ავტორი:

რატომ ამტკიცებენ დაზარალებულები, რომ ძმები კაკულიები უდანაშაულოები არიან და რა საიდუმლო იმალება კაკულიების სახლში ნაპოვნი, ექსპრემიერ ზურა ჟვანიაზე რეგისტრირებული იარაღის უკან?

რატომ ამტკიცებენ დაზარალებულები, რომ ძმები კაკულიები უდანაშაულოები არიან და რა საიდუმლო იმალება კაკულიების სახლში ნაპოვნი, ექსპრემიერ ზურა ჟვანიაზე რეგისტრირებული იარაღის უკან?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების სასმართლო პროცესი არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილისდა ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე მიმდინარეობს, რა დროსაც გიორგი კაჭკაჭაშვილიც დაშავდა. ბრალდება ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავება. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთანავე, ცნობილია, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან მათ შესაძლო კავშირზეც მიმდინარეობს მოკვლევა.

გუშინ, სასამართლო პროცესზე გამოიკითხა თავად დაზარალებული სერგო ქურთიაშვილი.

ყველასთვის მოულოდნელად, პროკურატურის მტკიცების საპირიპიროდ, დაზარალებულმა კატეგორიულად უარყო კაკულიების მონაწილეობა მასზე თავდასხმაში, მსგავსი ჩვენება მისცა კაჭკაჭიშვილმაც.

"იმ დღეს, შავებში ჩაცმულმა პიროვნებამ დაიწყო სროლა, მეორე კი, ჩემკენ იშვერდა ხელს. შავებში ჩაცმული პიროვნება ფეხებში მესროდა. მერე მე შევტრიალდი და მანქანის მიმართულებით გადავხტი, იმის მერე არაფერი მინახავს. რაც შეეხება გიორგი კაჭკაჭიშვილს, ის მანქანაში იჯდა და არ გადმოსულა.

ბრალდებულებს [ძმებ კაკულიებს] ბავშვებიდან ვიცნობ და ისინი რომ ყოფილიყვნენ, იქვე აღვიქვამდი. დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ესენი არ არიან. დადასტურბულად შემიძლია ვთქვა, ბატონო მოსამართლევ, რომ ესენი არცერთი არ იყვნენ”, - თქვა სერგი ქურთიაშვილმა და დასძინა, რომ მას პრეტენზიებიც არ აქვს.

რაც შეეხება გიორგი კაჭკაჭიშვილს, მან სასამართლოს ასეთი ჩვენება მისცა:

"დავინახე, როგორ ესროლეს სერგის ფეხებში. დავინახე მათი სახის ჭრილი, წარბები, თვალი, ტუჩი და ზუსტად ვიცი, რომ ეს პიროვნებები არ იყვნენ. დავინახე, რომ იარაღი ეჭირა შავმაისურიანს. ხოლო ნარინჯისფერი ვისაც ეცვა, მას არ ეჭირა. ჩაფხუტები ეხურათ, მაგრამ ისე ეხურათ, რომ სახის ნახვა შეიძლებოდა. ეს ორი პიროვნება ის ორი პიროვნება არ არის", - განაცხადა გიორგი კაჭკაჭიშვილმა.

  • კაკულიების ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ჩვენებები საქმეს თავდაყირა აყენებს.

"დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო დაეყრდნობა ობიექტური, ნეიტრალური მოწმეების ჩვენებას და მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ამ მოწმეების ჩვენებები და საქმეში მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს წარმოშობილი საკითხი აბსოლუტურად თავდაყირა დააყენებს ბრალდების მხარის ვერსიას. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი იარაღი, რომელიც სამართალდამცველებმა ძმები კაკულიების დაკავების დროს ამოიღეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული. იარაღი კი, ჟვანიას მეუღლის მტკიცებით, მათი სახლიდან წლების წინ დაიკარგა. ადვოკატმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ამ ნაწილში დაიკითხა თუ არა ჟვანიას შვილი, ბესარიონ ჟვანია.

"ბუსა ჟვანიას და დანარჩენი მოწმეების გამოკითხვა გამოძიების ინტერესში უნდა შესულიყო და თავად გამოძიებამ არ გამოჰკითხა. რაც შეეხება აღნიშნულ იარაღს, მას შემხებლობა არ აქვს სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილის ნაწილში. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია გავაჟღერეთ, რომ ეს იარაღი ჩადებული იყო კონკრეტული პირების მიერ", - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ბრალდებს მხარის მტკიცებით, დაზარალებულთა ჩვენებები არაფერს ცვლის, რადგან საქმეში უფრო ნეიტრალური და სარწმუნო მტკიცებულებები არსებობს, რაც კაკულიების დანაშაულს ამტკიცებს. პროკურორის თქმით, ეს მტკიცებულებებია ვიდეო ჩანაწერი და ჰაბიტოსკოპიური დასკვნა.

“ბრალდების მხარეს საქმეში იმდენად მყარი მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი, რომ თუნდაც დაზარალებულების მეშვეობით სასამართლო გარკვეულ შეცდომაში შეიყვანონ და ბრალდებულები პასუხისმგებლობას აარიდონ, ეს მცდელობა გამართლებული ვერ იქნება. საქმეში წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური მტკიცებულება და ეს არის ვიდეოჩანაწერები. მასში ნათლად ასახულია ბრალდებულთა აღნაგობა, ჩაცმულობა, იარაღებიც, პისტოლეტები, რომ გასროლა ნამდვილად ხორციელდება ორი სხვადასხვა იარაღით და გასროლას ორი სხვადასხვა პირი ახორციელებს. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე ორი სხვადასხვა იარაღიდან იყო გასროლა”, - განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.

რაც შეეხება თავად ბრალდებულების პოზიციას არაყიშვილის ქუჩის ინცინდენტის თაობაზე, ისინი აღნიშნულ საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ და პლიციას "იარაღის ჩადებაში" სდებენ ბრალს.

"არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული - პოლიციელებისგან დავინახე უკანონო ქმედება, იარაღები შემოიტანეს და ჩაგვიდეს", - თქვა დავით კაკულიამ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

ასევე იხილეთ: