ავტორი:

სომეხი მილიარდერი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - რას ამბობს რუბენ ვარდანიანი ივანიშვილზე, რუსეთიდან წასვლასა და ქველმოქმედებაზე?

სომეხი მილიარდერი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - რას ამბობს რუბენ ვარდანიანი ივანიშვილზე, რუსეთიდან წასვლასა და ქველმოქმედებაზე?

მილიარდერი რუბენ ვარდანიანი საინვესტიციო კომპანია "ვარდანიანი, ბროიტმანი და პარტნიორების“ ყოფილი მფლობელია. ის ასევე სკოლკოვოს ბიზნეს სკოლის დამფუძნებელი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოქმედი პრემიერი გახლავთ. ვარდანიანმა Meduza-სთან ინტერვიუში, რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმაზე, ომის დროს დაწესებულ სანქციებზე და საკუთარ ქონებაზე ისაუბრა.

  • რუბენ ვარდანიანს სომეხ ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ, თუმცა მას ეს შედარება არ სიამოვნებს. ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობს და პატივს სცემს.

"კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან მადლობელი ვარ მისი. სოფლებში სომხური ეკლესიის აღდგენის ერთ-ერთი შემომწირველი იყო. დიახ, მე მას პირადად კარგად ვიცნობ და პატივს ვცემ...“ - ივანიშვილზე ვარდანიანმა 2021 წელს, Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

Meduza-სთან ინტერვიუს ძირითადი ნაწილი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სატრანსპორტო ბლოკადას დაეთმო. 12 დეკემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაკეტა ლაჩინის დერეფანი - ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს თვითგამოცხადებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას სომხეთთან, ანუ გარე სამყაროსთან. ვარდანიანის თქმით, ამის გამო ყარაბაღში საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი შეიქმნა ათეულობით მძიმედ დაავადებული პაციენტისთვის, რომელთა გადაყვანაც სამშვიდობოებმა საჰაერო გზით ვერ შეძლეს (აზერბაიჯანმა ფრენები აკრძალა). 21 იანვარს აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალი გაზსადენიც გადაკეტა, რის შედეგადაც გაზის მიწოდება შეწყდა.

  • უარი რუსეთის მოქალაქეობაზე

"თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ინდივიდუალური ისტორია. ჩემთვის ყველაფერი ჯერ კიდევ 2020 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო (ყარაბაღის მეორე ომის დასაწყისი. - რედ.) - ეს გაცილებით ადრეა, ვიდრე "სპეციალური ოპერაცია". მაშინ ჩემს განცხადებას 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. გამოსვლისას შავი პერანგი მეცვა და ვამბობდი, რომ მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტა ნებისმიერ ფასად იყო საჭირო. მივმართე აზერბაიჯანელ, ქართველ, სომხურ და რუს ელიტას და პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მე ჩემი პოზიცია 2022 წლის 24 თებერვალზე ბევრად ადრე დავაფიქსირე.

ჩემთვის წითელი ხაზი ჯერ კიდევ 2020 წელს არცახმა (ყარაბაღის სომხური სახელი - რედ.) გაავლო.

მანამდე არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე საჯარო თანამდებობას დავიკავებდი, გადავიდოდი პოლიტიკურ საქმიანობაში. მაგრამ ეს იყო შეგნებული გადაწყვეტილება, 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ (როდესაც დასრულდა ყარაბაღის მეორე ომი, რომელიც სომხეთმა წააგო. - რედ.), ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. ეს დამარცხება არის უზარმაზარი ჭრილობა, რომელსაც სხეულით ვატარებ.

ახლახან მივხვდი, რომ ნაკლები შანსია გარედან არცახს დავეხმარო. მე აქ ვარ და ჩემს ხალხზე პასუხისმგებლობას ვიღებ პათოსის და გმირობის გარეშე", - აცხადებს მილიარდერი.

რუბენ ვარდანიანი 2022 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულების შედეგად, რუსეთის მოქალაქე აღარ არის, რის მერეც მთიან ყარაბაღში გადასახლდა და არაღიარებული რესპუბლიკის პრემიერი გახდა.

  • ქველმოქმედების შესახებ

"2008 წელს მე და ჩემმა მეუღლემ ვთქვით, რომ მთელ ჩვენს მემკვიდრეობას ქველმოქმედებაში დავხარჯავდით. მეტიც, 2012 წელს გავყიდე ბიზნესი, ახლა არ მაქვს მოქმედი ბიზნესი. ჩემს მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია Aurora- სთვის და ყველა სხვა პროექტისთვის გადაცემული თანხა ასობით მილიონი დოლარია. და ეს ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე უკრაინაში რაიმე მოვლენა დაიწყებოდა. ჯერ არც სანქციები ყოფილა და არც არაფერი.

დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ მცირე რეზერვები საკმარისი იქნებოდა ჩემთვის, ჩემი ცოლისა და ჩვენი შვილებისთვის, რათა გაგვეგრძელებინა ცხოვრება ისე, როგორც ვცხოვრობთ: თვითმფრინავებისა და იახტების გარეშე.

Financial Times-ს უკვე ვუთხარი, სანქციებს რომ გავქცეოდი, ურუგვაიში წავიდოდი: კარგი ამინდია, კარგი ხორცია, ხილი, სომხებს ძალიან კარგად ეპყრობიან და კლიმატი მშვენიერია. მე მშვიდად ვიცხოვრებდი ფერმაში... და მერე, ხომ იცით, ძალიან უცნაურია სანქციებისგან გაქცევა ისეთ ადგილას, სადაც შეიძლება მოგკლან მხოლოდ იმიტომ, რომ სომეხი ხარ.

შეხედეთ, ჩვენ გარშემორტყმული ვართ ათი მილიონი აზერბაიჯანელით, პლუს კიდევ 80 მილიონი ცხოვრობს მის მოკავშირე თურქეთში. 120 ათასი ვართ აქ, არცახში. ჩვენს გვერდით კი ორი ათასი რუსი ჯარისკაცია. და გინდა, რომ მათ ქვა ვესროლო? ეს სიგიჟეა თვითგადარჩენის ინსტინქტის თვალსაზრისით!

მირჩევნია, რომ აქ 20 ათასი რუსი ჯარისკაცი იყოს, იმიტომ, რომ არცახის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის კონტაქტის ხაზი 540 კილომეტრია. რთული ამოცანაა ნებისმიერი სამშვიდობოსთვის.

ვისურვებდი, რომ არა მარტო რუსეთი, არამედ ინგლისიც და საფრანგეთიც მკაცრად მოიქცნენ! რატომ იწვევენ ალიევს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მაგალითად, იგივე დავოსში? მან 120 000 ადამიანი ბლოკადაში მოაქცია, დავოსში კი ხელი ჩამოართვეს. ამ თვალსაზრისით, მე მაქვს ბევრი კითხვა, ბევრი კითხვა მრავალი ქვეყნის მიმართ.

საჭიროა სანქციები არა აზერბაიჯანის სახელმწიფოს, არამედ პირადად იმ ადამიანების მიმართ, ვინც იქ ღებულობს გადაწყვეტილებებს. იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა შვილებიც ინგლისში ან საფრანგეთში სწავლობენ. მათ წინააღმდეგ, ვინც თავს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად მიიჩნევს...

იხილეთ ასევე: