენა დიზაინში ცხოველების თემატიკა.

"ცხოველები ოთხი პირდაპირი ინსპირაციიდან ერთ-ერთია, რომელიც დანტეს შემოქმედებიდან ავიღე. დანტეს მოგზაურობის პირველ ციკლში ის საშინელებების წინაშე დგას.

უპირისპირდება ლომს, ლეოპარდს და მგელს. თითოეული მათგანი სხვადასხვა რამის სიმბოლოა", - ამბობს რეზბერი.

შოუს დაწყებამდე ცნობილმა ადამიანებმა წარადგინეს მოდის სახლის სხვადასხვა კოსტიუმი. Doja Cat, სვაროვსკის თვლებით გაფორმებულ, მთლიანად წითელ სამოსში იყო გამოწყობილი.

სავარაუდოდ, ის ეშმაკს წარმოადგენდა. მომღერალს 30 000 სვაროვსკის თვალი უფარავდა სახეს, თავსა და ხელებს. ვიზაჟისტი პატ მაგრატი და მისი გუნდი 5 საათის განმავლობაში მუშაობდა, რომღერალი ასეთ ფორმაში რომ ყოფილიყო.

Schiaparelli-ს შოუს ესწრებოდა კაილი ჯენერიც, კარდაშიანების კლანის ყველაზე ახალგაზრდა და მდიდარი წარმომადგენელი, რომელსაც ხავერდის შავი კაბა ეცვა და უშველებელი რეალისტური შესახედაობის ლომის თავი ჰქონდა მკერდზე დამაგრებული.

როზბერიმ დანტეს პოემით შთაგონებული სამოსის წარსადგენად სუპერმოდელების ტრიო მოიწვია: შალომ ჰარლოუს შავ-თეთრი ლეოპარდის კაბა ეცვა,

ირინა შეიკს კაილი ჯენერის მსგავსი ლომის თავიანი კაბა, ნაომი კემბელს კი გიგანტური ხელოვნური ბეწვის პალტო ეცვა მგლის სახით, რომელიც მის მხარზე იყო მიმაგრებული.

წყარო: vogue

მოამზადა: ანა სიბოშვილმა