ავტორი:

"როცა იგებენ, რომ მიშას შვილი ვარ, მოულოდნელობისგან იბნევიან... თუმცა მამას ძალიან ვგავარ" - მიშა გომიაშვილის ეკონომისტი ქალიშვილი ცნობილ ოჯახზე, პროფესიასა და პირადზე

"როცა იგებენ, რომ მიშას შვილი ვარ, მოულოდნელობისგან იბნევიან... თუმცა მამას ძალიან ვგავარ" - მიშა გომიაშვილის ეკონომისტი ქალიშვილი ცნობილ ოჯახზე, პროფესიასა და პირადზე

მსახიობების ოჯახში დაბადებულმა პროფესიად ეკონომისტობა გადაწყვიტა, რითაც მამა ცოტა გაოცებული დატოვა, მაგრამ მამა, მიშა გომიაშვილი დემოკრატი იყო და მის არჩევანს არ შეწინააღმდეგებია. შემდეგ კინორეჟისურა და დრამატურგიაც ისწავლა. 5 წელი თეატრში სანდრო მრევლიშვილთან, თანაშემწედ იმუშავა. ბატონი სანდროს გარდაცვალების შემდეგ კი თეატრიდან წამოვიდა. ამ ეტაპზე საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიაშია, საქმიანობა საბაჟო დეკლარაციების მიმართულებით უწევს.

ნატალია გომიაშვილი მიშა გომიაშვილის პირველი შვილია და ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია:

- სანდრო მრევლიშვილისა და მისი მეუღლის გარდაცვალებაც როგორი საოცარი ტრაგედია იყო. მეუღლეები რამდენიმე წუთიანი ინტერვალით და ერთ დღეს რომ გარდაიცვალნენ...

- ნამდვილად დიდი ტრაგედია იყო. ბატონი სანდროს მეუღლე ჩემი ნათლია გახლდათ, ფაქტობრივად, ჩემი მეორე დედა... დედამაც (ნინო კვიტატიანი) და მამამაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაგ თეატრში დაიწყეს მუშაობა. ისინი ჯგუფელები იყვნენ, ლილი იოსელიანის სტუდენტები... სანდრო მრევლიშვილის თეატრი ჩემთვის ოჯახივით იყო და ოჯახებითაც ვახლობლობდით.

ამ ეტაპზე თეატრთან აღარ ვთანამშრომლობ, სულ სხვა საქმეს ვაკეთებ, რადიკალურად განსხვავებულს და ჩემი ცხოვრებაც ახლა ასეთია. სამსახურებრივად არ ვარ თეატრთან ახლოს, თორემ თეატრი რომ ჩემი გარემოა და ცხოვრების ნაწილი, ამას რად უნდა ლაპარაკი. ჩემი პირველი სამსახურიც თეატრს უკავშირდება. მეგობრები, ახლობლები, ნათესავები ყველანი ამ სფეროდან არიან. ამ სამყარომ მომცა საოცარი ურთიერთობები, მეგობრობა, გვერდში დგომა, ცხოვრება სხვანაირად დამანახა. მერე ბატონი სანდროს თეატრში ხომ გამორჩეულად ოჯახური, მეგობრული ატმოსფერო იყო.

- სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ მამა დაკარგეთ, გენიალური არტისტი მიშა გომიაშვილი. როგორია მის გარეშე ცხოვრება?

- ამასთან შეგუებული ჯერ არ ვარ, ძალიან ცოტა დრო გავიდა... რთულია, მის გარეშე ცხოვრება და მწარეა. რაც მთავარია, ამის გაცნობიერებაა რთული. იმაზე არ ვფიქრობ, რომ მიშა აღარ არის...

მიშა და ნატალია გომიაშვილები

- თქვენ ბოლო საუბარს ხომ არ გაიხსენებთ?

- ამ ზაფხულს დასასვენებლად რომ ვიყავი, მიშას ვიდეოზარით ველაპარაკებოდით. ერთ-ერთ ჯერზე დამირეკა და ძალიან დიდხანს ვილაპარაკეთ. რატომღაც თავისი ბავშვობის ამბებს, ბავშვობის კურიოზებს მიყვებოდა, მამას იხსენებდა... ძალიან საინტერესო ამბებს ჰყვებოდა და ვცადე, ჩამეწერა. „აიფონი“ მაქვს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ხმას არ იწერს... დამრჩა მხოლოდ გამოსახულება... გული დამწყდა, რა მოხდებოდა, რომ ის ლაპარაკი ჩაეწერა-მეთქი... ...ასევე ზაფხულში ასევე ტრენინგზე ვიყავი და იქ დამირეკა. ვუთხარი - ტრენინგზე ვარ-მეთქი და გავუთიშე. მერე გადავურეკე და ასე მეხუმრა: - რა ამბავია, ამდენი „ტრენიროვკები“, ხომ ხედავ, პეწია მშვენიერაძემ იმდენი „იტრენიროვკა“ რამხელა გახდაო (დიდი აღნაგობის წყალბურთელი იყო. - ლ.ფ.) და მისი ფოტოც გამომიგზავნა და დააყოლა - მამი, პატარა გოგო ხარ, მშვენიერი, ლამაზი, დაანებე ამ „ტრენიროვკებს“ თავიო.

