ავტორი:

"იუვენტუსი" და მისი ყოფილი მენეჯმენტი მკაცრად დასაჯეს - რა ელის ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის": პროკურორს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი აეჭვებს

"იუვენტუსი" და მისი ყოფილი მენეჯმენტი მკაცრად დასაჯეს - რა ელის ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის": პროკურორს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი აეჭვებს

20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა, დაჯარიმდეს ტურინის "იუვენტუსი“ ფინანსური მაქინაციების გამო.

ლაპარაკია გუნდისთვის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 15 ქულის ჩამოკლებაზე.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პროკურორი დაჯარიმებას 9 ქულით ითხოვდა, თუმცა საქმის კიდევ ერთხელ გადახედვის შემდეგ, 15 ქულა მოითხოვა. ქულების დაკლების გარდა, იტალიურმა სასამართლომ კლუბის ყოფილი ხელმძღვანელებიც დასაჯა. ექსპრეზიდენტი ანდრეა ანიელი და სპორტული დირექტორი მაურიციო არივაბენე - 2-2 წლით, ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი - 8 თვით, დირექტორი ფაბიო პარატიჩი - 2,5 წლით, ხოლო ფედერიკო კერუბინი 1 წლით ჩამოაშორეს საფეხბურთო საქმიანობას.

  • მოკლედ მოგიყვებით რაში მდგომარეობს პრობლემა:

სინამდვილეში "ბებერ ქალბატონს“ პროკურორი ჯერ კიდევ 2020 წლიდან "ამუშავებდა“. ამ ეტაპზე საქმე მხოლოდ სამოქალაქო სასამართლოში განიხილებოდა, შესაბამისად, გუნდს სერია B-ში არავინ გაგზავნიდა. სპორტულ სასამართლოსთან საქმის გარჩევა კი 2022 წლის გაზაფხულზე დასრულდა. იმჟამად გუნდი სრულად გაამართლეს.

"იუვენტუსს“ ოთხი მუხლით ედავებოდნენ:

ტურინის "იუვენტუსს" საბუღალტრო აღრიცხვის გაყალბებას ედავებიან. ბრალდების თანახმად, "იუვე“ ბოროტად იყენებდა ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვის პროცესს (ფეხბურთელის გაყიდვიდან მოგება ანგარიშში დაუყონებლივ და მთლიანად აისახება, ხოლო ფეხბურთელის შეძენისას გასავალი მთელი კონტრაქტის განმავლობაში გრძელდება) და არარსებულ მოგებას აგენერირებდა. გუნდი ჯანსაღი აქტივის ილუზიას ქმნიდა, სანამ "იუვენტუსის" აწ უკვე გადამდგარი პრეზიდენტი ანდრეა ანიელი რეალურ ფულს საბაზრო მექანიზმებში აბანდებდა...

ანდრეა ანიელი

კაპიტალის ზრდა გუნდს დაეხმარა პანდემიური კრიზისის გადატანაში და ასევე, ბალანსის გათანაბრებაში, როდესაც რონალდოს ასტრონომიულ ხელფასს უხდიდა. კლუბი იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე გამოიმუშავებდა, თუმცა ისე იქცეოდა და ანგარიშებს ისე ასახავდა, თითქოს პირიქით იყო.

თვალსაჩინოებისთვის, 2020 წელს "იუვენტუსმა“ "ბარსელონას" პიანიჩი არტუროში "გაუცვალა“.

პიანიჩში კატალონიელებმა 60 მილიონი ევრო გადაიხადეს. შესაბამისად, ბიუჯეტში აისახა + 60 მილიონი. "ბარსადან“ ტურინელებმა არტურო იყიდეს 76 მილიონ ევროდ. გამოდის, რომ რეალურად "იუვენტუსმა“ 16 მილიონი ევროთი მეტი გადაიხადა. გარიგება მინუსში წავიდა.

თუმცა...

იტალიელებმა 15.2 მილიონი გადაუხადეს ესპანელებს ანუ ფასის 1/5 დანარჩენ ნაწილს კი 4 წლის განმავლობაში გადაუხდიან.

გამოდის, რომ რეალურად ტურინელების ბიუჯეტი იმ კონკრეტული მომენტისთვის 16 მილიონით კი არ დაზარალდა, არამედ 44.8 მილიონით შეივსო.

სინამდვილეში, მართებული იქნებოდა პიანიჩი უბრალოდ გაეცვალათ არტუროში და 16 მილიონი ევრო დაემატებინათ.

ამას ემატება კიდევ ერთი პუნქტი, რომელსაც "ბებერ ქალბატონს“ აბრალებენ. პანდემიის დროს კლუბმა ხელფასები არ გასცა - თუმცა გამოძიებული ხარჯების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ხელფასების თანხა გასავალშია. როგორც ირკვევა, "იუვენტუსის" რამდენიმე მოთამაშემ უარი თქვა არა ოთხი თვის ხელფასზე, არამედ მხოლოდ ერთი თვის ანაზღაურებაზე. კლუბმა თავი იმართლა იმით, რომ თითქოს ფეხბურთელებმა ფული მიიღეს, თუმცა ეს სალაროს მიღმა მოხდა. ფეხბურთელებთან ერთად, რომლებმაც არალეგალური კონტრაქტები გააფორმეს, დისკვალიფიკაციის საფრთხე მათ აგენტებსაც ემუქრებათ.

2022 წლის ოქტომბერში პროკურატურამ ანიელის დაპატიმრება, ხოლო მისი ქონების ყადაღა მოითხოვა, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შემდეგ მოსამართლეზე ისევ გაძლიერდა ზეწოლა, მაგრამ კვლავ წარუმატებლად: მან ჩათვალა, რომ კაპიტალის ზრდა ფეხბურთში გავრცელებული პრაქტიკაა, ხოლო პანდემიას შემარბილებელი გარემოება უწოდა.

საბოლოოდ ნოემბრის ბოლოს "იუვენტუსის" მენეჯმენტი გადადგა. თანამდებობები დატოვეს პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ და მისმა მოადგილემ, პაველ ნედვედმა.

როგორც ირკვევა, "იუვენტუსს“ აპელაციის უფლება აქვს.

კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც, შესაძლოა "იუვეს“ ბედი გაიზიაროს - ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლია“. პროკურორმა ჯუზეპე ჩინემ "ნაპოლისაც“ დაადგა თვალი. ის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერს გამოიძიებს, რომელიც იტალიაში ფრანგული "ლილიდან“ გადავიდა.

მას აქვს ეჭვი, რომ ნიგერიელის გადასვლა 52 მილიონი ევრო დაჯდა, თან გარიგებაში თანხას "ნაპოლის“ სამი ფეხბურთელიც დაემატა. სამართალდამცველი ეჭვობს, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში ფასი აწეულია. პროკურორი ოსიმენის ტრანსფერში დარღვევის მტკიცებულებებს შემდეგ 6 თვეში გამოიძიებს.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლი“ სერია A-ს 50 ქულით ლიდერობს, ის მეორეადგილოსან "მილანს“ 12 ქულით უსწრებს. "იუვენტუსი" კი ქულების ჩამოკლების შედეგად სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზე ჩამოქვეითდა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე