ავტორი:

"იმედი გვაქვს, აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო ტრანსპორტირება ამოქმედდება" - სოჭის ნავსადგურის დირექტორი ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"იმედი გვაქვს, აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო ტრანსპორტირება ამოქმედდება" - სოჭის ნავსადგურის დირექტორი ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავ ზღვაზე საქართველოსა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე. ამის შესახებ TASS-ს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა.

"იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო ტრანსპორტირება ამოქმედდება. ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. განზრახული გვაქვს, ტრანსპორტირების დაწყება ამ ზაფხულიდან“ , - განაცხადა ვლადიმიროვმა.

მისი განმარტებით, სოჭიდან საქართველოში ტრანსპორტირება, წინასწარი მონაცემებით, ბათუმში განხორციელდება.

"ძალიან დიდი მოთხოვნაა საზღვაო სამგზავრო გადაზიდვის ახალი მარშრუტების გახსნაზე. ვეცდებით, ჩვენი ტურისტების მოთხოვნები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ, განვვითარდეთ ამ მიმართულებით“, - დასძინა ვლადიმეროვმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ რუსულ მხარეს საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს და უცნობია, რა მოლაპარაკებებზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია.

"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს.

ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია”,- ნათქამია განცხადებაში.