ავტორი:

"უშიშარი და გამბედავი ქალი", რომელიც პუტინის მოედანზე, ფაქტობრივად, ბრძოლისთვის გაუშვეს - ვინ არის რუსეთში აშშ - ის ახალი ელჩი და ამერიკის ხმა კრემლის კედლებში?

"უშიშარი და გამბედავი ქალი", რომელიც პუტინის მოედანზე, ფაქტობრივად, ბრძოლისთვის გაუშვეს - ვინ არის რუსეთში აშშ - ის ახალი ელჩი და ამერიკის ხმა კრემლის კედლებში?

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ლინ ტრეისი მოსკოვში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

  • "ელჩო ტრეის, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში“, - აღნიშნულია საელჩოს "ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა და რუსეთში აშშ-ის ახალმა ელჩმა, ლინ ტრეისიმ 24 იანვარს ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს.

იმავე დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლინ ტრეისთან გაგრძელდება მოლაპარაკებები, რომლის მიზანია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების პრობლემურ ასპექტების ნორმალიზება.

  • ვინ არის ლინ ემ ტრეისი?

59 წლის ლინ ტრეისი აშშ-ის სენატმა რუსეთში ელჩად 2022 წლის 21 დეკემბერს დაამტკიცა. ნოემბრის ბოლოს მან სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა, რომ იზიარებს ვაშინგტონის პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მხარს უჭერს ანტირუსულ სანქციებს.

ის ელჩად აშშ-სა და რუსეთს შორის უკიდურესად გართულებული ურთიერთობის ფონზე დაინიშნა. "ამერიკელებმა ის პუტინის მოედანზე გაუშვეს იმისთვის, რომ წინ აღუდგეს რუსეთის დიქტატორს", - წერს მედია.

"ის არის დიპლომატი, რომელსაც აქვს ლიდერობის და საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, აქვს გამბედაობა, შეასრულოს თავისი მოვალეობები მტრულად განწყობილი ხელისუფლების პირობებში და წარმოადგინოს ამერიკა კრემლის კედლებში.

და მას აქვს გამოცდილება, წარმართოს მისია ერთ-ერთ ყველაზე რთულ ადგილას, სადაც დღეს ჩვენი დიპლომატები მუშაობენ“, - ამბობს სენატში დემოკრატების წარმომადგენელი ბობ მენენდესი.

ლინ ტრეისი 2019 წლიდან სომხეთში აშშ-ის ელჩად მუშაობდა.

2001 წლიდან 2002 წლამდე იყო უფროსი მრჩეველი რუსეთის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში, რის შემდეგეც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გადავიდა პოლიტიკური ოფიცრის თანამდებობაზე.

ტრეისს უმუშავია დიპლომატიურ მისიებში თურქმენეთში, ყაზახეთსა და პაკისტანში.

  • 2008 წლის აგვისტოში, პაკისტანში, მანქანას, რომლითაც ის მგზავრობდა, თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მანქანაში მყოფთაგან არავინ დაშავებულა. ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის მაშინდელმა მდივანმა ჰილარი კლინტონმა ტრეისი გმირობისთვის დააჯილდოვა, რადგან ის თავდასხმის დღესვე დაუბრუნდა სამუშაოს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, ბოლომდე შეასრულა მისია.

ტრეისი თავისუფლად საუბრობს რუსულ ენაზე. ჯორჯიის უნივერსიტეტში საბჭოთა კავშირის საკითხს სწავლობდა, ასევე სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე.

"მადლიერი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ და დამნიშნეთ ელჩად აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უპრეცედენტო დაძაბულობის პერიოდში, რაც გამოწვეულია უკრაინაში რუსეთის ომით. აშშ რჩება უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად“, - თქვა ელჩად დანიშვნის შემდეგ ტრეისიმ.

მისივე თქმით, მისთვის პრიორიტეტებია რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქეების საკითხი, ასევე რუსეთის მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც პუტინის რეპრესიული რეჟიმის პირობებში უწევთ ცხოვრება.

"მე მოვახერხებ შევასრულებინო რუსეთს თავისი ვალდებულებები, მათ შორის ვალდებულებები, რომლებიც შეეხება დროულ და თანმიმდევრულ საკონსულო ხელმისაწვდომობას და ჩვენი დაკავებული მოქალაქეების სამართლიან მოპყრობას“, - ამბობს ელჩი.

მან ასევე პირობა დადო, რომ ექნება კომუნიკაცია რუს ხალხთან, საზოგადოების ყველა ფენასთან, რათა ხელი შეუწყოს უფრო მეტ გაგებას ამერიკელებსა და რუსებს შორის, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები დასტაბილურდეს.