ავტორი:

რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა იგეგმება? - რას ამბობენ კრემლში და რატომ გეგმავს დუმა საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს?

რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა იგეგმება? - რას ამბობენ კრემლში და რატომ გეგმავს დუმა საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს?

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება 200 000 ადამიანის მობილიზაციის შესახებ ახალ ტალღას გამოაცხადებს. ინფორმაციას კრემლი არ ადასტურებს. უფრო მეტიც, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასანდო უწოდა.

შეგახსენებთ, CNN-მა 24 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მობილიზაციის მორიგ ტალღას დააანონსებს. ამის შესახებ ტელეკომპანიას ამერიკელმა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა დაზვერვის მონაცემების მიხედვით განუცხადეს.

დასავლური დაზვერვის მაღალჩინოსანმა CNN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ პუტინს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ, რადგან "ის შეშფოთებულია საზოგადოების განწყობებითა და უარყოფითი ეკონომიკური შედეგებით".

ა.წ. იანვრის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა მზადდებოდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვა ამტკიცებდა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, კიდევ 500 000 ადამიანის მობილიზებას გეგმავდა. მობილიზაციის დაწყების სავარაუდო თარიღად კი 15 იანვარს ასახელებდნენ. უკრაინულმა მხარემ მაშინ არ დააკონკრეტა საიდან ჰქონდათ ინფორმაცია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის 2022 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანება მობილიზაციის შესახებ, კვლავ მოქმედია. ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მობილიზაცია დასრულდა, თუმცა ვლადიმერ პუტინმა ამის შესახებ ცალკე განკარგულებას ხელი არ მოაწერა. კრემლში განმარტეს, რომ მობილიზაციის შესახებ ბრძანება ძალაში რჩება, რადგან ჯარში გაწვევის გარდა, დოკუმენტი "სხვა ზომებსაც მოიცავს“.

რუსულ "ტელეგრამარხებზე" არ წყდება მითქმა-მოთქმა მოსალოდნელი მობილიზაციის თაობაზე. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონში შესატანი ცვლილებები მოამზადა, რომლებიც რუსეთის საზღვრის მანქანით გადაკვეთისას თარიღისა და დროის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო წინადადება ტრანსპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა ევგენი მოსკვიჩოვმა წარადგინა.

"რუსეთში საავტომობილო გზებისა და საგზაო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები გავრცელდება როგორც რუსეთის მოქალაქეების, ისე უცხოელების კუთვნილ ავტომანქანებზე. ამის შესახებ სააგენტო "ტასსი" იტყობინება. კანონპროექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა სახელმწიფო სათათბიროს მონაცემთა ბაზაში.

საზღვრის კვეთის ეს პროცედურა, სავარაუდოდ, 1-ლი მარტიდან ერთი წლის ვადით ამოქმედდება.

მძღოლები თარიღისა და დროის დაჯავშნას შეძლებენ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ელექტრონული სატრანსპორტო დოკუმენტების სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის პლატფორმის მეშვეობით. (შეგიძლიათ ამ თემაზე უფრო ვრცლად წაიკითხოთ bpn.ge-ზე)

შეგახსენებთ, 2022 წლის სექტემბერში, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. სახმელეთო საზღვრებზე მრავალკილომეტრიანი რიგი გაჩნდა. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მისი სიგრძე 20 კილომეტრზე მეტს აღწევდა. საზღვრის კვეთის მსურველებს რიგში ორი დღის განმავლობაში უწევდათ დგომა. 21 სექტემბრის შემდეგ პირველ სამ დღეში მხოლოდ საქართველოს საზღვარი სულ ცოტა 5 000 -მა ავტომობილმა გადმოკვეთა.