- ბაბუასთან, გენიალურ არტისტთან, არჩილ გომიაშვილთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ბაბუასთან ზაფხულში და ხანდახან საახალწლოდ ჩავდიოდი მოსკოვში... 18 წელია, ის აღარ არის, თუმცა ჩემს მეხსიერებას ასე შემორჩა - ბაბუა, რომელიც სულ მუშაობდა რესტორანში, ან თავის დიდ მაგიდასთან იჯდა, ან დარბაზში, სტუმრებს მასპინძლობდა, ყველას ესაუბრებოდა. პირადი, ოჯახური მოგონებები ნაკლებად მაქვს ბაბუასთან დაკავშირებით, რადგანაც პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა.

- რას ნიშნავს ზოგადად ის, რომ ასეთ ოჯახში დაიბადეთ, ამდენი არტისტის გარემოცვაში გაიზარდეთ?

- ჩვეულებრივი ამბავია, უბრალოდ, ამ ყველაფერს ერთი დამატებითი რამ ახლავს, ხალხს უყვარდა ისინი, მათ ნიჭიერებას აღიარებდნენ. ცოტა ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივიდეს, მაგრამ ამაყი ვარ, რომ ასეთ ოჯახში დავიბადე... სიამაყესთან ერთად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მათი პროფესიონალიზმი, თუ კარგი ადამიანობა წინ გხვდება. ამით ბედნიერი ვარ. ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ მიშას შვილი ვარ, რომ იგებენ, მოულოდნელობისგან იბნევიან. ყოფილა ასეთი შემთხვევა, როდესაც უკითხავთ, მიშა შენი ნათესავი ხომ არ არის? ან ხომ არ იცნობ? მამაა, რომ ვპასუხობდი, იყო სასიამოვნო გაოცება, სიხარული.

არჩილ გომიაშვილი

- მამას ხასიათით გავხართ?

- როგორც ამბობენ, ყველაფრით - ფიზიკურადაც და ხასიათითაც ვგავარ. ისე, რთულია, თვითონ მიამსგავსო მშობელს შენი თავი, მაგრამ თვისებებით, გემოვნებით, ინტერესებით მსგავსება არის...

- პროფესიის არჩევისას მამამ რა რეკომენდაციები მოგცათ?

- არასდროს ერეოდა არც ჩემი და არც ჩემი ძმის გადაწყვეტილებებში. შეიძლება რაღაცაზე გვესაუბრა, რჩევა მოეცა, მაგრამ ისე, რომ ჩარეულიყო ჩვენს საქმეში, ასეთი არ ყოფილა. პატივს სცემდა ჩვენს პირად შეხედულებას, ცხოვრებას, არჩევანს, გადაწყვეტილებას. ...მიშას პანაშვიდზე მისმა მეგობარმა მითხრა, შენზე ასე ამბობდა - მე რომ ვერ შევდივარ, იმ კარში შედისო.

- ანუ ჩემზე ყოჩაღიაო, ხომ?

- ყველა მამას ხომ უნდა, რომ შვილი მასზე მაგარი იყოს... ჩემი და ჩემი ძმის გადაწყვეტილებას ორივეს პატივს სცემდა. მიდი შენ და მე რაც შემიძლია, შენთან ვარ - ამ ამბავში ალბათ არასტანდარტული იყო.

მიშა გომიაშვილი შვილიშვილთან ერთად

- სიფიცხე არ ახასიათებდა?

- ფიცხიც იყო, ხმაურიანიც, გაბრაზდებოდა, მერე გადაუვლიდა და გაიცინებდა, მაგრამ ისე, რომ ჩემთვის ეჩხუბა, ან დავეტუქსე, არც ასეთი ყოფილა. ვმეგობრობდით. მე ჩემსას ვუყვებოდი, ის თავისას ჰყვებოდა. ეკონომიურზე რომ ჩავაბარე, ძალიან დაიბნა,- სად აბარებო? ჰო, ნუ, რა ვიცი, კარგიო. მერე კინოსარეჟისოროზე რომ დავიწყე სწავლა „თეატრალურში,“ მაშინ უნივერსიტეტი თვითონაც ჰქონდა გახსნილი და ჩემთან რატომ არ ჩააბარეო? მამასთან არ შეიძლება სწავლა-მეთქი.

- როგორ აფასებთ მამას, როგორც მსახიობს...

- ძნელია მამაზე ასე საუბარი... გარდა იმისა, რომ მე აღარ მყავს მამა, გვერდში მეგობარი, სულ მაქვს გრძნობა, რამდენი რამის გაკეთება ვერ მოასწრო და კიდევ რამდენი უნდა გაეკეთებინა. ბევრჯერ იტყოდა კიდევ კარგ სიტყვას. პროექტები უნდა დაწყებულიყო, რომელშიც უნდა ჩართულიყო... გულსატკენია, რომ ვერ მოასწრო.

- დედა, ნინო კვიტატიანი, მსახიობია. მასზე რას გვეტყვით?

- სანდროს გარდაცვალების შემდეგ დედაც აღარ არის თეატრში, წამოვიდა და ამ ეტაპზე თეატრში არსად არ არის. თვითონ ასე გადაწყვიტა. არ მგონია, მისი ასე ყოფნა დიდხანს გაგრძელდეს... დედაზეც ფაქტობრივად, იმავეს ვიტყვი. არ ვიცი, ერთმანეთისგან ისწავლეს ეს, თუ ასე დაემთხვა, რომ ორივე ასეთი ადამიანი აღმოჩნდა, დედაც ზუსტად ისეთივეა. არ ერევა შენს საქმეში, მაგრამ მუდმივად შენ გვერდითაა. მშვიდი, თბილი, კარგი დედაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ისაა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში მშობლები მხარს გიჭერენ. ამას ვგრძნობ მთელი ცხოვრება. ისე, ამაზე სულ ვხუმრობ ხოლმე, რაღაცნაირად ჭკუა იხმარეს და პასუხისმგებლობა მე დამაკისრეს-მეთქი. აბა, სხვა რა ჰქვია იმას, როცა ორივე გეუბნება, შენ ხარ ჭკვიანი, გენდობი, ცუდს არ გააკეთებ, მუდმივად ამ დამოკიდებულებით რომ ხარ.

ნინო კვიტატიანი

- მიშა გომიაშვილის ცოლების თემა პრესის და კულუარებში სასაუბრო სულ იყო... თქვენ რა დამოკიდებულება გქონდათ ამაზე?

- მიშა არ იყო მოღალატე. იყო ერთგული, თუ უყვარდა, უყვარდა ბოლომდე, მიმამჩნია, რომ კარგი ქმარი, კარგი მამა და ადამიანი იყო. ტყუილში ცხოვრება არ შეეძლო. თუმცა მის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი თვითონაც დიდად არ უყვარდა...

- ვიცი, რომ გყავთ უმცროსი ძმა, არჩილ გომიაშვილი, რომელიც ძალიან გიყვართ... თქვენ სხვადასხვა დედა გყავთ...

- კი, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი... მისი დედა არის ნანა ღლონტი, სტომატოლოგი, ძალიან კარგი ქალბატონი. არჩილი საინტერესო ბიჭია... თანამედროვე ტექნოლოგიები აინტერესებს, ახლა სწავლობს საიტის აწყობისა და მისი მხარდაჭერის კუთხით.

მიშა გომიაშვილი შვილებთან ერთად

- თქვენი პირადი ოჯახიც გაგვაცანით?

- მყავს მეუღლე ნიკოლოზ რობაქიძე, რომელიც იურისტია და 5 წლის ვაჟიშვილი დადა რობაქიძე, რომელზეც ბაბუა გიჟდებოდა. სხვათა შორის, გიჟდებოდა თავის სიძეზეც, ერთმანეთთან ორივეს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ძალიან მეგობრობდა და უყვარდა ნიკუშა. სულ ამბობდა, რომ რა მაგარი სიძე მყავსო. რაღაც ერთნაირი ინტერესები აღმოაჩნდათ, ერთნაირი მუსიკის სიყვარული, ჩაცმის სტილიც კი... რაღაც პერიოდი ერთად ვიცხოვრეთ და იმ პერიოდში კიდევ უფრო დაახლოვდნენ. საღამოობით ყველანი ერთად ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, მუსიკაზე...

ნატალია გომიაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად

- მამის გარდაცვალების შემდეგ, რას მიხვდით, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა?

- სიყვარულით, ისე, როგორც მიშა ცხოვრობდა. დიდი სიყვარული დატოვა, ახლა უფრო ვგრძნობ და ვხვდები ადამიანების მიმართ რამხელა სიყვარული ჰქონია... იქნება ეს მაღაზიის გამყიდველი, გამვლელი, მაყურებელი და საერთოდ, თუ კი ვინმესთან ჰქონია ურთიერთობა, - მასზე გასაოცარ ამბებს ჰყვებიან. ყველას თავის ისტორია აქვს და ყველას თავის მიშა ჰყავს. ასე რომ, სიყვარულით, სიცილით, პოზიტივით, ღიმილით უნდა ვიცხოვროთ, მეტი არაფერი არ რჩება.

ნახეთ ასევე: